ბს-1215-1182(გ-10) 10 ნოემბერი, 2010 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა დავა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს შორის ტ. ბ-შვილის სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ტ. ბ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე – სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების მიმართ. მოსარჩელემ 2007 წლის 1 ნოემბრიდან 2010 წლის 9 თებერვლის ჩათვლით კომპენსაციისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლების აღდგენა, რაც თანხობრივად შეადგენდა 4779 ლარს, 2010 წლის 9 თებერვლიდან დანიშნული 134 ლარის 177 ლართან გათანაბრება, 2010 წლის 9 თებერვლიდან სარჩელის აღძვრამდე მიუღებელი კომპენსაციისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის 225 ლარის ანაზღაურება და კომპენსაციისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის სახით 177 ლარის დანიშვნა მოითხოვა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 05.08.2010წ. განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა საქმის განსჯად სასამართლოსთვის გადაცემის შესახებ დაკმაყოფილდა, ადმინისტრაციული საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაგზავნის შესახებ, ვინაიდან ტ. ბ-შვილს სახელმწიფო კომპენსაცია და საყოფაცხოვრებო სუბსიდია დანიშნული ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით. ზესტაფონის სოციალური სააგენტოს მიერ 01.08.09წ. მოსარჩელეს, როგორც არაპენსიონერს დაენიშნა საყოფაცხოვრებო სუბსიდია და აღნიშნული კომპენსაციის საქმე 01.12.09წ. გადატანილ იქნა ძველი თბილისი-დიდგორის სოციალური მომსახურების ცენტრში, ვინაიდან ტ. ბ-შვილი რეგისტრირებული იყო ქ. თბილისში. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეებს. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ აგრეთვე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ სარჩელი თავიდანვე არ იყო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განსჯადი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.08.2010წ. განჩინებით ტ. ბ-შვილის სარჩელი მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების მიმართ ქმედების განხორციელების თაობაზე, საქმის მასალებთან ერთად განსჯადობის შესახებ სასამართლოთა შორის დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით”. ამდენად, სარჩელი ადმინისტრაციულ ორგანოს, როგორც იურიდიული პირის მიმართ, წარედგინებოდა იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც იყო აღნიშნული ორგანოს ადგილსამყოფელი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოპასუხედ დასახელებული იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილება, რომლის იურიდიული მისამართია ქ. ზესტაფონი, გ. რობაქიძის ქ. ¹5. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ტ. ბ-შვილის სარჩელის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენდა ის სასამართლო, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება მოპასუხის ადგილსამყოფელზე, მოცემულ შემთხვევაში _ ზესტაფონის რაიონული სასამართლო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს და თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად თვლის, რომ ტ. ბ-შვილის სარჩელი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით. ხსენებული მუხლი ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივი, არამედ ტერიტორიული განსჯადობის შესახებაც. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით მხოლოდ სარჩელის საგნობრივი განსჯადობა არის განსაზღვრული და შესაბამისად, ტ. ბ-შვილის სარჩელის ტერიტორიული განსჯადობის საკითხი განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმების საფუძველზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლი ადგენს ტერიტორიული განსჯადობის საერთო წესს, მის შესაბამისად ხდება საქმის მიბმა საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილი კონკრეტული სასამართლოსადმი. ამდენად, პირი თავისი უფლების და კანონიერი ინტერესის დასაცავად მიმართავს იმ სასამართლოს, რომლის იურისდიქციის სფეროშიც იმყოფება მოპასუხე, ანუ ნორმას საფუძვლად უდევს პრინციპი, რომლის მიხედვით “სარჩელი მისდევს მოპასუხეს”, მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართ, ისევე როგორც იურიდიულ პირის მიმართ, წარედგინება იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც არის აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანო, საერთო წესის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის მოქმედების ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო. მოსარჩელე ტ. ბ-შვილმა სასარჩელო განცხადებაში მოპასუხედ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილება დაასახელა, რომლის იურიდიული მისამართია ქ. ზესტაფონი, გრ. რობაქიძის ქ. ¹5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 27.06.07წ. ¹190/ნ ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს” დებულების 5.1 მუხლის თანახმად, სააგენტო დაკისრებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით. მოსარჩელის მიერ მოპასუხედ დასახელებული განყოფილება სსკ-ის 85-ე მუხლის საფუძველზე არასათანადო მოპასუხედ სასამართლოს მიერ ცნობილი არ ყოფილა, მოსარჩელეს დასახელებული მოპასუხე არ შეუცვლია. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 05.08.10წ. განჩინებაში არ არის მოყვანილი სასამართლოს რაიმე მოსაზრება იმის შესახებ, თუ რის გამო იქნა მიჩნეული ზესტაფონის რაიონული სასამართლო არაგანსჯად სასამართლოდ და რატომ უნდა იქნეს განხილული საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ. ამასთანავე, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე ტ. ბ-შვილს სახელმწიფო კომპენსაცია და საყოფაცხოვრებო სუბსიდია დანიშნული ჰქონდა ზესტაფონის სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, მოსარჩელე ტ. ბ-შვილს სასამართლო უწყება ბარდებოდა სარჩელში მითითებულ მისამართზე – ზესტაფონის რაიონი, სოფ. ქვედა საქარა. აღნიშნულის შესაბამისად საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოპასუხის ადგილსამყოფელზე ვრცელდება ზესტაფონის რაიონული სასამართლოს იურისდიქცია.
“საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე”. სასკ-ის 26-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიმტოს საქმე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ადგენს, რომ დავა განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ტ. ბ-შვილის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.