Facebook Twitter

ბს-1217-1184(გ-10) 9 ნოემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის დავა განსჯადობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 9 სექტემბერს ე. ჯ-ერმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების – სსიპ ქ. თელავის ¹5 საჯარო სკოლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა: 1. მოსარჩელის მაძიებელ მასწავლებლად დანიშვნის შესახებ სსიპ ქ. თელავის ¹5 საჯარო სკოლის 2007 წლის 17 სექტემბრის ¹10 ბრძანების ბათილად ცნობა; 2. სამსახურიდან დათხოვნის შესახებ 2008 წლის 23 ოქტომბრის ¹70 ბრძანების ბათილად ცნობა; 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 აგვისტოს ¹609 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის ბათილად ცნობა ¹5 საჯარო სკოლისათვის წერილობითი გაფრთხილების გამოცხადების შესახებ და გადაწყვეტილების მიღება სკოლის დირექტორის ნ. ვ-შვილის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; 4. სსიპ თელავის ¹5 საჯარო სკოლის დავალდებულება ე. ჯ-ერის სამუშაოზე მიღების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე; 5. 2007 წლის 17 სექტემბრიდან 2007 სასწავლო წლის ბოლომდე _ 15 ივნისამდე ჩატარებული გაკვეთილების ანაზღაურება; 6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის სარეკომენდაციო ნაწილის პირველი პუნქტის ბათილად ცნობა და მოსარჩელისათვის მორალური ზიანის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლით:

2007 წლის 17 სექტემბრიდან 2008 წლის 17 სექტემბრამდე მოსარჩელე დასაქმებული იყო ქ. თელავის ¹5 საჯარო სკოლაში შემცვლელ მასწავლებლად, რეზერვად .... ახალ სასწავლო წელს სკოლის დირექტორის მიერ ვაკანტურ ადგილზე მოხდა სხვა პედაგოგების დასაქმება, ხოლო ე. ჯ-ერი 2008 წლის 23 ოქტომბრის ¹70 ბრძანებით გათავისუფლდა.

მოსარჩელემ წერილობით მიმართა თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რის შედეგადაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2010 წლის 4 აგვისტოს ¹609 ბრძანებით მხოლოდ წერილობითი გაფრთხილება მიეცა თელავის ¹5 საჯარო სკოლას არსებული დარღვევების გამო.

მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო 2007 წლის 17 სექტემბრის ¹10 ბრძანების გამოცემისას დაირღვა “ზოგადი განათლების შესახებ” კანონის 43.2 მუხლის მოთხოვნა (იხ. ს.ფ. 1-11).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 სექტემბრის განჩინებით ე. ჯ-ერის სარჩელი სსიპ თელავის ¹5 საჯარო სკოლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ თელავის ¹5 სკოლის დირექტორის 2007 წლის 17 სექტემბრისა და 2008 წლის 23 ოქტომბრის ¹70, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 აგვისტოს ¹609 ბრძანებებისა და ამავე სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის ბათილად ცნობისა და თანხის ანაზღაურების თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემული დავა გამომდინარეობს კერძო სამართალურთიერთობიდან და განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, რამდენადაც “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე 2010 წლის 16 ივლისის ¹3442 კანონით 12.3 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: “საჯარო სკოლის დირექტორსა და სკოლის თანამშრომლებს, სამეურვეო საბჭოსა და სკოლის დირექტორს შორის და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს შორის, აგრეთვე საჯარო სკოლის დირექტორსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის წარმოშობილ დავებს, როგორც სამოქალაქო დავებს სასამართლო განიხილავს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით (იხ. ს.ფ. 52-54).

თბილისის სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ე. ჯ-ერის სარჩელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ აღძრული მოთხოვნების ნაწილში 2010 წლის 4 აგვისტოს ¹609 ბრძანების, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის ბათილად ცნობისა და სამინისტროს დავალდებულების ნაწილში ქ. თელავის ¹5 საჯარო სკოლის დირექტორის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლოს მითითებით, სარჩელში გაერთიანებულია არაერთგვაროვანი მოთხოვნები სხვადასხვა მოპასუხის მიმართ, ამასთან მოთხოვნათა ნაწილი განეკუთვნება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას, კერძოდ, სსიპ თელავის ¹5 საჯარო სკოლის მიმართ აღძრული მოთხოვნები – მოსარჩელის მაძიებელ მასწავლებლად დანიშვნის შესახებ სსიპ ქ. თელავის ¹5 საჯარო სკოლის 2007 წლის 17 სექტემბრის ¹10 ბრძანების; ე. ჯ-ერის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ 2008 წლის 23 ოქტომბრის ¹70 ბრძანების ბათილად ცნობის; ე. ჯ-ერის სამუშაოზე მიღების შესახებ; 2007 წლის 17 სექტემბრიდან 2007 სასწავლო წლის ბოლომდე _ 15 ივნისამდე ჩატარებული გაკვეთილების ანაზღაურებისა და მოსარჩელისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ განეკუთვნება სამოქალაქო წესით განსახილველ დავას თანახმად “ზოგადი განათლების შესახებ” კანონის 12.3 მუხლისა, ხოლო სასარჩელი მოთხოვნები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 აგვისტოს ¹609 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილისა და ამავე სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის ბათილად ცნობა ¹5 საჯარო სკოლისათვის წერილობითი გაფრთხილების გამოცხადების შესახებ და გადაწყვეტილების მიღება სკოლის დირექტორის ნ. ვ-შვილის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას “ზოგადი განათლების შესახებ” კანონის 49-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნები - მოსარჩელის მაძიებელ მასწავლებლად დანიშვნის შესახებ სსიპ ქ. თელავის ¹5 საჯარო სკოლის 2007 წლის 17 სექტემბრის ¹10 ბრძანების; ე. ჯ-ერის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ 2008 წლის 23 ოქტომბრის ¹70 ბრძანების ბათილად ცნობის; ე. ჯ-ერის სამუშაოზე მიღების შესახებ; 2007 წლის 17 სექტემბრიდან 2007 სასწავლო წლის ბოლომდე _ 15 ივნისამდე ჩატარებული გაკვეთილების ანაზღაურებისა და მოსარჩელისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ უნდა გამოიყოს ცალკე წარმოებად და ამ ნაწილში მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის წარმოებაში მიღებაზე სსსკ-ის მე-15 და 186.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე და მოსარჩელეს განემარტა, რომ აღნიშნული მოთხოვნებით მითითებული მოპასუხის მიმართ უნდა მიმართოს თელავის რაიონულ სასამართლოს, რამდენადაც სარჩელი ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ წარედგინება იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც არის მისი ადგილსამყოფელი.

საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, სასარჩელო მოთხოვნები _ მოთხოვნები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 აგვისტოს ¹609 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილისა და ამავე სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის ბათილად ცნობა ¹5 საჯარო სკოლისათვის წერილობითი გაფრთხილების გამოცხადების შესახებ და გადაწყვეტილების მიღება სკოლის დირექტორის ნ. ვ-შვილის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას, რადგან მოსარჩელის მოთხოვნები ეხება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას, რაც “ზოგადი განათლების შესახებ” კანონის 49-ე მუხლის 62 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, საჩივრდება სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

მოსარჩელეს განემარტა, რომ მაძიებელ მასწავლებლად დანიშვნის შესახებ სსიპ ქ. თელავის ¹5 საჯარო სკოლის 2007 წლის 17 სექტემბრის ¹10 ბრძანების; ე. ჯ-ერის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ 2008 წლის 23 ოქტომბრის ¹70 ბრძანების ბათილად ცნობის; ე. ჯ-ერის სამუშაოზე მიღების შესახებ; 2007 წლის 17 სექტემბრიდან 2007 სასწავლო წლის ბოლომდე _ 15 ივნისამდე ჩატარებული გაკვეთილების ანაზღაურებისა და მოსარჩელისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ე. ჯ-ერის სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხზე სასამართლო იმსჯელებს განსჯადობის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ, რამდენადაც აღნიშნული დამოკიდებულია განსჯადობის საკითხის გადაწყვეტაზე, თუ ამ ნაწილში დავა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია, მოსარჩელეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს ერთ-ერთი მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით (იხ. ს.ფ. 57-61).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ ე. ჯ-ერის სარჩელი განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად ადმინისტრაციულ დავად. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დასკვნას, მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, რითაც დაირღვა სსსკ-ის 393-ე მუხლის მოთხოვნები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში განსჯადობის ობიექტს წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ აღძრული მოთხოვნების ნაწილში სარჩელის განსჯადობის საკითხი, კერძოდ, 2010 წლის 4 აგვისტოს ¹609 ბრძანების, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის ბათილად ცნობისა და სამინისტროს დავალდებულების ნაწილში ქ. თელავის ¹5 საჯარო სკოლის დირექტორის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რამდენადაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ე. ჯ-ერის სასარჩელო მოთხოვნები მთლიანად იქნა მიჩნეული სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილვლად და განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, ხოლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოთხოვნათა ნაწილი განეკუთვნებოდა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას, კერძოდ, სსიპ თელავის ¹5 საჯარო სკოლის მიმართ აღძრული მოთხოვნები – მოსარჩელის მაძიებელ მასწავლებლად დანიშვნის შესახებ სსიპ ქ. თელავის ¹5 საჯარო სკოლის 2007 წლის 17 სექტემბრის ¹10 ბრძანების; ე. ჯ-ერის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ 2008 წლის 23 ოქტომბრის ¹70 ბრძანების ბათილად ცნობის; ე. ჯ-ერის სამუშაოზე მიღების შესახებ; 2007 წლის 17 სექტემბრიდან 2007 სასწავლო წლის ბოლომდე _ 15 ივნისამდე ჩატარებული გაკვეთილების ანაზღაურებისა და მოსარჩელისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, თანახმად “ზოგადი განათლების შესახებ” კანონის 12.3 მუხლისა, ხოლო სასარჩელი მოთხოვნები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 აგვისტოს ¹609 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილისა და ამავე სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის ბათილად ცნობა ¹5 საჯარო სკოლისათვის წერილობითი გაფრთხილების გამოცხადების შესახებ და გადაწყვეტილების მიღება სკოლის დირექტორის ნ. ვ-შვილის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას “ზოგადი განათლების შესახებ” კანონის 49-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად. ამდენად, საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ განსჯადობის შესახებ დავა წამოიწყო სასარჩელო მოთხოვნების _ საქართველოს განათლების მინისტრის 2010 წლის 4 აგვისტოს ¹609 ბრძანების, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის ბათილად ცნობისა და ქ. თელავის ¹5 საჯარო სკოლის დირექტორის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სამინისტროს დავალდებულების ნაწილში, რა ნაწილშიც აქვს საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლით მინიჭებული კომპეტენცია გადაწყვიტოს დავა განსჯადობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე კოდექსის 2.3 მუხლის შესაბამისად, ამ მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

ამდენად, მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1, 2.2 მუხლებში დაკონკრეტებული დავები, აგრეთვე სხვა დავები, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე, სამართლებრივი ურთიერთობიდან არის წარმოშობილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვისათვის აუცილებელ ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც მითითებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1, 2.2 და 2.3 მუხლებში, ამასთან აღნიშნული დავები წარმოშობილი უნდა იყოს იმ სამართალურთიერთობებიდან, რომლებიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას, რომ სასარჩელო მოთხოვნები, რომელთა ნაწილშიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ წამოიწყო დავა განსჯადობის შესახებ და რა ნაწილშიც საკასაციო სასამართლო წყვეტს დავას განსჯადობის თაობაზე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კერძოდ, სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 აგვისტოს ¹609 ბრძანების ბათილად ცნობის, რომლითაც წერილობითი გაფრთხილება მიეცა სსიპ ქ. თელავის ¹5 საჯარო სკოლას და დაევალა რეაგირება მოეხდინა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში მითითებულ დარღვევებზე, ხოლო გატარებული ღონისძიებების თაობაზე დეპარტამენტისათვის ინფორმაციის წარდგენა; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის ბათილად ცნობის შესახებ, რომლითაც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის სკოლისათვის წერილობითი გაფრთხილების გამოცხადება, სკოლას დაევალა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, დასკვნაში დაფიქსირებული დარღვევებზე პასუხისმგებელ პირთა მიმართ დისციპლინური ზომების გატარება და აღნიშნულის შესაბამისად, გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის წარდგენა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, განეკუთვნება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა კატეგორიას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ გასაჩივრებული აქტების მიღებისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერერების სამინისტრომ გამოსცა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების – ქ. თელავის ¹5 საჯარო სკოლის მიმართ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პირობებში, რაც “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 49.2 მუხლის შესაბამისად, გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდულაური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებაზე ზედამხედველობას. ამავე კანონის 49.6 მუხლის შესაბამისად, საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდულაური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია სკოლას მისცეს წერილობითი გაფრთხილება ან/და სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართოს შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.

აღნიშნულდიან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული დავა და ანიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დასკვნას “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 12.3 მუხლის დანაწესის შესაბამისად, დავის სამოქალაქოდ მიჩნევის შესახებ. მითითებული ნორმის შესაბამისად, საჯარო სკოლის დირექტორსა და სკოლის თანამშრომლებს, სამეურვეო საბჭოსა და სკოლის დირექტორს, აგრეთვე საჯარო სკოლის დირექტორსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის წარმოშობილ შრომით დავებს, როგორც სამოქალაქო დავებს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილავს სასამართლო.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 აგვისტოს ¹609 ბრძანება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, რომლის საფუძველზეც გამოიცა მინისტრის ბრძანება, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონიერებაც უნდა შემოწმდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, რამდენადაც იგი გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის - “ზოგადი განათლების შესახებ” კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული დავა სწორედ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავაა, რამდენადაც ერთ-ერთ განმსაზღვრელ ელემენტს დავის ადმინისტრაციულად მიჩნევისათვის სწორედ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სამართალურთიერთობას გააჩნია საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობის დამახასიათებელი ყველა ელემენტი _ დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო სარჩელი აღძრულია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, რის გამოც სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლით განსაზღვრული პირობები დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების პროცედურით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან, რომელთა გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს _ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. ადმინისტრაციული კანონმდებლობის აღნიშნული პრინციპი კი ასახვას პოულობს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (მუხლი 26), კერძოდ, დავის განხილვის და გადაწყვეტის აუცილებლობაში უფლებამოსილი სასამართლოს მიერ.

ამდენად, არასწორია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დასკვნა მოცემული დავის სამოქალაქო კატეგორიად მიჩნევის შესახებ, შესაბამისად, ე. ჯ-ერის მიერ აღძრული სარჩელიდან სასარჩელო მოთხოვნები _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 აგვისტოს ¹609 ბრძანებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის ბათილად ცნობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს, რის გამოც განსჯადობის მიხედვით საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2,1; 26.3, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ჯ-ერის სარჩელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 აგვისტოს ¹609 ბრძანებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის ბათილად ცნობის შესახებ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.