ბ-3024-27 (ა-09) 8 თებერვალი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების ავტორი (მოსარჩელე) _ სპს “...”
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მესამე პირი _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
მესამე პირი _ შპს “...”
გასაჩივრებული განჩინება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 მაისის ¹ბს-1106-1062 (კ-09) განჩინებით სპს “...” საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩა დაუშვებლობის მოტივით.
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სპს “...” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის მოთხოვნებს. საქმის მასალებიდან, კერძოდ, გზავნილების ჩაბარების შესახებ საფოსტო შეტყობინებიდან (შპს “...”) ირკვეოდა, რომ სპს “...” წარმომადგენელს _ რ. ფ-ძეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 მაისის განჩინების ასლის შემცველი გზავნილი ჩაბარდა 2009 წლის 8 ივნისს (ს.ფ. 311), რაც დასტურდებოდა ამავე ბარათზე მითითებული თარიღითა და რ. ფ-ძის ხელმოწერით. სპს “...” აღნიშნულ განჩინებაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საკასაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით შეიტანა 2009 წლის 9 ივლისს (ს.ფ. 325), ესე იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ერთთვიანი ვადის გადაცილებით, რადგან ხსენებული განჩინების გასაჩივრების ვადა მისთვის ამოიწურა 2009 წლის 8 ივლისს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სპს “...” დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, აღნიშნული ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა იყო 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლებოდა და იგი იწყებოდა მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ იყო შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა. ამდენად, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სპს “...” საკასაციო საჩივარი არ იყო შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში.
2009 წლის 1 დეკემბერს სპს “...” განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის ¹ბს-1106-1062 (კ-09) განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
განმცხადებლის განმარტებით, საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ რ. ფ-ძეს, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელს გაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 14 მაისისა და 21 მაისის სასამართლო სხდომის ოქმები. საქმის ფურცელი 311-ზე არსებული დოკუმენტით დასტურდება ის ფაქტი, რომ რ. ფ-ძეს ჩაბარდა არა ქუთაისის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 21 მაისის განჩინება, არამედ 2009 წლის 14 მაისისა და 21 მაისის სხდომის ოქმების ასლები. რაც შეეხება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 21 მაისის განჩინებას, იგი საქმეში არსებული მიმართვის თანახმად, გაეგზავნა უშუალოდ მხარეს _ სპს “...”, რაც ჩაბარდა 2009 წლის 23 ივნისს. რაც შეეხება საკასაციო საჩივარს, იგი წარდგენილი იქნა 2009 წლის 9 ივლისს, რითაც მათი მხრიდან დაცულია სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 იანვრის განჩინებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის ¹ბს-1106-1062 (კ-09) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე სპს “...” განცხადება მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის ¹ბს-1106-1062 (კ-09) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე სპს “..” განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, როგორც სპს “...” მიერ წარმოდგენილი განცხადებიდან და საქმის მასალებით ირკვევა, სპს “...” წარმომადგენელს _ რ. ფ-ძეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2009 წლის 1 ივნისის მიმართვით გაეგზავნა ამავე სასამართლოს 2009 წლის 14 მაისისა და 21 მაისის სასამართლო სხდომის ოქმები (ტ. I, ა.ფ. 306). აღნიშნული გზავნილი გზავნილების ჩაბარების შესახებ საფოსტო შეტყობინების თანახმად რ. ფ-ძეს ფოსტის მეშვეობით ჩაბარდა 2009 წლის 08 ივნისს (ტ. I, ს.ფ. 311). ასევე სპს “...ს” სააპელაციო სასამართლოს მიერ 2009 წელს ამავე სასამართლოს 2009 წლის 21 მაისის განჩინების ასლი (ტ. I, ს.ფ. 308). გზავნილების ჩაბარების შესახებ საფოსტო შეტყობინების თანახმად, სპს “...” სასამართლო გზავნილი ჩაბარდა 2009 წლის 23 ივნისს (ტ. I, ს.ფ. 312). საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მხარის მიერ გაგზავნილ იქნა 2009 წლის 9 ივლისს ფოსტის მეშვეობით, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ჩაბარდა 2009 წლის 13 ივლისს (ტ. I, ს.ფ. 316-325).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სპს “...” არ დაურღვევია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, ვინაიდან მან დროულად ჩააბარა საკასაციო საჩივარი ფოსტას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი ფოსტას ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის ¹ბს-1106-1062 (კ-09) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე სპს “...” განცხადება საფუძვლიანია, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და განახლდეს მოცემული საქმის წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე და 430-ე მუხლების მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის ¹ბს-1106-1062 (კ-09) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე სპს “...” განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის ¹ბს-1106-1062 (კ-09) განჩინება და განახლდეს მოცემული საქმის წარმოება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.