ბს-102-101 (გ-10) 02 მარტი 2010 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს შორის დავა ა. ვ-ძის, ო. ვ-ძის, ნ. მ-ძის, ნ. მ-ძისა და მ. პ-ძის სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა. ვ-ძემ, ო. ვ-ძემ, ნ. მ-ძემ, ნ. მ-ძემ და მ. პ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც მოითხოვეს ნინოწმინდის რაიონის გამგეობის მიერ მიღებული იმ დადგენილებისა და ოქმების ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც დაკმაყოფილდა ა. ა-იანის განცხადება საიჯარო ხელშეკრულების დადების თაობაზე, ნინოწმინდის რაიონის გამგეობასა და ა. ა-იანს შორის 26.12.03წ. გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებისა და საჯარო რეესტრის მონაცემების (ნინოწმინიდის რაიონის გამგეობასა და ა. ა-იანს შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით) ბათილად ცნობა, მოსარჩელეებმა მოითხოვეს აგრეთვე სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს მიერ 12.01.09წ. მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელე ო. ვ-ძეს საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე ეთქვა უარი, ასევე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 09.06.09წ. ¹1-1/1319 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ო. ვ-ძეს უარი ეთქვა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 12.01.09წ. ¹14 წერილის ბათილად ცნობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.07.09 წ. განჩინებით ა. ვ-ძის, ო. ვ-ძის, ნ. მ-ძის, ნ. მ-ძისა და მ. პ-ძის სარჩელი განსახილველად გადაეგზავნა განსჯად_ახალციხის რაიონულ სასამართლოს. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ უძრავი ნივთი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში, ამასთანავე მოსარჩელეთა ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რომლის თაობაზე სარჩელი სამოქალაქო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარდგენილ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც იგი უნდა შესრულებულიყო, რის გამოც მიიჩნია, რომ მოცემული სარჩელი აღძრულია არაგანსჯად სასამართლოში და შესაბამისად იგი განსჯადობის წესების დაცვით გადაგზავნილი უნდა იქნეს განსჯად სასამართლოში _ ახალციხის რაიონულ სასამართლოში. სასამართლომ ასევე გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, მე-18, მე-16-24-ე მუხლები და მიუთითა, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს ნინოწმინდის რაიონის გამგეობასა და ა. ა-იანს შორის 26.12.03წ. გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ხოლო მოსარჩელის ყველა სხვა მოთხოვნა გამომდინარეობს აღნიშნული მოთხოვნიდან, შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ სათანადო მოპასუხეებს ეს სუბიეტები წარმოადგენენ და არა ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 14.08.09წ. განჩინებით ა. ვ-ძის, ო. ვ-ძის, ნ. მ-ძის, ნ. მ-ძისა და მ. პ-ძის სარჩელი განსახილველად გადაეგზავნა განსჯად _ ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 19.11.09წ. განჩინებით ¹3/14 -09 საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო მოსარჩელეების მოთხოვნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ, მის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, გამოყოფილ საქმეს მიენიჭა ახალი სარეგისტრაციო ნომერი 3/24-09. ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ 19.11.09წ. სასამართლო სხდომაზე იმის გამო, რომ სხვა სასამართლოში, კერძოდ ახალციხის რაიონულ სასამართლოში არსებობს დავა იგივე მხარეებს შორის, იგივე საგანზე, იგივე საფუძვლით, მოსარჩელეების სასარჩელო მოთხოვნები ნინოწმინდის რაიონის გამგეობის, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, საიჯარო ხელშეკრულების და საჯარო რეესტრის ეროვნული მონაცემების ბათილად ცნობის შესახებ დარჩა განუხილველი. სასამართლომ აღნიშნა, რომ ფაქტიურად სარჩელში ახალი მოთხოვნაა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომელიც ცალკე დავის საგანს წარმოადგენს, აღნიშნული მოთხოვნის განცალკევებული განხილვა მიზანშეწონილია სწრაფი და ეფექტური სამართალწარმოების თვალსაზრისით. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 19.11.09წ. განჩინებით ადმინისტრაციული საქმე სსკ მე-15 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.12.09წ. განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა და ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს შორის განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად საქმე ა. ვ-ძის, ო. ვ-ძის, ნ. მ-ძის, ნ. მ-ძისა და მ. პ-ძის სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოებს შორის განსჯადობის შესახებ წარმოშობილი დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საკასაციო სასამართლოს.
საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ ერთიდაიგივე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 12.01.09წ. ¹14 წერილი გასაჩივრდა სასამართლოშიც და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოშიც. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო სარჩელი, მაგრამ შეაჩერა საქმის განხილვა ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტამდე. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 09.06.09 წ.¹1-1/1319 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე უნდა გასაჩივრებულიყო იმავე სასამართლოში, რომლის წარმოებაშიც განსჯადობის წესების დაცვით იყო შეტანილი სარჩელი სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 12.01.09წ. ¹14 წერილის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს აღნიშნულ სამართალურთიერთობაში რაიმე ახალი სამართლებრივი რეჟიმი არ დაუდგენია, მან ძალაში დატოვა მის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურის წერილი, რის გამოც კოლეგიამ მიიჩნია, რომ მინისტრის ბრძანების კანონიერება უნდა შეფასდეს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 12.01.09წ. ¹14 წერილის კანონიერებასთან ერთად. სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს მისამართია ქ. ახალციხე, კეცხოველის ¹6. აღნიშნული ორგანოს საქმიანობიდან გამომდინარე განსახილველი სარჩელი სსკ მე-15 მუხლის პირველი ნაწილის და მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად უნდა წარედგინოს ახალციხის რაიონულ სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად თვლის, რომ ა. ვ-ძის, ო. ვ-ძის, ნ. მ-ძის, ნ. მ-ძისა და მ. პ-ძის სარჩელი ახალციხის რაიონული სასამართლოს განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა სასკ-ის 26.3 მუხლის საფუძველზე იხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ახალქალაქის რიონულ სასამართლოს შორის განსჯადობის შესახებ დავას ა. ვ-ძის, ო. ვ-ძის, ნ. მ-ძის, ნ. მ-ძის და მ. პ-ძის სარჩელის მხოლოდ იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც მოპასუხე_საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ეხება. დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნების განსჯადობას სასამართლოებს შორის დავა არ გამოუწვევია. იმის გათვალისწინებით, რომ სასკ-ის 26.3 ითვალისწინებს საკასაციო სასამართლოს მიერ განსჯადობის საკითხის გადაწყვეტას მხოლოდ სასამართლოებს შორის განსჯადობის შესახებ დავის არსებობის შემთხვევაში, საკასაციო პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას ა. ვ-ძის, ო. ვ-ძის, ნ. მ-ძის, ნ. მ-ძისა და მ. პ-ძის დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნის განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება არა საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსაჯობის საკითხს. უნდა აღინიშნოს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე სასამართლოების ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიული განსჯადობაზე. საერთო წესის თანახმად სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის _ ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით (სსკ-ის მე-15 მუხ.). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასკ-ის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. იმის გათვალისწინებით, რომ ორივე სადავო აქტი, კერძოდ, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 12.01.09წ. პასუხი და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 09.06.09წ. ¹1-1/1319 წერილი ერთი და იგივე სამართალურთიერთობას ეხება, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოები_სამხარეო სამმართველო და სამინისტრო არიან ერთიანი სისტემის ქვედა და ზედა ორგანოები, დუბლირების და პარალელიზმის, სასამართლო გადაწყვეტილებებს შორის კოლიზიის თავიდან აცილების, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა დედაქალაქის სასამართლოში თავმოყრის ტენდენციის შესუსტების მიზნით, სასამართლო პროცესის ეკონომიურობის, მართმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით არ დაიშვება მათი ცალკ-ცალკე, სხვადასხვა სასამართლოებში განხილვა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამინისტროს სადავო აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად, ადმინისტრაციული საჩივარი ადმინისტრაციული ორგანოსათვის არის საქმიანობის თვითკონტროლის საშუალება, ადმინისტრაციული წარმოების მომწესრიგებელი კანონმდებლობა ადგენს არა მხოლოდ პოზიტიურ, უდავო, არამედ ნეგატიური, სადავო ურთიერთობების გადამჭრელ პროცუდერებს მოქალაქესა და ადმინისტრაციას შორის, საჩივარი არის პირის უფლების დაცვის საშუალება, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცესში ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს სადავო აქტის გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებს, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადასტურა ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის მართზომიერება, შესაბამისად დაუშვებელია ამ ორი აქტის ცალ-ცალკე განხილვა. სახელმწიფო ქონების აღრიცხვის და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს სადავო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნებით სარჩელი წარმოებაშია მიღებული ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ ეკონომიკური განვითარების მინისტრის 09.06.09წ. ¹1-1/1319 სადავო აქტის გამოცემამდე, ახალციხის რაიონული სასამართლოს წარმოებაში მყოფი სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოებს შორის განსჯადობაზე დავა არ წარმოშობილა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თავდაპირველი სარჩელი წარდგენილია სწორედ ახალციხის რაიონულ სასამართლოში, რომელიც სარჩელი წარმოებაში მიიღო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელის მიხედვით. ამასთანავე, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 31.03.09წ. საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს სამხარეო სამმართველოს არასათანადო მოპასუხედ ცნობისა და საქმის ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში განჯადობით გადაგზავნის თაობაზე. არ გასაჩივრებულა აგრეთვე კერძო საჩივრით მოპასუხე ა.ა-იანის წარმომადგენლის შუამდომლობის საფუძველზე მიღებული ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 19.11.09წ. განჩინება, რომლითაც განუხილველად იქნა დატოვებული მოსარჩელეთა სასარჩელო განცხადება იმის გამო, რომ ახალციხის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს დავა იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე იმ სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. სარჩელის სათანადო კავშირი ტერიტორიასთან სარჩელის წარდგენის მომენტისათვის უნდა დადგინდეს. გარემოებების შემდგომი შეცვლა, განსჯადობის შეუცვლელობის პრინციპის თანახმად, არ იწვევს განსჯადობის შეცვლას. საქმის სასამართლოს წარმოებაში მიღების შემდგომ მოპასუხე- ადმინისტრაციული ორგანოს ზემდგომი სტრუქტურის (სამინისტროს) მიერ იმავე საკითხზე აქტის მიღება არ ცვლის სასამართლოს განსჯადობას, ვინაიდან სსკ-ის 22-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ განსჯადობის წესების დაცვით თავის წარმოებაში მიღებული საქმე უნდა განიხილოს და არსებითად გადაწყვიტოს, თუნდაც ეს საქმე შემდგომში სხვა სასამართლოს განსჯადი გახდეს, თავის მხრივ სასკ-ის 26 მუხლი ითვალისწინებს სარჩელის განსჯად სასამართლოში გადაგზავნას მხოლოდ არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკითხი სადავო აქტების კანონიერების, აგრეთვე იმის შესახებ, თუ რამდენადაა დასაშვები ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნით ადმინისტრაციული საჩივრის შეტანა, სადავო სამართალურთიერთობების მიმართ “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ” კანონის მე-9 მუხლის გამოყენება საქმის არსებითი განხილვის შედეგად უნდა დადგინდეს და ვერ იქნება გადაწყვეტილი განსჯადობის შესახებ დავის განხილვისას.
სარჩელის წარდგენა რამოდენიმე მოთხოვნით, რამოდენიმე მოპასუხის მიმართ, რომლებსაც სხვადასხვა ტერიტორიული ადგილმდებარეობა აქვთ, განაპირობებს რამოდენიმე სასამართლოში სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას. მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნების შესწავლა ადასტურებს მოსარჩელეთა შესაძლებლობას აღეძრათ სარჩელი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის, მოპასუხე_ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის, უძრავი ქონების მდებარეობის მიხედვით ერთ-ერთ განსჯად სასამართლოში. სსკ-ის მე-20 მუხლის თანახმად, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, მოსარჩელეს აქვს სასამართლოს არჩევის უფლება. ასეთ შეემთხვევაში არ დაიშვება მოპასუხის მოთხოვნით ან სასამართლოს ინიციატივით მოსარჩელის მიერ არჩეული სასამართლოს შეცვლა სხვა სასამართლოთი, სასამართლოს არ გააჩნია უფლებამოსილება ჩაერიოს მოსარჩელის მიერ აღნიშნული უფლების რეალიზაციაში. ამდენად, მოსარჩელის არჩევით განსჯადობის დამდგენი ნორმა (სსკ-ის მე-20 მუხ.), განსაკუთრებული განსჯადობის წესთან ერთად (სსკ-ის მე-16 მუხ.), რომლის თანახმად სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, უზრუნველყოფს მოსარჩელის ინტერესების დაცვას. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 09.06.09წ. ¹1-1/1319 ბრძანების თაობაზე საქმის ტერიტორიული განსჯადობის დადგენისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი_სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 12.01.09წ. ¹14 წერილი გამოცემულია სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს მიერ, რომლის მისამართია ქ. ახალციხე, კეცხოველის ქ.¹6. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 09.06.09წ. ¹1-1/1319 ბრძანების კანონიერების საკითხი განხილული უნდა იქნეს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 12.01.09წ. ¹14 წერილის კანონიერების საკითხის განხილვასთან ერთად, ვინაიდან ორივე აქტი ერთი და იგივე სამართალურთიერთობას ეხება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ა. ვ-ძის, ო. ვ-ძის, ნ. მ-ძის, ნ. მ-ძისა და მ. პ-ძის სარჩელი განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ახალციხის რაიონულ სასამართლოს ტერიტორიული განსჯადობის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქმე ა. ვ-ძის, ო. ვ-ძის, ნ. მ-ძის, ნ. მ-ძისა და მ. პ-ძის სარჩელის გამო მოპასუხე ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ახალციხის რაიონულ სასამართლოს;
2. საქმე განსახილველად გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.