ბს-1114-1070(კ-09) 31 მაისი,2010 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
საკასაციო სასამართლომ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა დ. მ-შვილის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა პალატებს შორის დავა განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
დ. გ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა აჭარის ა.რ. სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს და ქობულეთის რაიონის გამგეობას, რომლითაც მოითხოვა მის მფლობელობაში მყოფი ფართის საკუთრების უფლებით რეგისტრაცია. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ქობულეთის სასათბურე კომბინატის 07.07.98წ. ¹1 კრების ოქმის საფუძველზე მას გამოეყო სამოთახიანი ბინა მდებარე ქ. ქობულეთში, ... ქ. ¹... “ჟ” სახლში, მე-... სადარბაზო, ბ. ¹... მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ქობულეთის გამგეობას, რომლითაც მოითხოვა ბინის პრივატიზაცია. გამგეობამ თხოვნა არ დააკმაყოფილა. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა 158-ე და 161-ე მუხლები.
მოპასუხეებმა – აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ქობულეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებმა დ. მ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა ცნეს. ქობულეთის რაიონული სასამართლოს 21.06.05წ. გადაწყვეტილებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საკუთრების უფლებით ბინის გატარება რეგისტრაციაში მოქ. დ. მ-შვილის სახელზე. სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა სკ-ის 158-ე, 161-ე მუხლები. სასამართლომ აღნიშნა, რომ ბინა მოსარჩელეს იმ დროს მოქმედი წესის დაცვით გამოეყო, რატომღაც არ მოხდა ბინაზე შესაბამისი ორდერის გამოწერა, ამასთან მესაკუთრე ლიკვიდირებულია და სადავო ბინა აღარ ირიცხება გამგეობის ბალანსზე, მოსარჩელე კი ცხოვრობს და კეთილსინდისიერად იხდის გადასახადებს. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა.
10.04.06წ. განცხადებით ზ. A-ძემ სსკ-ის 422-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 21.06.05წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ... ქ. ¹...-ში მდებარე საცხოვრებელ ბინას 1989 წლიდან ფლობდნენ ამავე საცხოვრებელ სახლში მცხოვრები მფლობელები, ხოლო 2005 წლიდან სადავო ბინაში მისი ოჯახი შესახლდა, დ. მ-შვილს ბინით არასოდეს უსარგებლია. 25.07.07წ. განჩინებით ზ. A-ძის განცხადების მოთხოვნა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 21.06.05წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ განმცხადებლის ოჯახის შესახლება ბინაში ვერ გახდება საქმის წარმოების განახლების საფუძველი, ვინაიდან განმცხადებელმა სსკ-ის 120-ე მუხლის შესაბამისად ვერ წარმოადგინა ბინის მისთვის გამოყოფის და მასზე თავისი კანონიერი უფლების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
07.12.06წ. დ. მ-შვილმა სანოტარო წესით დამოწმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ქობულეთი, ... ქ. ¹... “ჟ”, ბ...., თანაბარწილად მიყიდა ი. შ-შვილს და ჯ.ს-ძეს.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 30.03.07წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. შ-შვილის სარჩელი, მოპასუხეები: ზ. A-ძე, ე. მ-ძე, ლ. A-ე და ლ. A-ძე გამოსახლებულ იქნენ ქ. ქობულეთში, ... ქ. ¹... “ჟ” /61-ში მდებარე საცხოვრებელი ბინიდან და ფართი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა ი. შ-შვილს.
ზ.აბაშიძემ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ 06.07.07წ. განცხადებით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს, განმცხადებელმა მიუთითა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ 25.06.07წ. დადგენილებით დადასტურებულია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დ. მ-შვილის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ყალბ დოკუმენტს ემყარება, დადგენილებით სისხლის სამართლის საქმე შეწყდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის მოტივით. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა სსკ-ის 423-ე მუხლის 1 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 01.11.07წ. განჩინებით ზ. A-ის განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა 26.03.06წ. გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება დ. მ-შვილის სარჩელზე საცხოვრებელ ფართზე რეგისტრაციის დავალდებულების შესახებ.
ბათუმის რაიონული პროკურორის 14.11.07წ. დადგენილებით სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილება გაუქმდა, საქმე გადაეცა გამოძიებას შემდგომი დაგეგმვის მიზნით.
28.01.08წ. საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ი. შ-შვილი. 28.01.08წ. განჩინებით სსკ-ის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე დ. მ-შვილის სარჩელზე, მოპასუხე – ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, მესამე პირი – ზ. A-ძის და ე. მ-ძის მიმართ, უძრავი ქონების საკუთრების უფლებით აღიარებისა და სამართლებრივი რეგისტრაციის შესახებ შეჩერდა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე დ. მ-შვილის მიმართ ყალბი დოკუმენტის გამოყენების თაობაზე მიმდინარეობდა წინასწარი გამოძიება, რის გამოც სისხლის სამართლის საქმის გადაწყვეტამდე შეუძლებელი იყო საქმის გადაწყვეტა.
ბათუმის რაიონული პროკურატურის 10.10.08წ. დადგენილებით, სისხლის სამართლის დევნის ხანდამულობის ვადის გასვლის გამო, შეწყდა წინასწარი გამოძიება ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე. ქობულეთის რაიონული სასამართლოს 02.12.08წ. განჩინებით საქმის წარმოება განახლდა, ხოლო 22.01.09წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სასამართლომ მიუთითა, რომ საგამოძიებო ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიების შეწყვეტის შესახებ, რომელიც არარეაბილიტირებული მოტივით არის გამოტანილი, კერძოდ, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, წარმოადგენს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას და თავისი შინაარსით უტოლდება კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო განაჩენს. დ. მ-შვილს არ გაუსაჩივრებია დადგენილება და არ მოუთხოვია საქმის სასამართლოში წარმართვა გამამართლებელი განაჩენის დადგენის მიზნით. სასამართლომ მიუთითა აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სხვა საფუძველიც, სკ-ის 183- ე მუხლის ადრინდელი რედაქცია მოითხოვდა უძრავი ნივთის შესაძენად სანოტარო წესით დამოწმებულ საბუთს და შემძენის რეგისტრაციას საჯარო რეესტრში, აღნიშნული მოთხოვნა ავალდებულებდა მოსარჩელეს მოეხდინა 03.05.93წ. ქობულეთის სასათბურე კომბინატის ადმინისტრაციასა და პროფკავშირების გაერთიანებულ კრებას და ამავე ორგანიზაციის 07.07.98წ. ¹1 ოქმის სანოტარო წესით დამოწმებას, რაც არ მომხდარა.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 22.01.09წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. მ-შვილმა, რომელმაც 22.01.09წ. გადაწყვეტილების და 01.11.07წ. განჩინების გუქმება და ზ. A-ძის განცხადების განუხილველად დატოვება მოითხოვა, 01.11.07წ. განჩინების ძალაში დატოვების შემთხვევაში აპელანტმა მოითხოვა მისი სარჩელის მოთხოვნის, კერძოდ, ქ. ქობულეთში, ... ქ. ¹... “ჟ”-ში მდებარე ¹..-ე ბინის მის საკუთრების უფლებით აღიარება და სამართლებრივი რეგისტრაციის შესახებ, დაკმაყოფილება. აპელანტმა აღნიშნა, რომ ქობულეთის რაიონული სასამართლოს 05.09.06წ. განჩინებით ზ. A-ძის განცხადება 21.06.05წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი იმ მოტივით, რომ იგი წარმოადგენდა არაუფლებამოსილ (არასათანადო) მხარეს განსახილველ დავაში ანუ არ მიეკუთვნებოდა იმ პირთა წრეს, რომელთა მოთხოვნით შესაძლებელი იყო კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება, რადგანაც სსკ-ის 102-ე მუხლის შესაბაიმისად ვერ წარმოადგინა მითითებული ბინის მისთვის გამოყოფის და მასზე თავისი კანონიერი უფლების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ამდენად სასამართლოს 05.09.06წ. განჩინებით დადასტურებულია, რომ ზ. A-ძე არ წარმოადგენდა უფლებამოსილ მხარეს. სსკ-ის 275.1 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად ზ. A-ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით განუხილველად უნდა დარჩენილიყო, რადგან იგი არ იყო აღნიშნული განცხადების შეტანაზე უფლებამოსილი პირი. აპელანტი მიიჩნევს აგრეთვე, რომ საქმის არსებითი განხილვის შემთხვევაშიც უნდა დაკმაყოფილებულიყო სასარჩელო მოთხოვნა, რადგან 06.05.93წ. ქობულეთის სასათბურე კომბინატის ადმინისტრაციასა და პროფკავშირების გაერთიანებული კრების ოქმი ¹1 და ¹5 ბინის გამოყოფის შესახებ არ არის გაუქმებული, აღნიშნული დოკუმენტაციის სიყალბე არ არის დადასტურებული სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, რომც არსებობდეს სისხლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. ¹73 ბრძანებულების შესაბამისად არსებობს საფუძველი ბინის საკუთრების უფლებით დაკანონების, რადგანაც აღნიშნული ბინის რეგისტრაცია დღემდე არსებობს (ბინა ირიცხება მესამე პირის – ი. შ-შვილის საკუთრებაში), ხოლო ზემოაღნიშნული ბრძანებულების მე-2 მუხლის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად “კანოენიერ მოსარგებლედ ჩაითვლება პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 19.03.09წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. პალატამ მიუთითა, რომ აპელანტის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, რის გამო სასკ-ის 2.1 მუხლის თანახმად, დავა განხილულ და გადაწყვეტილ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.07.09წ. განჩინებით საქმე ¹3/ბ-213-09წ. დ. მ-შვილის სარჩელისა გამო, ურავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარებისა და მისი სამართლებრივ რეგიტსრაციაში გატარების შესახებ განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის განხილვის შედეგად არ დადასტურდა მოსარჩელის მსჯელობა ყოფილი სასათბურე მეურნეობის ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი კორპუსის, მეურნეობის ლიკვიდაციის გამო, ქობულეთის რაიონის გამგეობისათვის გადაცემის შესახებ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო სახლთმფლობელობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ იმყოფება და სახელმწიფო საკუთრებას არ წარმოადგენს. მესამე პირის – ზ. A-ძის წარმომადგენლის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ ქ. ქობულეთში, ... ქ. ¹...-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეთა ამხანაგობის დებულების თანახმად, ბინებისა და არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრეა ამხანაგობა “...”. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დავაში ადმინისტრაციული ორგანოების მონაწილეობა, აგრეთვე მოთხოვნის საფუძვლად საქართველოს პრეზიდენტის 23.01.07წ. ¹73 ბრძანებულების მითითება არ გააპირობებს დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ხასიათს, ვინაიდან ბრძანებულებით დამტკიცებული წესის 1-ლი მუხლის თანახმად ის არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში არსებული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესს და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს, ამდენად მითითებული აქტით კერძო საკუთრებაში გადაიცემა მხოლოდ სახელმწიფო საბინაო ფონდში არსებული არაპრივატიზებული ფართი. მოცემულ შემთხვევაში სადავო სახლთმფლობელობა არ იმყოფება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საბინაო ფონდის ბალანსზე და არ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, შესაბამისად აღნიშნული დებულების საფუძველზე კერძო პირებისათვის სადავო საცხოვრებელი ფართის საკუკთრებაში გადაცეკმა დაუშვებელია, რასაც ადასტურებს კიდევაც როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა, ისე აჭარის ა.რ. ფინანთა და ეკონომიკის სამინისტრო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, რის გამოც დავა არ არის ადმინისტრაციული წესით განსახილველი. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის მეორე ნაწილს, სარეგისტრაციო სამსახურისათვის მოსარჩელის საკუთრებად სადავო ბინის აღრიცხვას, აღნიშნული პალატის აზრით არ წარმოადგენს სარჩელის დამოუკიდებელ საგანს, იგი გამომდინარეობს სასარჩელო მოთხოვნის პირველი ნაწილიდან და მისი თანამდევი შედეგია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე დ. მ-შვილი 06.06.05წ. აღძრულ სარჩელში მოპასუხეებად დაასახელა აჭარის ა.რ. ქონების მართვის სააგენტო და ქობულეთის რაიონის გამგეობა. ამდენად, განსახილველ დავაში მოპასუხეს წარმოადგენენ ადმინისტრაციული ორგანოები. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება საქმეები იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელე უთითებდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლს (ტ.1, ს.ფ. 2), მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავდა, რომ თავდაპირველად ბინის პრივატიზების მოთხოვნით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს -ქობულეთის რაიონის გამგეობას, რომელმაც არ დააკმაყოფილა მისი განცხადება და განუმარტა სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობაზე, მოსარჩელე ითხოვს ბინის პრივატიზაციის მომწესრიგებელი კანონმდებლობის მიხედვით, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული “კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის” ნორმების საფუძველზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას (ს.ფ.103), სადავო ბინის საჯარო რეესტრში მის სახელზე რეგისტრაციას, რაც განსახილველ საქმეს ადმინისტრაციულ კატეგორიათა რიგს მიაკუთვნებს. ამდენად, დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან (სასკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილი), სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტური შემადგენლობა, ასევე მისი იმანენტური ბუნება მიანიშნებს, დავის ადმინისტრაციული საპროცესო ნორმების საფუძველზე განხილვის საჭიროებაზე. ის გარემოება, რომ სადავო ბინა აშენებული იყო სასათბურე მეურნეობის მიერ, ასევე მრავალბინიან სახლში მესაკუთრეთა მიერ ბინის ამხანაგობის შექმნა არ ადასტურებს დავის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვის საჭიროებაზე, ვინაიდან მეურნეობა წარმოადგენდა სახელმწიფო საწარმოს, მის მიერ აშენებული საცხოვრებელი კორპუსი იქნებოდა უწყებრივი და წარმოადგენდა სახელმწიფო საბინაო ფონდის შემადგენელ ნაწილს. 26.09.06წ. ბინის მესაკუთრეთა ¹1 ოქმის თანახმად (ს.ფ.182), ამჟამად საცხოვრებელი სახლი გადაეცა ქ. ქობულეთის საკრებულოს, კორპუსის ბინის ნაწილი პრივატიზებულია და ეს პროცესი გრძელდება. მოსარჩელის მიერ მოპასუხედ დასახელებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა სსკ-ის 85-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს მიერ არ მიჩნეულა არასათანადო მოპასუხედ, ამასთანავე, დაუსაბუთებელია ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.07.09წ. განჩინებაში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეთა ამხანაგობის დებულების თანახმად, ბინებისა და არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრეა მრავალბინიანი სახლის ბინისა და არასაცხოვრებელი სახლის მესაკუთრთა ამხანაგობა “თანადგომა”. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უძრავი ქონების საკუთრება დასტურდება არა დებულებით, არამედ საჯარო რეესტრის ჩანაწერით, ამასთანავე ბ.მ.ა. “...ს” დებულება (ს.ფ.174-180) არ შეიცავს ასეთ მითითებას, გარდა ამისა სადავო სამართალურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი (სამოქალაქო კოდექსის 208-232 მუხ.) და ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის (“ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” კანონი) თანახმად, არა ამხანაგობის, არამედ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას შეადგენს – მიწის ნაკვეთი, ამავე ნაკვეთზე განთავსებული მრავალბინიანი სახლი, მასთან დაკავშირებული მომსახურე საინჟინრო ქსელების, მოწყობილობა-დანადგარების, შენობა-ნაგებობებისა და კეთილმოწყობის ობიექტების ერთობლიობა, რომელიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში, ბინა მრავალბინიან სახლში – ინდივიდუალური საკუთრების საგანია, კორპუსის ბინები იმყოფება არა ამხანაგობის, არამედ კონკრეტული პირების საკუთრებაში, ამხანაგობის წევრები არიან მრავალბინიან სახლებში ბინისა და არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრეები, ამხანაგობის ცალკეულ წევრთა წილი საერთო საკუთრებაში შეესაბამება მისი ინდივიდუალურ საკუთრებაში მყოფი ფართის წილს სახლის საერთო ფართში. ის გარემოება, რომ ბინა არ იმყოფება გამგეობის ბალანსზე არ ადასტურებს ბინაზე ამხანაგობის საკუთრებას, საქმეში არ მოიპოვება სადავო ბინის სახელმწიფო საკუთრებიდან კერძო – სამართლებრივი პირისათვის საკუთრებაში გადაცემის რაიმე დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო სამართალურთიერთობები საგნობრივად ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ქვემდებარეა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, 26-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
2. საქმე განსახილველად გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.