Facebook Twitter

ბ-762-7(ა-10) 20 მაისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

განმცხადებელი – ჯ. გ-ძის წარმომადგენელი – გ. გ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 თებერვლის განჩინება

დავის საგანი – საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 1 დეკემბერს ჯ. გ-ძემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - ქ. ქუთაისის საკრებულოს ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიისა და ქ. ქუთაისის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა ქ. ქუთაისის საკრებულოს ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის 2008 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ქ. ქუთაისში, ... ¹100-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთისა და მასზე აგებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის საკუთრების უფლების აღიარება და ლეგალიზაცია.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ჯ. გ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ჯ. გ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ჯ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება.

საპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ჯ. გ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 თებერვლის განჩინებით ჯ. გ-ძის საკასაციო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევის გამო დარჩა განუხილველი.

2010 წლის 26 აპრილს ჯ. გ-ძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 თებერვლის განჩინების გაუქმება და საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და ჯ. გ-ძის წარმომადგენლის – გ. გ-ძის განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. გ-ძის წარმომადგენლის – გ. გ-ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად კი ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ჩაბარება მითითებული კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. საქმეში დაცული დასტურიდან ირკვევა, რომ ჯ. გ-ძეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ჩაჰბარდა 2009 წლის 25 დეკემბერს (ს.ფ. 272), მან კი აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანა 2010 წლის 26 იანვარს, ე.ი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლში მითითებული ერთთვიანი ვადის გადაცილებით.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ჩაიბარა 2009 წლის 25 დეკემბერს, მისთვის გასაჩივრების ერთთვიანი ვადის ათვლა დაიწყო მომდევნო დღიდან, ანუ, იმავე წლის 26 დეკემბრიდან და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მიხედვით, განჩინების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა ამოიწურა 2010 წლის 26 იანვარს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი განსაზღვრავს საპროცესო ვადის გამოთვლის ზოგად წესს, ხოლო ამავე კოდექსის 61-ე მუხლი კი შეიცავს სპეციალურ მითითებას საპროცესო ვადის დამთავრების თაობაზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. იმავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

აღნიშნული მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ. გ-ძეს საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 2010 წლის 25 იანვრის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო კასატორის მიერ საკასაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2010 წლის 26 იანვარს, ანუ 1 დღის დაგვიანებით, რაც საკასაციო სასამართლოს აძლევდა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა წარმოადგენს კანონისმიერ ვადას, რაც ნიშნავს იმას, რომ საპროცესო მოქმედება ამ ვადაში უნდა შესრულდეს და სასამართლო მოკლებულია მითითებული ვადის საკუთარი ინიციატივით განსაზღვრის შესაძლებლობას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ. გ-ძის წარმომადგენლის – გ. გ-ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს სამართლებრივი საფუძველის არარსებობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ. გ-ძის წარმომადგენლის – გ. გ-ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.