ბ-84-1 (ა-10) 1 მარტი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების ავტორი (მოსარჩელე) _ წვრილი საბითუმო ბაზის დირექტორის _ გ. გ-ძის წარმომადგენელი _ ც. ც-ავა
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპაუსხეები) _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, შპს “...”
გასაჩივრებული განჩინება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის განჩინებით განუხილველი დარჩა წვრილი საბითუმო ბაზის დირექტორის _ გ. გ-ძის წარმომადგენლის _ ა. ბ-იას საკასაციო საჩივარი.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებში არსებული საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინებიდან ირკვეოდა, რომ წვრილ საბითუმო ბაზას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივნისის განჩინების ასლის შემცველი გზავნილი (დარაჯს _ ს. ც-ძეს) ჩაბარდა 2009 წლის 16 აგვისტოს (ტომი II, ს.ფ. 207), რაც დასტურდებოდა ამავე გზავნილზე მითითებული თარიღითა და დარაჯის ხელმოწერით. წვრილი საბითუმო ბაზის დირექტორის _ გ. გ-ძის წარმომადგენელმა _ ა. ბ-იამ აღნიშნულ განჩინებაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ფოსტის მეშვეობითYსაკასაციო საჩივარი შეიტანა 2009 წლის 9 ოქტომბერს, ესე იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ერთთვიანი ვადის გადაცილებით, რადგან ხსენებული განჩინების ვადა მისთვის ამოიწურა 2009 წლის 17 სექტემბერს.
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წვრილი საბითუმო ბაზის დირექტორის _ გ. გ-ძის წარმომადგენელმა _ ა. ბ-იამ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, აღნიშნული გარემოება კი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენდა.
2010 წლის 18 იანვარს წვრილი საბითუმო ბაზის დირექტორის _ გ. გ-ძის წარმომადგენელმა _ ც. ც-ვამ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
განმცხადებელი არ დაეთანხმა საკასაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ წვრილი საბითუმო ბაზრის დირექტორის _ გ. გ-ძის წარმომადგენლის _ ა. ბ-იას მიერ საკასაციო საჩივარი შეტანილ იქნა ვადის დარღვევით. განმცხადებელმა განმარტა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივნისის განჩინების ასლი 2009 წლის 16 აგვისტოს ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის განჩინებაში მოხსენებული დარაჯი _ ს. ც-ძე არასოდეს ყოფილა წვრილი საბითუმო ბაზის თანამშრომელი და შესაბამისად, იგი არ იყო სასამართლო უწყების ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 თებერვლის განჩინებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის ¹ბს-1447-1381 (კ-09) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე წვრილი საბითუმო ბაზის დირექტორის _ გ. გ-ძის წარმომადგენლის _ ც. ც-ვას განცხადება მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგენილ იქნა მისი განხილვა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის ¹ბს-1447-1381 (კ-09) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე წვრილი საბითუმო ბაზის დირექტორის _ გ. გ-ძის წარმომადგენლის _ ც. ც-ვას განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების (ტომი II, ს.ფ. 207) მიხედვით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივნისის განჩინების ასლი წვრილ საბითუმო ბაზას ჩაბარდა 2009 წლის 16 აგვისტოს. ხსენებულ შეტყობინებაზე გზავნილის ჩაბარების თარიღად მითითებულია 2009 წლის 16 აგვისტო, ხოლო გზავნილის ჩაბარება დადასტურებულია ს. ც-ძის ხელმოწერით. ამავე გზავნილის გრაფაში ჩამბარებელი პირის თანამდებობად მითითებულია დარაჯი. განმცხადებლის მიერ მოყვანილი არგუმენტაცია, რომ ს. ც-ძე არასოდეს ყოფილა წვრილი საბითუმო ბაზის თანამშრომელი, ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო სასამართლოს მიერ, ვინაიდან ეს ფაქტი არ დასტურდება მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. განმცხადებლის მიერ დამატებითი მტკიცებულების სახით წარმოდგენილია შპს “...ის” ქობულეთის ფილიალის ხის დამამუშავებელი კომბინატის საშტატო განრიგები. აღნიშნული დოკუმენტები გაცემულია შპს “...ის” ეკონომისტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერით და დამოწმებულია მრავალდარგობრივი მცირე საწარმო _ “...ის” ბეჭდით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვერც განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით და ვერც საქმის მასალების ანალიზით ვერ დგინდება წვრილ საბითუმო ბაზასა და შპს “...ისს” შორის რაიმე ორგანიზაციულ-სამართლებრივი კავშირი, რომელთა საფუძველზეც სასამართლოს მიეცემოდა შესაძლებლობა ემსჯელა წარმოდგენილი საშტატო განრიგის, როგორც განმცხადებლის არგუმენტაციის საფუძვლიანობის დამადასტურებელ მტკიცებულებაზე. ის გარემოება, რომ ამავე დოკუმენტებში შპს “...ის” მისამართად მითითებულია ქ. ქობულეთი, ... ქ. ¹26, ე.ი. იგივე მისამართი, რაც თავდაპირველ სარჩელშივე დაფიქსირებულია წვრილი საბითუმო ბაზის რეგისტრირებულ მისამართად, არ ქმნის განმცხადებლის მოსაზრების გაზიარების შესაძლებლობას, ვინაიდან ერთსა და იმავე მისამართზე ორი საწარმოს ფუნქციონირება არ შეიძლება იყოს ამ საწარმოების ორგანიზაციული კავშირის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, საიდანაც დადგინდებოდა, რომ შპს-ს საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამშრომლების გარდა წვრილ საბითუმო ბაზაში სხვა პირები დასაქმებული არ იყვნენ. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ შემთხვევაში, თუ მხარეს სურდა დაედასტურებინა, რომ ს. ც-ძე იყო არ იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირი, ვისთვისაც ჩაბარება გაუთანაბრდებოდა მხარისათვის გზავნილის ჩაბარებას, მას უნდა წარმოედგინა იმის სათანადო მტკიცებულებები, რომ სასამართლო გზავნილის ჩამბარებელი პირი _ ს. ც-ძე არ იყო უშუალოდ ამ ორგანიზაციის თანამშრომელი და მას არ შეეძლო ეკისრა ვალდებულება გზავნილის ადრესატისათვის გადაცემის თაობაზე.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქმეში დაცულ საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინებაზე (ტ. I, 85), რომლითაც დგინდება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაგზავნილი უწყება 2008 წლის 16 ივლისს ჩაიბარა ს. ც-ძემ, გზავნილის ჩამბარებელი პირის თანამდებობად მითითებულია დაცვა. ასევე საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინებით (ტ. I, ს.ფ. 143) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საფოსტო გზავნილი _ წვრილი საბითუმო ბაზრის დირექტორისადმი გაგზავნილი უწყება 2009 წლის 24 მაისს ჩაიბარა ს. ც-ძემ, დირექტორისათვის გადასაცემად, ხოლო ჩამბარებლის თანამდებობად მითითებულია დარაჯი. საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე მხარეს სადავოდ არ გაუხდია სასამართლო გზავნილის არაუფლებამოსილი პირისადმი ჩაბარება, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ იგი ახორციელებდა შესაბამის საპროცესო მოქმედებებს _ ცხადდებოდა სხდომაზე ამ უწყებაში მითითებულ დროსა და ადგილას.
ამდენად, საკასაციო პალატამ 2009 წლის 16 ნოემბრის განჩინებით მართებულად მიიჩნია, რომ სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მიერ სასამართლო გზავნილის ჩაბარება 2009 წლის 16 აგვისტოს, საიდანაც უნდა ათვლილიყო სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა. გზავნილის ჩამბარებელი იყო საწარმოს დარაჯი, რომელმაც ხელმოწერით დაადასტურა გზავნილის მიღების ფაქტი და ამასთან, იკისრა კანონისმიერი ვალდებულება გადაეცა იგი ადრესატისათვის. აქედან გამომდინარე, წვრილ საბითუმო ბაზას საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადა ამოეწურა 2009 წლის 17 სექტემბერს, ხოლო საკასაციო საჩივარი წვრილი საბითუმო ბაზის დირექტორის _ გ. გ-ძის წარმომადგენელმა წარადგინა 2009 წლის 9 ოქტომბერს, რითაც კასატორს დარღვეული ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა. აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე სათანადო მტკიცებულება განმცხადებელს არ წარმოუდგენია, რაც შესაძლოა მიჩნეულიყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის ¹ბს-1447-1381(კ-09) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე წვრილი საბითუმო ბაზის დირექტორის _ გ. გ-ძის წარმომადგენლის _ ც. ც-ვას განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის ¹ბს-1447-1381 (კ-09) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე წვრილი საბითუმო ბაზის დირექტორის _ გ. გ-ძის წარმომადგენლის _ ც. ც-ვას განცხადება არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.