ბ-492-6(ა-10) 25 მაისი, 2010წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
განიხილა თ. შ-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.01.10წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.01.10წ. განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული თ. შ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.10.09წ. განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.10.09წ. განჩინება კასატორ _ თ. შ-ძეს 11.11.09წ. ჩაჰბარდა (ს.ფ. 199), ხოლო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 14.12.09წ. წარუდგინა (ს.ფ. 203), რითაც გადააცილა საკასაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილ ვადას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლში მითითებული ერთთვიანი ვადის დარღვევით შეიტანა საკასაციო საჩივარი, რადგან საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, მას 11.12.09წ. ოცდაოთხ საათზე ამოეწურა. საკასაციო პალატამ არ გაიზიარა კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.11.09წ. განჩინება მას 12.11.09წ. ჩაჰბარდა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულ მხარეს ეკისრება ვალდებულება დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში კი კასატორს არ წარმოუდგენია ს.ფ. 199-ზე განთავსებული შპს “...”-ს გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის საწინაარმდეგო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა 05.11.09წ. განჩინების მისთვის არა 11.11.09წ., არამედ 12.11.09წ. ჩაბარების ფაქტს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. შ-ძემ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, რის გამოც თ. შ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
თ. შ-ძემ 18.03.10წ. განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც ამავე სასამართლოს 15.01.10წ. განჩინების გაუქმება და საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
განცხადების ავტორმა მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.11.09წ. განჩინება 11.11.09წ. ჩაბარდა და აღნიშნული განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო 2009 წლის 11 ნოემბრის მე-2 დღიდან – 12 ნოემბრიდან და ამოიწურა მომდევნო თვის შესაბამის თვესა და რიცხვში – 12.12.09წ., რომელიც წარმოადგენდა დასვენების დღეს – შაბათს, რის გამოც განმცხადებლის მოსაზრებით მას უფლება ჰქონდა საკასაციო საჩივარი სასამართლოში წარედგინა 14.12.09წ. ორშაბათს, რომელიც იყო მომდევნო სამუშაო დღე. კანონმდებლობით მინიჭებული ამ უფლების ფარგლებში თ. შ-ძის მიერ საკასაციო საჩივარი 14.12.09წ. იქნა წარდგენილი, მაგრამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.01.10წ. განჩინებით დარჩა განუხილველი. განმცხადებლის მითითებით საკასაციო პალატის მიერ მოხმობილი ნორმებიდან გამომდინარე ვადის ათვლა იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან, მაგრამ პალატის მიერ გათვალისწინებული არ არის საპროცესო კანონის – სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმა ვადების გამოთვლისას მოვლენის დადგომის მომენტის ვადაში მითვლის წესის შესახებ, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე გადაწყვეტილების გადაცემის მომენტი, წარმოადგენს მოვლენას, რომლითაც განსაზღვრულია ვადის დასაწყისი და მოვლენის დადგომის დრო არ მიეთვლება ვადაში. საკასაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ ვადის გასვლის დღე – 12 დეკემბერი ემთხვეოდა დასვენების დღეს შაბათს, რომლის გათვალისწინების შემთხვევაშიც სასამართლოს მიერ მიღებული იქნებოდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება. განმცხადებლის მოსაზრებით წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, კასატორისათვის ცნობილი გახდა გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის უცნობი იყო ის, რომ 12 დეკემბერი იყო დასვენების დღე, აღნიშნული გარემოება ადრე რომ ყოფილიყო კასატორისათვის ცნობილი, სასამართლოს წარუდგენდა მტკიცებულებას, რომლითაც დაადასტურებდა, რომ 12.12.09წ. იყო შაბათი _ დასვენების დღე. გარდა მოქმედი საპროცესო ნორმებისა, განმცხადებელმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, რომლის მიხედვითაც საკასაციო გასაჩივრების ვადა აითვლება სწორედ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების მეორე დღიდან, კერძოდ ამგვარი პრაქტიკა უკვე დამკვიდრებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის შემდეგი განჩინებებით: 19.03.07წ. განჩინება საქმე ¹ას-223-557-07; 12.04.07წ. განჩინება საქმე ¹ას-287-616-07; 30.04.07წ. განჩინება საქმე ¹ ას-325-678-07; 13.07.07წ. განჩინება საქმე ¹ას-519-866-07. თ. შ-ძის მოსაზრებით ზემოაღნიშნული მსჯელობა და დამკვიდრებული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ საკასაციო საჩივარი წარდგენილი იყო ვადის დაცვით. განმცხადებელმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.01.10წ. განჩინება სასამართლოს მიერ გაეგზავნა ერთი თვის შემდეგ _ 17.02.10წ. და 19.02.10წ. ჩაბარდა, მაშინ როდესაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად, მხარეებს, რომლებიც არ ესწრებიან განჩინების გამოცხადებას, ეგზავნებათ განჩინების ასლები საქმის წარმოების შეწყვეტის, სარჩელის განუხილველად დატოვებისა თუ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ მისი გამოტანიდან არა უგვიანეს 5 დღისა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების გაცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თ. შ-ძის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.10.09წ. განჩინება კასატორ _ თ. შ-ძეს 11.11.09წ. ჩაჰბარდა (ს.ფ. 199), საჩივრის წარდგენის ვადა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თ. შ-ძეს 11.12.09წ. ოცდაოთხ საათზე ამოეწურა, ხოლო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 14.12.09წ. წარედგინა (ს.ფ. 203), ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლით გათვალისწინებული ერთ თვიანი ვადის დარღვევით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397.1 მუხლის თანახმად საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ვადის აღმკვეთი ხასიათის გამო განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ვადის დენის დაწყების მომენტის ზუსტად განსაზღვრას. საკასაციო პალატა არ იზიარებს განმცხადებლის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სსკ-ის 60.2 მუხლის შესაბამისად მისთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 05.11.09წ. განჩინების ჩაბარების (11.11.09წ.) მეორე დღიდან – 12 ნოემბრიდან დაიწყო გასაჩივრების ვადის დენა და 61-ე მუხლის შესაბამისად 12.12.09წ. დასრულდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397.1 მუხლი წარმოადგენს სპეციალურ (საგამონაკლისო) ნორმას და იგი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დენის დასაწყისს. ხსენებული ნორმა ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ ვადის დენა იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. აღნიშნული მუხლით განსაზღვრული გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონისმიერი ვადის გაგრძელების (აღდგენის) შესაძლებლობას არ ითავლისწინებს საპროცესო კანონმდებლობა და საპროცესო მოქმედება ამ ვადაში უნდა შესრულდეს, რის გამოც სპეციალური რეგულიაციის შემცველი სსკ-ის 397-ე მუხლთან მიმართებაში არ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2 მუხლით დადგენილი საპროცესო ვადის დაწყების გამოთვლის წესი. სსკ-ის 397-ე მუხლის ამგვარ გაგებაზე მიუთითებს აგრეთვე სასამართლო პრაქტიკაც (იხ. მაგ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები: 07.05.09წ. საქმე ¹ბს-629-597(კ-09); 21.09.09წ. საქმე ¹ბს-1139-1086(კ-09); 19.02.10წ. საქმე ¹ბს-178-172(კ-10); 12.04.10წ. საქმე ¹ბს-426-409(კ-10); 25.01.10წ. საქმე ¹ბს-1612-1540(კ-09); 25.01.10წ. საქმე ¹ბს-5-4(კ-10); 09.03.10წ. საქმე ¹ბს-244-234(კ-10)).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განმცხადებელი ფაქტიურად აყენებს კანონიერ ძალაში შესულ განჩინებაში ნორმის გამოყენებისა და განმარტების სისწორის საკითხს. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) საზედამხედველო წესით გადასინჯვის შესაძლებლობას. საქმის წარმოების განახლება შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეთერთმეტე კარით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების საფუძვლების არსებობისას. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მოსაზრებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლების საფუძვლის არსებობაზე, ვინაიდან ნორმის გამოყენების თაობაზე, მხარის პრეტენზია არ შეიძლება გახდეს ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველი, ხოლო ფაქტობრივი გარემოების – თ. შ-ძის მიერ საკასაციო საჩივრის კანონით განსაზღვრულ ერთთვიან ვადაში წარმოდგენის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც შეიძლება გამხდარიყო საქმის წარმოების განახლების საფუძველი არ არის მხარის მიერ წარმოდგენილი. თ. შ-ძის 18.03.10წ. გაცხადება არ შეიცავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ კანონისმიერი საფუძვლების დასაბუთებას, კერძოდ, სახეზე არ არის ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას (სსკ-ის 423-ე მუხლის I ნაწილის “ვ” ქვეპუნქტი), რის გამოც თ. შ-ძის განცხადება საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თ. შ-ძის საკასაციო საჩივარი ვერ ჩაითვლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397.1 მუხლის შესაბამისად საკასაციო საჩივრისათვის დადგენილ ერთ თვიან ვადაში შეტანილად. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არსებობდა საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის მოტივით თ. შ-ძის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, რის გამოც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.01.10წ. განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. შ-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.01.10წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.