ბს-1081-1050 (გ-10) 28 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე _ გ. ნ-ძე
მოპასუხეები _ ბ. ა-შვილი; ი. მ-ძე; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 26 აგვისტოს გ. ნ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების – ბ. ა-შვილის, ი. მ-ძისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მას 1990 წლიდან 2008 წლის 20 ივნისამდე თვითნებურად ჰქონდა დაკავებული ქ. თბილისში ... მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი, რომელსაც ფლობდა, როგორც საკუთარს. 2008 წელს, საქართველოს პრეზიდენტის ¹525 ბრძანებულებით ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის შესახებ” და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, ქ. თბილისის მერიამ მოსარჩელეს საკუთრებაში გადასცა აღნიშნული მიწის ნაკვეთი, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მიწის ნაკვეთი არავის საკუთრებაში არ ირიცხებოდა.
მოსარჩელის მითითებით, სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების შემდგომ, ნათელი გახდა, რომ საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზეც საკადასტრო მონაცემებთან ერთად სადავო მიწის ნაკვეთის საზღვრები იყო ასახული ფარავდა სხვა მიწის ნაკვეთების მონაცემებს.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ _ ბ. ა-შვილმა ... მეურნეობის (...) მიმდებარე ტერიტორიაზე 2006 წელს შეიძინა და საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა შეძენილი ნაკვეთი, როგორც დაუზუსტებელი ფართი, ხოლო 2008 წლის მაისში, ნაკვეთის ადგილმდებარეობის დაზუსტების მიზნით, არაკეთილსინდისიერად გამოიყენა რა ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონი, საჯარო რეესტრისათვის მიწოდებული განზრახ არასწორი ინფორმაციის საფუძველზე, დაარეგისტრირა 3844 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ჩანაწერით), საკ. კოდით ..., რომელმაც პროგრამულად გადაფარა მოსარჩელის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ბ. ა-შვილის მიერ 2006 წელს შეძენილი მიწის ნაკვეთის მონაცემები განსხვავდებოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრირებული მონაცემებისაგან, რაც დადასტურდა ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროსა და კერძო სპეციალისტის _ ლ. ჟ-იას მიერ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ... მეურნეობაში (...) მდებარე მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის, მასში ასახული მონაცემებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 31 აგვისტოს განჩინებით გ. ნ-ძის სარჩელი, განსჯადობის შესაბამისად, განსახილველად გადაეგზავნა გარდაბნის რაიონულ სასამართლოს.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინებოდა მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამავე კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად კი, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე, ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხებოდა უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილი ყოფილიყო სასამართლოში ნივთის ადგილსამყოფელის მიხედვით.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან, სადავო უძრავი ნივთის ადგილსამყოფელი იყო გარდაბანი, ... მეურნეობა, სარჩელი ნივთობრივი განსჯადობის შესაბამისად, გარდაბნის რაიონულ სასამართლოს უნდა გადაგზავნოდა.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მიუხედავად მოსარჩელის მიერ მოპასუხედ _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მითითებისა, საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე სარეგისტრაციო წარმოება გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს ჰქონდა განხორციელებული, შესაბამისად, დავის საგნიდან გამომდინარე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია სარჩელის გარდაბნის რაიონული სასამართლოსათვის დაქვემდებარება.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 სექტემბრის განჩინებით გ. ნ-ძის სარჩელი, მოპასუხეების – ბ. ა-შვილის, ი. მ-ძისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე განსჯადობის დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ ¹4173-რს დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები შეიცვალა ,,ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების პროექტის განხილვის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის ¹574 განკარგულებით მოწონებული ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების პროექტის მიხედვით. ქ. თბილისის ახალი ადმინისტრაციული საზღვრები დამტკიცდა თანდართული სქემატური რუკისა და ,,ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრის აღწერა 1:50 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის მიხედვით”. გარდაბნისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები შეიცვალა აღნიშნული დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ცვლილების შესაბამისად.
რაიონული სასამართლოს მითითებით, აღნიშნული დადგენილების თანახმად, ... მეურნეობა მოექცა თბილისის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში. ამასთან, საქმეში მითითებული მოპასუხეების ადგილსამყოფელი იყო ქ. თბილისი.
ამდენად, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული საქმე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 და მე-16 მუხლების შესაბამისად, განსჯადობით განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას უნდა დაქვემდებარებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გარდაბნის რაიონული სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ხსენებული მუხლი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს განსაკუთრებულ განსჯადობას, რომლის საფუძველზეც ქონების უფლებრივი დატვირთვის, ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთზე, მათ შორის მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთის ადგილსამყოფელის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის ანალიზი ნათლად გვიჩვენებს, რომ დასახელებული საპროცესო ნორმა ადგენს სპეციალურ განსჯადობას და იძლევა შესაძლებლობას, შესაბამისი სუბიექტური და ობიექტური გარემოებების არსებობისას, განსჯადი სასამართლო განისაზღვროს უძრავი ნივთის ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ ¹4173-რს დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები შეიცვალა ,,ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების პროექტის განხილვის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის ¹574 განკარგულებით მოწონებული ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების პროექტის მიხედვით. აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული ცვლილების შესაბამისად, ... მეურნეობის მიმდებარე ტერიტორია (...) ქ. თბილისის შემადგენლობაში შევიდა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ. ნ-ძის სასარჩელო მოთხოვნას ... მეურნეობაში (...) მდებარე მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის, მასში ასახული მონაცემებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სადავო უძრავი ქონება ქ. თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში მდებარეობს, წარმოდგენილი სასარჩელო განცხადება ნივთის ადგილსამყოფელის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით და 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ნ-ძის სარჩელი, მოპასუხეების _ ბ. ა-შვილის, ი. მ-ძისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.