ბს-1078-1048 (გ-10) 6 ოქტომბერი, 2010 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და გარდაბნის რაიონულ სასამართლოს შორის დავა გ. ხ-ძისა და ნ. მ-შვილის სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 12 ივლისს გ. ხ-ძემ და ნ. მ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებით ითხოვდნენ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის ¹1-1/524 ბრძანებისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს ¹319 და ¹320 ბრძანებების ბათილად ცნობას.
2010 წლის 29 ივლისს მოსარჩელეებმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებაში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ერთად მოპასუხედ მიუთითეს ასევე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ივლისის განჩინებით გ. ხ-ძისა და ნ. მ-შვილის სარჩელი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს მიმართ, განსახილველად გადაეგზავნა გარდაბნის რაიონულ სასამართლოს.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია განჩინებაში მიუთითებდა, რომ სსკ-ის მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. ამავე კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთის ადგილსამყოფელის მიხედვით. სასამართლო კოლეგიამ ასევე მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად სასამართლოში სარჩელის წარდგენისას დაცული უნდა იქნეს როგორც საგნობრივი, ისე ტერიტორიული და დარგობრივი განსჯადობის წესები, რის შესაბამისად, ჩათვალა, რომ სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც ზემოხსენებული საპროცესო ნორმების შესაბამისად უფლებამოსილია გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, იმ მოტივით, რომ სადავო უძრავი ქონების ადგილსამყოფელს წარმოადგენს გარდაბანი, სოფ. ..., წინამდებარე სარჩელი განსჯადობით უნდა გადაეგზავნოს გარდაბნის რაიონულ სასამართლოს.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 10 აგვისტოს განჩინებით გ. ხ-ძისა და ნ. მ-შვილის სარჩელი მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს მიმართ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის ¹1-1/524 ბრძანებისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს ¹319 და ¹320 ბრძანებების ბათილად ცნობის თაობაზე განსჯადობის დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს ¹319 და ¹320 ბრძანებები წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლითაც გაუქმდა ამავე ორგანოს მიერ მიღებული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმები ¹5515 და ¹5514, რომლებიც ასევე წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. გარდაბნის რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმღებ ორგანოს “საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს” აქტების გასაჩივრების წესსა და პირობებში მითითებული აქვს, რომ ისინი შეიძლება გასაჩივრდეს ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოში-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმღები ორგანოს “საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს” ადგილმდებარეობის მიხედვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის საფუძველზე, გარდაბნის რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე არის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენცია, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით კი, გარდაბნის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და გარდაბნის რაიონულ სასამართლოს შორის ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ხ-ძისა და ნ. მ-შვილის სარჩელი განსახილველად უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს, შემდეგ მოსაზრებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. იმავე მუხლის მე-3 ნაწილი ზოგადად უშვებს სასამართლოებს შორის დავას, რაც ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, სამოქალაქო სასამართლოებისაგან განსხვავებით, დაიშვება არა მხოლოდ საგნობრივ განსჯადობასთან დაკავშირებული დავა, არამედ აგრეთვე ტერიტორიულ განსჯადობასთან დაკავშირებული დავა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ხსენებული მუხლი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს გარდაბნის რაიონულ სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილი განსაკუთრებულ განსჯადობას ადგენს და მიუთითებს, რომ ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთზე, მათ შორის მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფელის მიხედვით. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ხსენებულ დავაზე აღნიშნული მუხლი ვერ გავრცელდება, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეები სადავოს ხდიან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს ¹319 და ¹320 ბრძანებების კანონიერებისა და ასევე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ¹1-1/524 ბრძანების კანონიერების საკითხს, რომლითაც მოსარჩელეებს უარი ეთქვათ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების თაობაზე შეტანილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე იმ სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. სარჩელის სათანადო კავშირი ტერიტორიასთან სარჩელის წარდგენის მომენტისათვის უნდა დადგინდეს. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 2007 წლის 11 იანვრის ¹1-1/24 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმიწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს დებულების პირველი მუხლით სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველო, საქართველოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს, რომლის იურიდიული მისამართია: რუსთავი, კოსტავას ქ ¹20, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული სარჩელის შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი ადმინისტრაციულ სამართალწარმოების წესით, მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს. რაც შეეხება მოსარჩელეთა მიერ მეორე მოპასუხედ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მითითებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამინისტროს სადავო აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად, ადმინისტრაციული საჩივარი ადმინისტრაციული ორგანიოსათვის არის საქმიანობის თვითკონტროლის საშუალება, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცესში ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს სადავო აქტის გამოცემის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადასტურა ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის მართლზომიერება. ამდენად, ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით და აგრეთვე, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა დედაქალაქის სასამართლოში თავმოყრის ტენდენციის შესუსტების მიზნით, სასამართლოში პროცესის ეკონომიურობის, მართმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 14 აპრილის ¹1-1/524 ბრძანების თაობაზე საქმის ტერიტორიული განსჯადობის დადგენისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები- საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს ¹319 და ¹320 ბრძანებები გამოცემულია ქვემო ქართლის სამხარე სამმართველოს მიერ, რომლის მისამართია ქ. რუსთავი, კოსტავას ქ ¹20.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი განსახილველად უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიული განსჯადობის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ხ-ძისა და ნ. მ-შვილის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს;
2. განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს;
3. განჩინება განსჯადობის თაობაზე საბოლოოა და არ საჩივრდება.