Facebook Twitter

ბ-231-1(ბ-11) 9 თებერვალი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეამოწმა მ. მ-ის განცხადების წარმოებაში მიღების წინაპირობები.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

მ. მ-ემ 24.02.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების თ. ც-ის, ა. მ-ას, კ. ჭ-ასა და ლ. პ-ას მემკვიდრე ვ. კ-ა-გ-ას მიმართ, რომლითაც ნოტარიუს ა. მ-ას მიერ 22.04.06წ. დამოწმებული ¹1-303 და ნოტარიუს თ. ც-ის მიერ 11.05.06წ. დამოწმებული ¹1-3019 სანოტარო აქტების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 11.08.09წ. გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.05.10წ. განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 11.08.09წ. გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.05.10წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება ან სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 27.10.10 წ. განჩინებით მ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

20.12.10 წ. მ. მ-ემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მომართა განცხადებით დამატებითი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით, რომლითაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 27.10.10 წ. განჩინების ბათილად ცნობა, საკასაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევა და მისი არსებითად განხილვა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.10 წ. განჩინებით მ. მ-ეს განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა მოთხოვნის დასაზუსტებლად, კერძოდ განმცხადებელს უნდა დაეკონკრეტებია თუ რომელი საპროცესო შესაძლებლობის განხორციელება სურდა წარმოდგენილი განცხადებით (დამატებითი გადაწყვეტილების მიღება/კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა) და მიეთითებია შესაბამისი მოთხოვნის კანონით გათვალისწინებულ საფუძვლებზე. მასვე განემარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში განცხადება არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

მ. მ-ემ 01.02.11 წ. წარმოადგინა განცხადება და განმარტა, რომ ითხოვს საკასაციო პალატის 27.10.10 წ. ¹ბს-873-847 (კ-10) განჩინების ბათილად ცნობას და საქმის წარმოების განახლებას, ვინაიდან საქმეზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი გადაწყვეტილ იქნა მისი მონაწილეობის გარეშე, ხოლო მისი მონაწილეობით ამ საკითხის განხილვა არ გამოიწვევდა მისი საწინააღმდეგო შედეგის დადგომას. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მისი სარჩელის განხილვისას დარღვეულია საპროცესო ნორმები, რაც უნდა შეფასებულიყო საკასაციო სასამართლოს მიერ და უნდა დადგენილიყო გასაჩივრებული სანოტარო აქტების სიყალბე. მ. მ-ე განცხადების მოთხოვნას ამყარებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 228-ე მუხლზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე, ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა”, “ბ” და “ვ” ქვეპუნქტებზე და ითხოვს, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე 27.10.10 წ. განჩინების ბათილად ცნობას, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას, კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარებას სანოტარო აქტებზე არსებულ აწ გარდაცვლილი ლ. პ-ას ხელმოწერების ნამდვილობის დასადგენად, სანოტარო აქტების შემდგენების დასჯასა და მისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებას. მ. მ-ე წარმოდგენილი განცხადებით ასევე ითხოვს საქმეზე კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარების შედეგად მიღებულ იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება სანოტარო აქტების ბათილობის ცნობის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. მ-ის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეზე საპროცესო მოქმედებების განხორციელება დასაშვებია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებების საფუძველზე. ამდენად, საქმის წარმოების განახლების საკითხის გადასაწყვეტად გამოყენებული ვერ იქნება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 228-ე მუხლი.

განმცხადებელი წარმოდგენილი განცხადებით ითხოვს საკასაციო პალატის 27.10.10 წ. განჩინების ბათილად ცნობასა და საქმის წარმოების განახლებას სსსკ-ის 422-ე პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, კერძოდ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. აღნიშნული ნორმა ეხება ზეპირი მოსმენით საქმის განხილვის შემთხვევას. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა, რომელიც უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი განხილვის გარეშე. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებობის საკითხის ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტა არ წარმოადგენს საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას.

განმცხადებლის მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მითითებულ იქნა 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა”, “ბ”, და “ვ”, ქვეპუნქტები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მ. მ-ის მიერ წარმოდგენილ განცხადებას არ ერთვის 423-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მტკიცებულებები, კერძოდ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც დადასტურდებოდა ამათუიმ დოკუმენტის სიყალბე ან მოწმეთა მიერ სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტი. განმცხადებელი ასევე არ მიუთითებს რაიმე ახალ გარემოებაზე ან მტკიცებულებაზე, რომლის არსებობაც საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, თუ არ არსებობს განცხადების დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

ამდენად, მ. მ-ის განცხადება ვერ აკმაყოფილებს განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემეობათა გამო საქმის წარმოების განახლების დასაშვებობის პირობებს, რაც მისი განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.

დაუშვებელია აგრეთვე მ. მ-ის მოთხოვნა, რომელიც ეხება ექსპერტიზის ჩატარების შედეგად სანოტარო აქტების ბათილად ცნობის შესახებ დამატებითი გადაწყვეტილების მიღებას. სსსკ-ის 261-ე მუხლი ითვალისწინებს საქმეზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას და პირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც დასაშვებია საქმეზე გადაწყვეტილების დამდგენი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება. აღნიშნული პირობები ამომწურავად არის მოცემული სსსკ-ის 261-ე მუხლში. მ. მ-ის მოთხოვნით დამატებითი გადაწყვეტილებით უნდა გადაწყდეს გასაჩივრებული სანოტარო აქტების ბათილობის საკითხი. აღნიშნული მოთხოვნა წარმოადგენდა სარჩელის საგანს და მის საფუძვლიანობაზე იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლომ. საკასაციო პალატამ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობა და 27.10.10 წ. მიიღო განჩინება მის დაუშვებლად ცნობის თაობაზე. ამდენად, მ. მ-ის განცხადება არ შეიცავს სსსკ-ის 261-ე მუხლით გათვალისწინებულ არც ერთ საფუძველზე მითითებას, რაზეც საკასაციო პალატას შეეძლებოდა დამატებითი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 261-ე, 422-ე, 423-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. მ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.10.10წ. ¹ბს-873-847 (კ-10) განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველი;

2. მ. მ-ის განცხადების მოთხოვნა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.