ვ-1204-5(ბ-09) 14 იანვარი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განცხადების ავტორი (მოსარჩელე) _ ნ. ბ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ნოემბრის ¹ბს-1134-1081(2კ-09) განჩინება
დავის საგანი _ კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 1 ნოემბერს მოსარჩელე ნ. ბ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელე თავის სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავდა, რომ 1975 წლიდან მუშაობდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სისტემაში მფრინავად სხვადასხვა ტიპის ავია ხომალდებზე, სადაც მისი საერთო ნაფრენი შეადგენდა 11987 საათს.
მოსარჩელის განმარტებით იგი დანიშნული იყო სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის მთავარ ინჯინრად, შემდგომ თავმჯდომარის მრჩევლის თანამდებობაზე, საიდანაც 2006 წლის 1 ივნისიდან განთავისუფლდა ადმინისტრაციის რეორგანიზაციის გამო. 2006 წლის 17 ივლისს საქართველოს ნ. მახვილაძის სახელობის შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამედიცინო-კვლევითი ინსტიტუტის პროფ. დაავადებათა დამდგენმა კომისიამ მოსარჩელეს დაუდგინა პროფესიული ხასიათის სმენის დაქვეითება, ასევე შრომითი შესაძლებლობების შეზღუდვა ზომიერად გამოხატული, პროფესიული დაავადებების მიზეზით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების და 2002 წლის 26 თებერვლის ¹872 განკარგულების საფუძველზე ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, როგორც საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სამართალმემკვიდრეს უნდა დაკისრებოდა მისთვის ყოველთვიურად ჯანმრთელობისათვის ვნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 2934 ლარის ოდენობით, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა თავის სასარჩელო განცხადებას და დამატებით განმარტა, რომ რომ მის მიერ სარჩელით მოთხოვნილი თანხა უნდა გაყოფილიყო სამზე და გაყოფის შედეგად მიღებული თანხა 978 ლარის ყოველთვიურად აბაზღაურება უნდა დაკისრებოდა მოპასეხეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ბ-შვილის სასარჩელო განცხადება მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ ჯანმრთელობისათვის ვნებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ბ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ნ. ბ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 2006 წლის 31 ოქტომბრიდან 2007 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდი 9780 ლარის ოდენობით; ნ. ბ-შვილის სარჩელი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის 2007 წლის 1 სექტემბრის შემდგომ ყოველთვიურად სარჩოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ბ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული ნაწილის გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ. კასატორმა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ნ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება.
2009 წლის 7 დეკემბერს ნ. ბ-შვილმა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ნოემბრის ¹ბს-1134-1081(2კ-09) განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
განცხადების ავტორმა აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის პალატამ 2009 წლის 12 ნოემბერს საქმის განხილვისას იხელმძღვანელეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომელიც გამოიყენება საკასაციო საჩივრის დასაშვებად და არა განსახილველად (შესამოწმებლად), რაც კანონდარღვევაა. ასევე სასამართლომ ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მხარეთა დაუსწრებლად განიხილეს საქმე, რითაც კიდევ ერთხელ დაირღვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის ,,ბ’’ და ,,გ’’ პუნქტების მოთხოვნები. სასამართლომ კანონდარღვევით შეამოწმა საკასაციო საჩივარი და მიიჩნია დაუშვებლად. მხარემ ასევე განმარტა, რომ მას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად არ მიუმართავს ადმინისტრაციული საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების თაობაზე მხარეთა დაუსწრებლად. აღნიშნული კოდექსის 27-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე. ამდენად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ პუნქტების შესაბამისად შეიქმნა განჩინების ბათილად ცნობის პრეცედენტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ნ. ბ-შვილის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ნოემბრის ¹ბს-1134-1081(2კ-09) განჩინების ბათილად ცნობის შესახებ მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რ. ჭ-ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ნოემბრის ¹ბს-1134-1081(2კ-09) განჩინების ბათილად ცნობის შესახებ და მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ნ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული. ამავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით მხარეებს განემარტათ, რომ სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დასაშვებობას შეამოწმებდა მხარეთა დასწრების გარეშე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება დასაშვებობის შესამოწმებლად.
აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საკითხებს მომხსენებელი მოსამართლე წყვეტს ზეპირი განხილვის გარეშე, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა, რომელიც უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი განხილვის გარეშე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს განმცხადებლის მოსაზრებას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ კანონდარღვევით იქნა შემოწმებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ერთ-ერთ გამონაკლისს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც საკასაციო სასამართლოს უფლებას აძლევს გადაწყვეტილება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გამოიტანოს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს მხოლოდ სასამართლოს ვალდებულებას მხარეებს წინასწარ შეატყობინოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ.
აღნიშნული ნორმა საკასაციო სასამართლოსთან მიმართებაში სპეციალურ ნორმას წარმოადგენს და ამ ნორმის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა მოქმედი სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას არ წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ბ-შვილის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ნოემბრის ¹ბს-1134-1081(2კ-09) განჩინების ბათილად ცნობის შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ბ-შვილის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ნოემბრის ¹ბს-1134-1081(2კ-09) განჩინების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.