ბს-1079-1049(გ-10) 28 სექტემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და გარდაბნის რაიონული სასამართლოს შორის დავა განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 5 აგვისტოს თ. ბ-ძემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა ტაბახმელას ყოფილი საკრებულოს 01.11.2005 წლის ¹2023 წერილის ბათილად ცნობა და ა.წ გარდაცვლილი გ. მ-შვილის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობა მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო კოდებით ¹81.02.98.509, ¹81.02.98.510, ¹81.02.98.354, ¹81.02.98.512 (ს.ფ. 1-10).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 აგვისტოს განჩინებით თ. ბ-ძის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნა გარდაბნის რაიონულ სასამართლოს შემდეგი მოტივაციით:
საპროცესო კანონმდებლობის ზოგად პრინციპს წარმოადგენს სარჩელის აღძვრა მოპასუხის მისამართის (ადგილმდებარეობის) მიხედვით (სასკ-ის 15 მუხლი). აღნიშნულ ნორმაში მართალია მითითებულია იურიდიულ პირებზე და მათ ფილიალებზე, მაგრამ ვინაიდან საპროცესო კანონმდებლობა არ ახდენს ადმინისტრაციული ორგანოებისა და მათი სტრუქტურული (ტერიტორიული) ერთეულების წინააღმდეგ აღძრული დავების ტერიტორიული განსჯადობის სპეციალურ რეგლამენტაციას, მათ მიმართ ასევე გამოყენებულ უნდა იქნეს ამავე კოდექსის მე-15-16 მუხლების დებულებანი.
ამავე კოდექსის მე-18 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი საკუთრების უფლების შესახებ, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთებზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფელის მიხედვით (ნივთობრივი განსჯადობა).
საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოცემულ საქმეში მოპასუხედ ასევე ჩართულია ,,სააგენტო”, მაგრამ ფაქტობრივად მოთხოვნა მის მიმართ არ არის დაყენებული. ძირითად მოპასუხეს წარმოადგენს ,,სამსახური”, რაც არ იძლევა საფუძველს, გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის დებულება (სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით), აგრეთვე – სარჩელის დავის საგანია ტაბახმელას ყოფილი საკრებულოს მიერ გაცემული ცნობის ბათილად ცნობა, მოპასუხედ ტაბახმელას ყოფილი საკრებულოს უფლებამონაცვლე საქმეში მოპასუხედ არ არის დასახელებული, აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრებით, ამ მოთხოვნის მიმართ ვერც ,,სააგენტო” და ვერც ,,სამსახური” ვერ ჩაითვლება მოპასუხედ: ასეთად საქმეში ჩაბმული უნდა იყოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი, ტაბახმელას ყოფილი საკრებულოს უფლებამონაცვლე ადმინისტრაციული ორგანო.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ,,სამსახური” მდებარეობს ქ. გარდაბანში, ... ქ. ¹73-ში, სადავო მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც სარჩელით მოთხოვნილია საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება, მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში. გარდაბნის მუნიციპალიტეტი კი შედის გარდაბნის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში (იხ. ს.ფ. 25-26).
გარდაბნის რაიონული სასამართლო არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლის საფუძველზე წამოიწყო დავა განსჯადობის თაობაზე და საქმე განსჯადობის გადასაწყვეტად გადმოუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
ქ. თბილისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ ¹4173-რს დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები შეიცვალა ,,ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების პროექტის განხილვის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის ¹574 განკარგულებით მოწონებული ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების პროექტის მიხედვით. ქ. თბილისის ახალი ადმინისტრაციული საზღვრები დამტკიცდა თანდართული სქემატური რუკისა და ,,ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრის აღწერა 1:50 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის მიხედვით”. გარდაბნისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები შეიცვალა აღნიშნული დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ცვლილების შესაბამისად.
სასამართლოს განმარტებით, შეცვლილ იქნა ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებიც, კერძოდ: ტაბახმელა არ შედის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში, იგი უკვე თბილისის ტერიტორიულ საზღვრებში მოქეცა და შესაბამისად, ტაბახმელას ყოფილი საკრებულოს უფლებამონაცვლე ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს ქ. თბილისის მერია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის შესაბამისად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი თუ დავა ეხება უძრავ ნივთებს, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილმდებარეობის მიხედვით.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან, სადავო უძრავი ქონება მდებარეობს ქ. თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში, საქმე განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას (იხ. ს.ფ. 30-31).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოსა და გარდაბნის რაიონულ სასამართლოს მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ თ. ბ-ძის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გარდაბნის რაიონულმა სასამართლომ არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად ადმინისტრაციულ დავად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს _ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. ადმინისტრაციული კანონმდებლობის აღნიშნული პრინციპი კი ასახულია ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში /მუხლი 26-ე/, კერძოდ, უფლებამოსილი სასამართლოს მიერ დავის განხილვისა და გადაწყვეტის აუცილებლობაში.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.1. მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სარჩელის განსაჯად სასამართლოში წარდგენის ვალდებულებას, იმპერატიული შინაარსის ნორმაა, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან და მათი გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები.
საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ იმ მომენტიდან, როცა სასამართლო არაგანსჯადი ხდება, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს საქმე გადაუგზავნოს განსაჯად სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394 “ა” მუხლის თანახმად. ადმინისტრაციული სასამართლო, განსხვავებით სამოქალაქო სასამართლოსაგან, საქმის განსჯადობას ამოწმებს მოპასუხის მოთხოვნის გარეშეც, თავისი ინიციატივით, რამდენადაც, როგორც აღინიშნა, სასამართლო ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულია, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად, შეამოწმოს, განიხილა თუ არა საქმე უფლებამოსილმა სასამართლომ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ხსენებული მუხლი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.
როგორც საქმის მასალებით დასტურდება განსახილველ დავაში მოპასუხეებს წარმოადგენენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური, ხოლო დავის საგანს _ ტაბახმელას ყოფილი საკრებულოს 01.11.2005 წლის ¹2023 წერილის ბათილად ცნობა და ა.წ გარდაცვლილი გ. მ-შვილის საკუთრების უფლების სარეგისტრაციო ჩანაწერების ბათილად ცნობა მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო კოდებით ¹81.02.98.509, ¹81.02.98.510, ¹81.02.98.354, ¹81.02.98.512.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს არა უძრავი ქონება, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს განხორციელებული რეალაქტები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოებმა სადავო რეალაქტების სასამართლო წესით განსჯადობის განსაზღვრისას უნდა დაადგინონ არა ის ფაქტი, თუ რას ეხება გამოცემული აქტები და სად მდებარეობს სადავო უძრავი ქონება, არამედ აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოების ადგილსამყოფლის მიხედვით უნდა გამოარკვიონ, თუ რომელი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება საქმე განსახილველად.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას, რომ სარჩელის დავის საგანია ტაბახმელას ყოფილი საკრებულოს მიერ გაცემული ცნობის ბათილად ცნობა, მოპასუხედ კი, ტაბახმელას ყოფილი საკრებულოს უფლებამონაცვლე საქმეში მოპასუხედ არ არის დასახელებული და ამ მოთხოვნის მიმართ საქმეში მოპასუხედ უნდა იქნეს ჩაბმული ტაბახმელას ყოფილი საკრებულოს უფლებამონაცვლე ადმინისტრაციული ორგანო, მაგრამ ვერ გაიზიარებს სასამართლოს მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ტაბახმელას ყოფილი საკრებულოს უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმული უნდა იყოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის უფლებამონაცვლე, ვინაიდან, ქ. თბილისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ ¹4173-რს დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები შეიცვალა და ,,ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების პროექტის განხილვის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის ¹574 განკარგულებით მოწონებული ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების პროექტის მიხედვით. აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული ცვლილების შესაბამისად, ტაბახმელა ქ. თბილისის შემადგენლობაში შევიდა, შესაბამისად, ტაბახმელას ყოფილი საკრებულოს უფლებამონაცვლეს წარმოადგენდა არა გარდაბნის მუნციპალიტეტის გამგეობა, არამედ ქ. თბილისის მერია.
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ განსაკუთრებულ განსჯადობასთან /ქონების უფლებრივი დატვირთვის, ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთის ადგილსამყოფელის მიხედვით/ დაკავშირებით განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ასკ-ის 1.2 მუხლის მიხედვით სსსკ-ის დებულებები გამოიყენება ნეგატიური დათქმის პრინციპის საფუძველზე.
სსსკ-ის მე-18 მუხლის ნორმა ადგენს სპეციალურ განსჯადობას და პროცესის ეკონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე უშვებს შესაძლებლობას - განსჯადი სასამართლო განისაზღვროს უძრავი ნივთის ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით.
განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს არა უძრავ ნივთებთან დაკავშირებული კონფლიქტი, არამედ სარჩელის ობიექტია – ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებული მოქმედებების – უძრავი ნივთის სარეგისტრაციო ჩანაწერების კანონიერება, რა დროსაც, საერთო განსჯადობის წესების საფუძველზე სარჩელი უნდა წარედგინოს, განიხილოს და გადაწყვიტოს მოპასუხის ადგილსამყოფელის შესაბამისმა სასამართლო ორგანომ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ქ. თბილისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ ¹4173-რს დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები შეიცვალა ,,ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების პროექტის განხილვის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის ¹574 განკარგულებით მოწონებული ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების პროექტის მიხედვით. ის უძრავი ქონება, რომლის რეგისტრაციის ბათილად ცნობასაც ეხება სარჩელი - ქ. თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში მდებარეობს, წარმოდგენილი სასარჩელო განცხადება, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის საფუძველზე, საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო 1.2; 2.1; 26.3, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ბ-ძის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. წინამდებარე განჩინება გაეგზავნოს მხარეებს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.