ბ-411-5(ა-10) 28 აპრილი, 2010 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა შპს ,,...” დირექტორის – თ. მ-ელის გამცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართელოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 16 ივლისს შპს ,,...” დირექტორმა – თ. მ-ელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმე ,,...” დირექტორის – თ. მ-ელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,...” დირექტორმა – თ. მ-ელმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 აგვისტოს განჩინებით შპს ,,...” დირექტორის – თ. მ-ელის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე სახელმწიფო ბაჟის (150 ლარის) გადაუხდელობის გამო და აპელანტს მიეცა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად.
2009 წლის 1 სექტემბერს შპს “...’’ დირექტორმა – თ. მ-ელმა განცხადებით მიმართა თბილისის საპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადავადება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 სექტემბრის განჩინებით შპს ,,...” დირექტორს – თ. მ-ელს უარი ეთქვა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე და გაუგრძელდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 აგვისტოს განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა კიდევ 4 დღით.
შპს ,,...” დირექტორმა – თ. მ-ელმა კვლავ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადავადება იმ მოტივით, რომ აღძრულია ოთხი საქმე მისი ფირმის გაქურდვის ფაქტთან და ფირმა განიცდის მძიმე ეკონომიურ კრიზის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ნოემბრის განჩინებით შპს ,,...” დირექტორის – თ. მ-ელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,...” დირექტორმა – თ. მ-ელმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.
საქართელოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 დეკემბრის განჩინებით შპს ,,...” დირექტორის – თ. მ-ელის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად კერძო საჩივრის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის გადაცილების გამო.
2010 წლის 5 მარტს შპს ,,...” დირექტორმა თ. მ-ელმა განცხადებით მომართა საქართველოა უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 დეკემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და შპს ,,...” დირექტორის თ. მ-ელის განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,...” დირექტორის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 დეკემბრის ¹ბს-1610-1538(კს-09) განჩინების, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ნოემბრის განჩინება ჩაჰბარდა 2009 წლის 23 ნოემბერს. საქმეში, ს.ფ. 146-ზე, წარმოდგენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ნოემბრის განჩინების გაგზავნის რეესტრი, საიდანაც ირკვევა, რომ შპს ,,...” დირექტორს მითითებული განჩინება გაეგზავნა 2009 წლის 11 ნოემბერს, ხოლო საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურიდან (ს.ფ. 147) დგინდება, რომ შპს ,,...” დირექტორმა ზემოაღნიშნული განჩინება ჩაიბარა 2009 წლის 13 ნოემბერს, რაც დასტურდება გზავნილზე თ. მ-ელის ხელმოწერით. თ. მ-ელს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა გზავნილების სისწორეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის შესაბამისად, ,,კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად”, როგორც ზემოთ აღინიშნა, მხარეს განჩინება ჩაჰბარდა 2009 წლის 13 ნოემბერს, ხოლო კერძო საჩივარი შეტანილია 2009 წლის 9 დეკემბერს.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, განმცხადებლის მხრიდან წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა ზემოაღნიშნული გზავნილის სისწორეს და იმ ფაქტს, რომ შპს ,,ჯანმრთელობის დირექტორს თ. მეტერევლს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მართლაც არ ჩაჰბარებია 13 ნოემბერს, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 423-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,...” დირექტორის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივარზე საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.