ბ-ვ-79-2(ა-10) 12 აპრილი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების ავტორი (მოსარჩელე) _ მ. ხ-ია
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობა
მესამე პირი – ი/მ “მ. ბ-აია”
გასაჩივრებული განჩინება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით განუხილველი დარჩა მ. ხ-იას საკასაციო საჩივარი.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებიდან, კერძოდ, წარმოდგენილი საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინებიდან ირკვეოდა, რომ მ. ხ-იას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ივლისის განჩინების ასლის შემცველი გზავნილი სააპელაციო საჩივარში (სარჩელში) მითითებულ მისამართზე – ქ. ზუგდიდის, ... ქ. ¹28-ში, ჩაბარდა 2009 წლის 13 აგვისტოს (ტომი II, ს.ფ. 180), მან კი აღნიშნულ განჩინებაზე ფოსტის მეშვეობითY საკასაციო საჩივარი შეიტანა 2009 წლის 16 სექტემბერს, ესე იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ერთთვიანი ვადის გადაცილებით, რადგან ხსენებული განჩინების ვადა მისთვის ამოიწურა 2009 წლის 14 სექტემბერს.
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ხ-იამ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, აღნიშნული გარემოება კი მ. ხ-იას საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენდა.
2010 წლის 29 იანვარს მ. ხ-იამ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
განმცხადებლის განმარტებით, იგი არ ეთანხმება საკასაციო სასამართლოს დასაბუთებას, რომ მის მიერ საკასაციო საჩივარი შეტანილ იქნა ვადის დარღვევით, ვინაიდან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ივლისის განჩინების ასლი მას ჩაბარდა 2009 წლის 28 აგვისტოს. 2009 წლის 16 სექტემბერს კი მის მიერ შედგენილი საკასაციო საჩივარი დაუყოვნებლივ გადაგზავნილ იქნა ფოსტის მეშვეობით უზენაეს სასამართლოში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი მ. ხ-იას მიერ წარდგენილ იქნა გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილ ვადაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 მარტის განჩინებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის ¹ბს-1415-1351(კ-09) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მ. ხ-იას განცხადება მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის ¹ბს-1415-1351(კ-09) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მ. ხ-იას განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს განმცხადებლის მიერ თავისი განცხადების დასასაბუთებლად იმაზე მითითებას, რომ მ. ხ-იამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 15 ივლისის განჩინება ჩაიბარა 28 აგვისტოს, ხოლო მის მიერ 2009 წლის 16 სექტემბერს შედგენილი საკასაციო საჩივარი დაუყოვნებლივ იქნა ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების (ტომი II, ს.ფ. 180) მიხედვით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ივლისის განჩინების ასლი გაეგზავნა მ. ხ-იას სააპელაციო საჩივარში (სარჩელში) მითითებულ მისამართზე _ ქ. ზუგდიდის, ... ქ. ¹28-ში, რაც 2009 წლის 13 აგვისტოს ჩაბარდა მ. ხ-იას შვილს _ თ. ხ-იას ხსენებულ მისამართზე. ჩაბარება დადასტურებულია თ. ხ-იას ხელმოწერით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ივლისის განჩინების ასლი ადრესატს _ მ. ხ-იას ჩაბარდა სწორედ 2009 წლის 13 აგვისტოს. განცხადებას არ ერთვის რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მ. ხ-იას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გზავნილი ნამდვილად ჩაბარდა 2009 წლის 28 აგვისტოს, რასაც იგი მიიჩნევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის ¹ბს-1415-1351(კ-09) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად. განმცხადებელი ვერ მიუთითებს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული გარემოების საწინააღმდეგო რაიმე სათანადო გარემოებაზე, რაც დაადასტურებდა წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობას. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადა მ. ხ-იას ამოეწურა 2009 წლის 14 სექტემბერს, ხოლო მ. ხ-იამ საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გააგზავნა ფოსტის მეშვეობითY 2009 წლის 16 სექტემბერს, რითაც კასატორს დარღვეული ჰქონდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ უსაფუძვლოა, სასამართლო თავისი განჩინებით უარს იტყვის განცხადების დაკმაყოფილებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის ¹ბს-1415-1351(კ-09) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მ. ხ-იას განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის ¹ბს-1415-1351(კ-09) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მ. ხ-იას განცხადება არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.