ბს-121-118(გ-10) 25 მარტი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე _ ა. გ-ევი
მოპასუხე _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს
სარეგისტრაციო სამსახური
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 5 ოქტომბერს ა. გ-ევმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2009 წლის 22 ივლისს მან განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია საცხოვრებელ სახლზე, რომელიც მდებარეობდა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ .... თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და განმცხადებელს განესაზღვრა 30 დღე, რათა წარმოედგინა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ვინაიდან წარმოდგენილი ნახაზით მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მეზობელი ნაკვეთის საზღვრებში. მოსარჩელის განმარტებით, თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურიდან გადაგზავნილი დოკუმენტებიდან გაირკვა, რომ 2008 წლის 5 ნოემბერს მ. ჩ-დუზე (ჩ-ოვა) დარეგისტრირებული იყო თეთრწყაროში, სექტორ ..., მე-2 კვარტალში ნაკვეთის ¹744 საკარმიდამო მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი სახლით, რომლის ფართობი იყო 1088 კვ.მ, რის შემდეგაც აღნიშნული უძრავი ქონება გაიყიდა და დარეგისტრირდა თ. თ-ძის სახელზე.
მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებით მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2008 წლის 5 ნოემბერს მ. ჩ-დუზე (ჩახჩახოვაზე) და 2008 წლის 6 დეკემბერს თ. თ-ძის სახელზე თეთრწყაროში, სექტორ წინწყაროში, მე-2 კვარტალში მდებარე ¹744 ნაკვეთზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 2 დეკემბრის განჩინებით ალექსანდრე გაისარლიევის სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი წარდგენილ უნდა ყოფილიყო იმ სასამართლოში, რომელიც უფლებამოსილი იყო განეხილა და გადაეწყვიტა ადმინისტრაციული საქმე. არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს უგზავნიდა განსჯად სასამართლოს და ამის შემდეგ აცნობებდა მოსარჩელეს. ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს სარჩელი წარედგინებოდა მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში, კი მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მდებარეობდა ქ. თბილისში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 30 დეკემბრის განჩინებით ა. გ-ევის სარჩელი მოპასუხის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ საქმის მასალებთან ერთად განსჯადობის შესახებ სასამართლოთა შორის დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი უნდა წარედგინებოდა მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს უნდა წარედგინოს იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხებოდა უძრავ ნივთებზე, მათ შორის მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილი ყოფილიყო სასამართლოში ადგილსამყოფელის მიხევით. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, მოსარჩელემ სადავოდ გახადა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 5 ნოემბრისა და 2008 წლის 6 დეკემბრის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერება, რითაც მ. ჩ-დუსა და თ. თ-ძის სახელზე დარეგისტრირდა საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, რომელიც მდებარეობდა თეთრწყაროში, სექტორ ..., მე-2 კვარტალში. ამდენად მხარემ გაასაჩივრა მარეგისტროირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ ა. გ-ევს სადავოდ არ გაუხდია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების კანონიერება და არც მოპასუხედ დაუსახელებია მითითებული აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო. ამდენად, ხსენებული საქმე ვერ იქნებოდა განხილული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ. სასამართლოს განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსარჩელე გაასაჩივრებდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში, მოცემულ საქმეზე ადგილი ექნებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ განსჯადობას, როდესაც იარსებებდა რამოდენიმე მოპასუხე და შესაძლებელი იქნებოდა სარჩელი წარდგენილი ყოფილიყო ერთ-ერთი მათგანის ადგილსამყოფელის მიხედვით. დადგენილი იყო ის ფაქტი, რომ მოსარჩელის მიერ არჩეულ იქნა სასამართლო და მან უფლებების დაცვის მიზნით მიმართა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს. ამას გარდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლიდან გამომდინარე, ა. გ-ევის სარჩელი უნდა განეხილა იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობდა სადავო უძრავი ქონება. მოცემულ შემთხვევაში, კი აღნიშნულ სასამართლოს წარმოადგენდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსნებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მესამე თავით მოწესრიგებულია სარჩელის განსჯადობასთან დაკავშირებული საკითხები, თუ რომელმა სასამართლომ უნდა განიხილოს სასამართლოსადმი დაქვემდებარებული კონკრეტული საქმე. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს უნდა წარედგინოს იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მსჯელობას, იმის თაობაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის შესაბამისად, სარჩელი სასამართლოს უნდა წარდგენოდა მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში, კი მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მდებარეობდა თბილისში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი თუ დავა ეხება უძრავ ნივთზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთის ადგილსამყოფელის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ა. გ-ევს სადავოდ არ გაუხდია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების კანონიერება (ა. გ-ევის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვებისა და ცვლილებების რეგისტრაციის განხორციელების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) და არც მოპასუხედ დაუსახელებია მითითებული აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო. ამდენად, ხსენებული საქმე ვერ იქნება განხილული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსარჩელე გაასაჩივრებდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში, მოცემულ საქმეზე ადგილი ექნებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ განსჯადობას, როდესაც იარსებებდა რამოდენიმე მოპასუხე და შესაძლებელი იქნებოდა სარჩელი წარდგენილი ყოფილიყო ერთ-ერთი მათგანის ადგილსამყოფელის მიხედვით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ არჩეულ იქნა სასამართლო და მან უფლებების დაცვის მიზნით მიმართა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლიდან გამომდინარე, ა. გ-ვის სარჩელი უნდა განეხილა იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობდა სადავო უძრავი ქონება. მოცემულ შემთხვევაში, კი აღნიშნულ სასამართლოს წარმოადგენს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული ადმინისტრაციული საქმე უნდა განიხილოს თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. გ-ევის სარჩელი მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ განსახილველად დაექვემდებაროს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.