Facebook Twitter

განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ

ბ-863-8(ა-10) 19 მაისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად შეამოწმა საქმის განახლების შესახებ ე. გ-ძის განცხადების დასაშვებობის საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.12.09წ. განჩინებით ე. გ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.07.09წ. გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 19.10.09წ. განჩინებით კასატორ ე. გ-ძეს დაევალა ხარვეზის შესახებ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე ბაჟის _ 300 (სამასი) ლარის გადახდის ქვითარი. საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოსული საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინებით დგინდებოდა, რომ აღნიშნული განჩინება ე. გ-ძეს 14.11.09წ. ჩაბარდა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. მიუხედავად ამისა, ე. გ-ძეს ხარვეზი არ გამოუსწორებია სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში და მას არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავს საკასაციო პალატისთვის, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

ე. გ-ძემ 14.05.10წ. განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც მისი საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება და განხილვა მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების შეუძლებლობის შემთხვევაში განმცხადებელმა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება მოითხოვა.

ე. გ-ძემ განცხადებაში მიუთითა, რომ 14.11.09წ. მიიღო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ხარვეზის შესახებ განჩინება და სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი გადაიხადა განჩინების მიღებიდან მე-6 დღეს, მაგრამ ბაჟის გადახდის ქვითარი არ წარმოუდგენია საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რადგან ეგონა, რომ საბანკო შეტყობინება გადახდის თაობაზე თავისთავად მიდიოდა დანიშნულების ადგილზე, როგორც ეს სხვა გადასახადების გადახდის შემთხვევაში ხდება. 20.11.09წ. სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი (საგადასახადო დავალება ¹267) საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ 25.12.09წ. განჩინების მიღების შემდეგ გამოაგზავნა უზენაეს სასამართლოში, რითაც ადასტურებს მის მიერ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ბაჟის გადახდის ფაქტს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო 25.12.09წ. განჩინების გაცნობისა და ე. გ-ძის განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. გ-ძის განცხადება დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 29.10.09წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილზე, რომლის თანახმად კასატორ ე. გ-ძეს დაევალა ხარვეზის შესახებ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე ბაჟის _ 300 (სამასი) ლარის გადახდის ქვითარი. ამასთან, კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.12.09წ. განჩინებით ე. გ-ძის საკასაციო საჩივარი ხარვზის გამოუსწორებლობის _ სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის გადახდის ქვითრის საქართველოს უზენაეს სასამართლოში დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის გამო დარჩა განუხილველი, ვინაიდან მხარეს სასამართლოსათვის არ უცნობებია მის მიერ ხარვეზის გამოსწორების ფაქტი.

საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების განახლება შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეთერთმეტე კარით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების არსებობისას. განმცხადებელი აღიარებს, რომ არ წარუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი პალატის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ამასთანავე საკასაციო პალატის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი შეიცავდა პირდაპირ დავალებას ბაჟის გადახდის ქვითრის სასამართლოში წარმოდგენის შესახებ. ამდენად, ე. გ-ძის 14.05.10წ. გაცხადება არ შეიცავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე ან 423-ე მუხლით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის და/ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების განახლების კანონისმიერ საფუძვლებზე მითითებას, რის გამოც ე. გ-ძის განცხადება საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების თაობაზე განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული. ამასთან, ე. გ-ძეს უნდა დაუბრუნდე მის მიერ 20.11.09წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. გ-ძის განცხადება დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. დაკმაყოფილდეს ე. გ-ძის შუამდგომლობა და ე. გ-ძეს დაუბრუნდეს 20.11.09წ. ¹267 საგადასახადო დავალებით (საიდენტიფიკაციო ნომერი ...) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.