Facebook Twitter

ბს-1129-1077(გ-09) 8 თებერვალი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “...”

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 17 აგვისტოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალურმა ცენტრმა შუამდგომლობით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოვალის _ შპს “...” მიმართ და განმარტა, რომ შპს “...” რეგისტრირებულია გარდაბნის საგადასახადო ინსპექციაში, გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია რუსთავის რეგიონალურ ცენტრში, მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი ..................... 2009 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით საწარმოს ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს ბიუჯეტის მიმართ შეადგენს 177 290.05 ლარს (ას სამოცდაჩვიდმეტი ათას ორას ოთხმოცდაათ ლარს და ხუთ თეთრს), საიდანაც გადასახადის ძირითადი თანხაა 58 517.52 ლარი (ორმოცდათვრამეტი ათას ხუთას ჩვიდმეტი ლარი და ორმოცდათორმეტი თეთრი), ხოლო სანქცია-საურავი _ 118 772.53 ლარი (ას თვრამეტი ათას შვიდას სამოცდათორმეტი ლარი და ორმოცდაცამეტი თეთრი). ვინაიდან გადასახადის გადამხდელი ნებაყოფლობით არ ასრულებს აღნიშნულ საგადასახადო ვალდებულებებს, შესაბამისად, რუსთავის რეგიონალური ცენტრი უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XI თავით გათვალისწინებულ საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს.

შუამდგომლობის ავტორმა საგადასახადო კოდექსის 87-ე და 88-ე მუხლებზე, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის ¹10 და ¹14 დადგენილებებსა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII5 თავის საფუძველზე მოითხოვა ბრძანების გაცემა, ყადაღის აქტში ჩამოთვლილ შპს “...” საკუთრებაში არსებული ყადაღადადებული უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაციის მიზნით ღია აუქციონის გამართვის თაობაზე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის შუამდგომლობა მოვალის _ შპს “...” მიმართ, ყადაღადადებული უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე განსჯადობის შესაბამისად, განსახილველად გადაეგზავნა გარდაბნის რაიონულ სასამართლოს.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2121-ე, 26-ე მუხლებსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 284-ე 285-ე, 414-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ საქმის განმხილველ უფლებამოსილ სასამართლოს გარდაბნის რაიონული სასამართლო წარმოადგენდა, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2121-ე მუხლის თანახმად, ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფელის მიხედვით.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის შუამდგომლობა შპს “...” მიმართ, ყადაღადადებული უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე განსჯადობის დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

გარდაბნის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2121 მუხლის თანახმად, გადამხდელის ადგილსამყოფლად ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, იგულისხმება გადასახადის გადამხდელის რეგისტრაციის ადგილი (მოცემულ შემთხვევაში ქ. რუსთავი) და არა ამ მეურნე-სუბიექტის იურიდიული მისამართი ან ქონების ადგილსამყოფელი. თუ კანონის მიხედვით ნაგულისხმევი იქნებოდა იურიდიული მისამართი ან ქონების ადგილსამყოფელი, აღნიშნულს დაარეგულირებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 და მე-18 მუხლები.

გარდაბნის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა რუსთავის საქალაქო სასამართლოს განსჯადი იყო, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2121-ე მუხლი წარმოადგენს სპეციალურ ნორმას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გარდაბნის რაიონულ სასამართლოსა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს გარდაბნის რაიონული სასამართლო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მოწინააღმდეგე მხარეს წარმოადგენს გადასახადის გადამხდელი _ შპს “...”, რომლის იურიდიული მისამართია გარდაბნის რ-ნი, ...ის ქ. ¹2, ხოლო დავის საგანს _ ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია. რუსთავის რეგიონალური ცენტრის საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის შესახებ 2009 წლის 20 თებერვლის ¹041-17 შეტყობინებით დგინდება, რომ შპს “..” ეცნობა საგადასახადო კოდექსის 85-ე მუხლის საფუძველზე საწარმოს მიმართ წარმოშობილი საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის თაობაზე (ს.ფ. 13). ასევე საქმეში წარმოდგენილი 2007 წლის 22 თებერვლის მოვალის ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტით დგინდება, რომ ქონების დაყადაღების მიზნით აღწერილ იქნა გარდაბანში არსებული “...” კუთვნილი ქონება (ს.ფ. 25).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII5 თავით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2121-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფელის მიხედვით. ამავე კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს გარდაბნის რაიონული სასამართლოს მოსაზრებას, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2121-ე მუხლი, როგორც სპეციალური ნორმა მასში მითითებულ გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფელში გულისხმობს პირის გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ადგილს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სწორედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2121-ე მუხლი მიიჩნევს გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფელად არა მის გადამხდელად რეგისტრაციის ადგილს, არამედ, ამ შემთხვევაში, საწარმოს იურიდიულ მისამართს. ამდენად, აღნიშნული ნორმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის შესაბამისად, ადგენს სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენას იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს საერთო განსჯადობას და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი. რაც შეეხება ქონების ადგილსამყოფელის მიხედვით (ნივთობრივი განსჯადობა) სარჩელის (ამ შემთხვევაში შუამდგომლობის) განსჯადობის წესს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2121-ე მუხლი საერთოდ არ ითვალისწინებს. ამ კუთხით განსჯადობის თაობაზე დავის წამოჭრისას ამავე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოქმედებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლი, რომლის პირველი ნაწილი ადგენს განსაკუთრებულ გასჯადობას. კერძოდ ქონების უფლებრივი დატვირთვის, ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთის ადგილსამყოფელის მიხედვით. აღნიშნული საპროცესო ნორმა ადგენს სპეციალურ განსჯადობას და იძლევა შესაძლებლობას, შესაბამისი გარემოებების არსებობისას, განსჯადი სასამართლო განისაზღვროს უძრავი ნივთის ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს “...” იურიდიული მისამართი და ყადაღადადებული ქონებაც გარდაბნის რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში მდებარეობს, წარმოდგენილი შუამდგომლობა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს გარდაბნის რაიონულ სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით და 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილით და 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე _ შპს “...” მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს გარდაბნის რაიონულ სასამართლოს;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.