ბს-1216-1183(გ-10) 3 ნოემბერი, 2010 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს შორის დავა მ. მ-ძის სარჩელის განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 19 ივლისს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. მ-ძემ, მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 29 მარტის ¹131002610215, 2010 წლის 3 მაისის ¹131004437114, 2010 წლის 7 ივნისის ¹146242 და 2010 წლის 14 ივნისის ¹154291 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას. მოსარჩელე, აგრეთვე, ითხოვდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სამსახურს დავალებოდა სს ,,...” წესდების რეგისტრაციიდან მოხსნა და რეგისტრაციის ბათილად ცნობა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 20 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელე მ. მ-ძის სარჩელი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნაზე სს ,,...” წესდების რეგისტრაციიდან მოხსნისა და რეგისტრაციის ბათილად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ქვედანაყოფის - მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეგისტრაციის სამსახურის მეშვეობით. შესაბამისად, მ. მ-ძის მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები მიღებულ იქნა ეროვნული სააგენტოს მიერ. აღნიშნულ აქტებთან დაკავშირებით მოსარჩელემ განცხადება შეიტანა ზუგდიდის რაიონულ სამსახურში, რაც გადაგზავნილ იქნა ეროვნული სააგენტოს შესაბამის სამსახურში. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის ყველა პრეტენზია უკავშირდება არა ზუგდიდის ტერიტორიულ სამსახურს, არამედ ეროვნულ სააგენტოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახური ვერ ჩაითვლებოდა სათანადო მოპასუხედ, რადგანაც მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა არც სამეწარმეო რეესტრის წარმოებასთან, და არც რეგისტრაციასთან დაკავშირებით ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. მ-ძის სარჩელი განხილულ უნდა ყოფილიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 სექტემბერის განჩინებით მ. მ-ძის სასარჩელო განცხადების საფუძველზე წარმოებული ადმინისტრაციული საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოგზავნილ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, მოსარჩელის წინააღმდეგობის მიუხედავად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახური ცნო არასათანადო მოპასუხედ და საქმე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადგილმდებარეობის შესაბამისად, გადმოაგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, საქმის განმხილველ სასამართლოს, განსჯადობის წესის დაცვით მიღებული საქმე, უნდა განეხილა და არსებითად გადაეწყვიტა, თუნდაც ეს საქმე შემდგომში სხვა სასამართლოს განსჯადი გამხდარიყო. კანონის ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილი არ იყო მ. მ-ძის სარჩელი განსჯადობით გადმოეგზავნა მხოლოდ იმ მოტივით, რომ ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის ქმედება მოსარჩელეს გასაჩივრებული ჰქონდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში-ეროვნულ სააგენტოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, ზუგდიდის რაიონული სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ძის სარჩელი განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს შემდეგ მოსაზრებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
ტერიტორიული განსჯადობის პრინციპი ასახულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლში, რომლის თანახმადაც, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირების მიმართ, სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. განსახილველ შემთხვევაში მ. მ-ძემ, სარჩელში მოპასუხედ მიუთითა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახური, რომლის ტერიტორიულ ადგილსამყოფელს წარმოადგენს ქ. ზუგდიდი.
აღნიშნულთან მიმართებაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციული სამართალწარმოების ისეთ მნიშვნელოვან პრინციპს, როგორიცაა დისპოზიციურობის პრინციპი. ეს უკანასკნელი სამართალწარმოებაში წარმოადგენს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ და მხარეთა გარანტირებულ შესაძლებლობას, თავისუფლად ისარგებლონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებებით ან განკარგონ ისინი. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მხარეთა თავისუფალი ნება, დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით სარჩელი აღძრან სასამართლოში და მიუთითონ მოპასუხე, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სასარჩელო მოთხოვნაზე.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. მითითებულ მუხლში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ სასამართლო მხოლოდ მოსარჩელის თანხმობითაა უფლებამოსილი თავდაპირველი მოპასუხე შეცვალოს სათანადო მოპასუხით. მოცემული საქმის შემთხვევაში, როგორც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 20 აგვისტოს მოსამზადებელი სასამართლო სხდომის ოქმიდან ირკვევა, მოსარჩელე მ. მ-ძე არ დაეთანხმა მოპასუხის – ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახურის საქმიდან ამორიცხვას და საქმის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადგილსამყოფელის მიხედვით გადაგზავნას თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ დავად, ვინაიდან ზემოთხსენებული ნორმის თანახმად, ზუგდიდის რაიონული სასამართლო, მ. მ-ძის თანხმობის გარეშე, უფლებამოსილი არ იყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სამსახური შეეცვალა სათანადო მოპასუხით – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოთი და, აქედან გამონდინარე, საქმე განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. აღნიშნულ შემთხვევაში, მ. მ-ძის მიმართ დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლით გათვალისწინებული უფლება, რომლის თანახმადაც, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, სასამართლოს არჩევის უფლება ეკუთვნის მოსარჩელეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალიწინებით, რომ მოსარჩელის მიერ ერთ-ერთ მოპასუხედ მითითებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის სარეგისტრაციო სამსახური, რომლის ადგილსამყოფელია ქ. ზუგდიდი - საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. მ-ძის სარჩელი ამ უკანასკნელისავე არჩევით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. მ-ძის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.