Facebook Twitter

ბს-103-102(გ-10) 24 თებერვალი, 2010წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

მოსარჩელე – შპს ,,...”

მოპასუხე _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

დავის საგანი – სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 20 ოქტომბერს შპს ,,...” დირექტორმა დ. ს-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2006 წლის 15-16 მაისს შპს ,,...” და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებები. ხელშეკრულებების გაფორმებას წინ უძღოდა შპს ,,...” გამარჯვება პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ტენდერში. აღნიშნული ხელშეკრულებებით შპს ,,..” დაევალა რვა სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება გარკვეულ ვადებში და გარკვეული პირობების შესრულებით.

მოსარჩელის მითითებით, შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მოხდა ხელშეკრულების პირობების დარღვევა, კერძოდ, 2006 წლის 9 ოქტომბერს მოპასუხემ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავდა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში საჯარო სკოლების შენობების რეაბილიტაციის განუხორციელებლობა გამოწვეული იყო შემსყიდველის ბრალით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დავალდებულებას თავი შეეკავებინა ისეთი ქმედების განხორციელებისაგან, რაც ზიანს მიაყენებს შპს ,,...” კანონიერ უფლებას და ინტერესს.

2006 წლის 24 ნოემბერს მოპასუხე _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეგებებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა შპს ,,...” დაეკისროს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არასრულად და არაჯეროვნად შესრულებისათვის ჯარიმის სახით 488 879,56 ლარის გადახდა; ასევე მოითხოვა, შპს ,,...” დაეკისროს დაუბრუნოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეუსრულებელი სამუშაოს თანხა 518 843.9 ლარი.

მოპასუხე შეგებებულ სარჩელში მიუთითებდა, რომ შპს ,,...” და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის დადებული ხელშეკრულების შესრულების ვადად განისაზღვრა 2006 წლის 2 ოქტომბერი.

ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-2 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების პირობების ჯეროვნად შესრულებაზე კონტროლი ევალებოდათ სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ინსპექტორებს და კოორდინატორებს. მათ მიერ წარმოდგენილ იქნა მოხსენებითი ბარათი, რომლის მიხედვითაც სამუშაო ვერ შესრულდა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და არც ნაწილობრივ შესრულებული სამუშაოს ხარისხი შეესაბამებოდა იმ სტანდარტებს, რაც მოპასუხეს მოეთხოვებოდა.

2009 წლის 8 დეკემბერს სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა ეკატერინე მაჩიტიძემ იშუამდგომლა საქმის განსჯად საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გადაგზავნის თაობაზე. შუამდგომლობას დაეთანხმა მოსარჩელე შპს ,,....” წარმომადგენელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 8 დეკემბრის განჩინებით შპს ,,...” სასარჩელო განცხადება მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ, ქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნისა და მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეგებებული სარჩელი შპს ,,...” მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების თაობაზე განსჯადობის წესის დაცვით გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი საქმეები განსაზღვრული იყო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლით. აღნიშნული მუხლის ნორმიდან გამომდინარე, დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის საჭიროა შემდეგი პირობების არსებობა: 1. სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული დავის საგანს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე შემთხვევა; 2. სადავო სამართალურთიერთობაში მონაწილე ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო (ე.წ. სამართალსუბიექტობის პრინციპი), თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს დავაში მხოლოდ მონაწილეობა არ წარმოადგენს დავის ადმინისტრაციული წესით განსახილველად მიჩნევისათვის აბსოლუტურ საფუძველს, არამედ ამისათვის უმთავრესია გაირკვეს თავად სადავო სამართალურთიერთობის არსი _ დავის საგანი და თუ რა სახის სარჩელია სასამართლოში წარდგენილი. სადაო ხელშეკრულების ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის ხელშეკრულებაში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა, აუცილებელია ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების განსაზღვრა, რადგან ხელშეკრულების მიზანი საჯარო უფლებამოსილებაში უნდა ვლინდებოდეს. კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება გამომდინარეობს სამოქალაქო ურთიერთობიდან, რაც არ შეიძლება განხილულ იქნეს ადმინისტრაციული წესით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 დეკემბრის განჩინებით შპს ,,...” სასარჩელო განცხადება მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ ქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნისა და მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეგებებული სარჩელი შპს ,,...” მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების თაობაზე განსჯადობასთან დაკავშირებული დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2006 წლის 15-16 მაისს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებები წარმოადგენს არა კერძოსამართლებრივ, არამედ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს, რის გამოც საქმე განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია აღნიშნავდა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად განიმარტება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად უნდა ჩაითვალოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ისახავს და ემსახურება ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მიზანს წარმოადგენდა საჯარო სკოლების ნორმალური ფუნქციონირება, რაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო უფლებამოსილებას განეკუთვნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ მოდავე მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, ხოლო ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, თანახმად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლისა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და განსჯადობის თაობაზე სასამართლოთა მოსაზრებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,...” სარჩელი მოპასუხის _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ ქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის შესახებ და მოპასუხე _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეგებებული სარჩელი შპს ,,...” მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯად დავას წარმოადგენს და განსახილველად მას უნდა დაექვემდებაროს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ დაქვემდებარებას. აღნიშნული მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილია ის სამოქალაქო საქმეები, რომლებსაც სასამართლო განიხილავს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. თავის მხრივ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიებს და ადგენს, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს, ანუ, რომელი საქმეები შეიძლება იქნეს განხილული ადმინისტრაციული იურისდიქციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

ამდენად, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ დავა მიჩნეულ იქნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივად, უმთავრესი და აუცილებელი პირობაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნებოდეს საჯარო-ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს (მოსარჩელის მოსაზრებით) მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამარლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.

საკასაციო სასამართლო სარჩელისა და შეგებებული სარჩელის შინაარსის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში აღძრულია სარჩელი კერძო სამართლის იურიდიულ პირსა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვნად შერულებისათვის, რომლის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს მათ შორის დადებული კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზგასმას აკეთებს იმ მოსაზრებებზე, რომ მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ტენდერის პირობების შეუსრულებლობა, მისი ჩატარების პროცედურებისა თუ წესების დარღვევა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ზ” პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირებთან, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებულ სამოქალაქო-სამართლლებრივ ხელშეკრულებას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხასიათის ხელშეკრულება და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ხასიათის განმსაზღვრელ ძირითად ელემენტს წარმოადგენს როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზანი, ისე სამართლებრივ ურთიერთობაში მისი, როგორც სუბიექტის, სამართლებრივი სტატუსი, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 651..1. მუხლის შესაბამისად, ცალსახად განისაზღვრა, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი და ამ პირობებში მასზე არ ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს: ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან საქმე გვაქვს მაშინ, როდესაც ის ადმინისტრაციული სამართლის ნორმების შესრულებას ემსახურება; ადმინისტრაციული ხელშეკრულება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა მმართველობითი ღონისძიების განხორციელების ვალდებულებას შეიცავს და ის ადგენს პირის საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებებს ან ვალდებულებებს. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მიზანი არ არის ადმინისტრაციული სამართლის ნორმების შესრულება ან სხვა მმართველობითი ღონისძიების განხორციელება. წინამდებარე შემთხვევაში მხარეთა შორის კერძოსამართლებრივი ურთიერთობა დაფუძნებულია არა ადმინისტრირების პრინციპზე, არამედ მხარეთა თანასწორუფლებიან პარტნიორობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე, შპს ,,...” სარჩელისა გამო მოპასუხე _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ ქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნისა და მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეგებებული სარჩელი შპს ,,...” მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების თაობაზე, განხილულ უნდა იყოს სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპების დაცვით და განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქმე შპს ,,...” სარჩელისა გამო მოპასუხე _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ ქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნისა და მოპასუხე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეგებებული სარჩელი შპს ,,...” მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.