ბს-97-1(ა-11) 6 მარტი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.11.10წ. განჩინებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ა. ღ-შვილის განცხადების დასაშვებობის საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.11.10წ. განჩინებით ა. ღ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.10წ. განჩინება.
ა. ღ-შვილმა 17.01.11წ. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც საკასაციო სასამართლოს 23.11.10წ. განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და უმუშევრად რეგისტრაციის, რეგისტრირებული უმუშევრის სტატუსის მინიჭებისა და უმუშევრის შემწეობის 120 ლარის გაცემის შესახებ მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.01.11წ. განჩინებით ა. ღ-შვილს დაევალა ხარვეზის შესახებ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177.2 მუხლის დაცვით შედგენილი განცხადება იმ საფუძვლებზე მითითებით, რომელთა გამოც უნდა მოხდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.11.10წ. განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, ა. ღ-შვილს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში განცხადება არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ განმცხადებელი საქმის წარმოების განახლებას მოითხოვდა სსკ-ის 423.1 მუხლის “ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.11.10წ. განჩინებით უცვლელად დარჩა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ა. ღ-შვილის განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.06.10წ. განჩინება. ა. ღ-შვილის განცხადება არ შეიცავდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427.1 მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მომხდარიყო საკასაციო სასამართლოს განჩინების ბათილად ცნობა და საქმის განახლება. კერძოდ, განმცხადებელი არ უთითებდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.11.10წ. განჩინების მიღების შემდეგ რა გარემოებები და მტკიცებულებები გახდა მხარისათვის ცნობილი, რომლებიც ამ კონკრეტული განჩინების მიღების დროს რომ ყოფილიყო წარმოდგენილი სასამართლოში, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამასთან, განცხადება არ პასუხობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177.2 მუხლის მოთხოვნებს, რადგან განცხადება წარმოდგენილი იყო ხელნაწერი და არა ნაბეჭდი სახით.
ა. ღ-შვილმა ხარვეზის გამოსწორების მიზნით 24.02.11წ. განცხადება წარმოადგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, რომელშიც აღნიშნა, რომ მან საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტზე, ხოლო სხვა საქმის წარმოების განახლების საფუძვლის მითითებას მას კანონმდებლობა არ ავალდებულებდა. იგი საქმის წარმოების განახლებას ითხოვს მატერიალურ სამართლებრივ საფუძველზე, კერძოდ, სამსახურიდან გათავისუფლების დღეს შრომის წიგნაკის გაუცემლობის ფაქტის დამადასტურებელი შესაბამის წერილობით მტკიცებულებაზე მითითებით და არა პროცესუალური საფუძვლით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ღ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი და დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.01.11წ. განჩინებით ა. ღ-შვილს დაევალა ხარვეზის შესახებ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177.2 მუხლის დაცვით შედგენილი განცხადება იმ საფუძვლებზე მითითებით, რომელთა გამოც უნდა მოხდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.11.10წ. განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, ა. ღ-შვილს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში განცხადება არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი. ა. ღ-შვილმა ხარვეზის გამოსწორების მიზნით 24.02.11წ. განცხადება წარმოადგინა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომლშიც მხარის მიერ არ იქნა მითითებული იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.11.10წ. განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, რადგან ა. ღ-შვილის მიერ განცხადებაში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ საქმის წარმოების განახლების შემადგენლობას. ზემოაღნიშნულთან ერთად, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საზედამხედველო წარმოების წესს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების და განხილვის წესი არ გულისხმობს კანონიერ ძალაში მყოფ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ კანონმდებლობის ნორმის გამოყენების მართლზომიერების გადასინჯვის შესაძლებლობას. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების დროს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს არა მატერიალური სამართლის ნორმის გამოყენების არამართლზომიერება, არამედ ისეთი გარემოებებისა და მტკიცებულებების არსებობის დადგენა, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, გამოიწვევდა სხვაგვარი გადაწყვეტილების გამოტანას. ამდენად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების ფარგლებს სცილდება განცხადებაში აღნიშნული შრომის წიგნაკის გამოთხოვის საკითხის განხილვა, რის გამოც არ არსებობს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ა. ღ-შვილის განცხადების დასაშვებად ცნობის საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე, 425-ე, 429-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ღ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.