ბს-1219-1186 (გ-10) 1 ნოემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის დავა სსიპ - “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს” სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 3 სექტემბერს სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების _ შპს “...” და შპს სადაზღვევო კომპანია “...” მიმართ და მოითხოვა: 1) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არასრულად და არჯეროვნად შესრულებისათვის, შპს “...” სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს” სასარგებლოდ ჯარიმის სახით 46 513,51 ლარის გადახდის დაკისრება; 2) შპს სადაზღვევო კომპანია “...” სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს” სასარგებლოდ, შპს “...” მიერ მიღებულ ავანსსა და შესრულებული სამუშაოთა შორის არსებული სხვაობის სახით 156 050,06 ლარის და ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის საჯარიმო თანხის (ხელშეკრულების საერთო ღირებულების 930270,21 ლარი) 10%-დან 5%-ის – 46 513,51 ლარის, სულ 202 563,57 ლარის დაკისრება;
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 7 სექტემბრის განჩინებით, მოსარჩელე სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს” სასარჩელო განცხადება, მოპასუხე შპს “...” და შპს სადაზღვევო კომპანია “...” მიმართ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არასრულად და არაჯეროვნად შესრულებისათვის შპს “...” ჯარიმის სახით 46 513,51 ლარის დაკისრების, შპს სადაზღვევო კომპანია “...” მოსარჩელის სასარგებლოდ შპს “...” მიერ მიღებულ ავანსსა და შესრულებულ სამუშაოთა შორის არსებული სხვაობის სახით 156 050,06 ლარის და ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის საჯარიმო თანხის 10%-დან 5%-ის 46 5413,51 ლარის დაკისრების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება. ადმინისტრაციულმა კოლეგიამ მიუთითა, რომ ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ნორმათა ანალიზს, რომელიც იძლევა ადმინისტრაციული ხელშეკრულების სამოქალაქო ხელშეკრულებისაგან გამიჯვნის შესაძლებლობას. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული და სამოქალაქო ხელშეკრულების გამიჯვნა უნდა განხორციელდეს ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით. ადმინისტრაციული ხელშეკრულების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი არის ის, რომ ხელშეკრულების დადების შედეგად შესაბამისი პირი აღიჭურვება საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილებებით, მაშინ როდესაც სამოქალაქო ხელშეკრულების დადებისას მხარეები გვევლინება წმინდა სამოქალაქო სამართლებრივი უფლება-მოვალეობების მატარებლად. სასამართლომ მიიჩნია, რომ სასაჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით დადებულ ხელშეკრულებებიდან არ გამომდინარეობს დავის საგანი, ვინაიდან საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოების შესრულება შესაძლებელია მხოლოდ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების დამხმარე მიზანს, მის ხელშეწყობას ემსახურებოდეს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული დავა განხილულ უნდა ყოფილიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 სექტემბრის განჩინებით სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს” სარჩელი (სარჩელის უზრუნველყოფის მასალებთან ერთად) შპს “...” და შპს სადაზღვევო კომპანია “...” წინააღმდეგ თანდართული მასალებით გადაეგზავნა საკასაციო სასამართლოს განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო კოლეგიამ საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს” და შპს “...” შორის 2009 წლის 17 აგვისტოს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ¹3214010304/03/76 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს “...” 360 დღის ვადაში – 2010 წლის 1 ნოემბრამდე, უნდა განეხორციელებინა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფ. ... საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები. ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით შპს “...” ვალდებული იყო სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოსთვის” წარედგინა ბანკის, სადაზღვევო კომპანიის ან სხვა საკრედიტო დაწესებულების მიერ გაცემული უპირობო საბანკო გარანტია. გარანტიის ჯამური ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით. 2010 წლის 16 ივლისს შპს “...” წერილით მიმართა სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს” და ორგანიზაციის მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა და ობიექტის მშენებლობის უფლების ფინანსურად სტაბილური სამშენებლო ორგანიზაციისათვის გადაცემა. 2010 წლის 19 ივლისს მოსარჩელემ შეწყვიტა “...” დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რის შესახებაც აცნობა წერილობით მოპასუხეს.
სამოქალაქო კოლეგიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო-სამართლებრივი, ასევე კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება, ხოლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი კატეგორიის ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა დადების მიზნით დადგენის გზით. ხელშეკრულების მხარეების სამართლებრივ სტატუსს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის ¹344 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს” დებულების 1-ლი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტო” იქმნება საქართველოს განათლების სისტემაში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით. ამავე ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო საქართველოს განათლების სისტემაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების ხარისხის უზრუნველსაყოფად, ხელს უწყობს სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულების რეაბილიტაციას, მშენებლობას, ინვენტარითა და ტექნიკით მომარაგებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ ნებისმიერი საქმიანობა, რომელსაც სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტო” ახორციელებს მისი საქმიანობის ძირითადი საგნის ფარგლებში, ერთნაირად წარმოადგენს მოსარჩელის საჯარო უფლებამოსილებას და მის უშუალო, პირდაპირ ფუნქციას ანუ ამ შემთხვევაში შპს “...” დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების შესყიდვისას სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტო” ახორციელებდა საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას. ვინაიდან მოსარჩელე სადავო თანხების ანაზღაურებას ითხოვს სწორედ ასეთი ხელშეკრულების საფუძველზე, 2009 წლის 17 აგვისტოს მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას განეკუთვნება, ხოლო საბანკო გარანტია სარჩელში მითითებული მეორე მოპასუხე შპს სადაზღვევო კომპანია “...” მიერ სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს” მიერ გაცემულია ასევე შპს “...” დადებული ხელშეკრულების შესასრულებლად.
სამოქალაქო კოლეგიამ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის პირველი ნაწილსა და მე-2 ნაწილზე მითითებით, მიიჩნია, რომ ვინაიდან მოცემული დავა თავისი არსით წარმოადგენდა ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო დავას, იგი მიეკუთვნებოდა ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას და საქმე უნდა გადაგზავნოდა საკასაციო სასამართლოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებებისა და საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს” სარჩელი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული და განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კანონიერი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ისარგებლოს კერძო სამართლის საშუალებით, თუ აღნიშნული უფრო მისაღებია მისთვის. სასკ-ის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებულ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ამდენად, ის გარემოება, რომ სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტო” სზაკ-ის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს, თავისთავად არ ქმნის განსახილველი დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს. საჯარო-სამართლებრივი და კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა ხელშეკრულების მონაწილეთა სტატუსს, არამედ ხელშეკრულების მიზანს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის (სზაკ-ის 2.1 მუხლის “ზ” ქვეპუნქტი) ძირითად ელემენტს შეადგენს ხელშეკრულების დადება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. ამდენად, ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებას განსაზღვრავს ხელშეკრულების მიზანი. ხელშეკრულების მიზანი განისაზღვრება მისი შინაარსიდან გამომდინარე. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსს. ის გარემოება, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის ¹344 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს” დებულების 1-ლი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტო” იქმნება საქართველოს განათლების სისტემაში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით და ამავე ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო საქართველოს განათლების სისტემაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების ხარისხის უზრუნველსაყოფად, ხელს უწყობს სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებეის რეაბილიტაციას, მშენებლობას, ინვენტარითა და ტექნიკით მომარაგებას, ასევე არ წარმოადგენს დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების შედეგად შესაბამისი პირი აღიჭურვება საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით, მაშინ როდესაც სამქალაქო ხელშეკრულების დადებისას მხარეები გვევლინებიან სამოქალაქო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობების მატარებლებად. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა” და შპს “...” შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობა. ხელშეკრულების საფუძველზე მეწარმე სუბიექტმა იკისრა ვალდებულება, შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ განეხორციელებინა მომსახურება, კერძოდ, შეესრულებინა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფ. ... საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ხოლო თვით ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის საფუძველზე დაიდო, ხელშეკრულება არ აღჭურავს პირს საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ შეიცავს ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან სხვა მმართველობითი ღონისძიების განხორციელების ვალდებულებას, ხელშეკრულების დადება სახელმწიფო შესყიდვის შედეგად, თავისთავად არ წარმოადგენს სადავო სამართალურთიერთობის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს, ამასთანავე დავის საგანს წარმოადგენს არა სახელმწიფო შესყიდვის პროცედურა, არამედ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის თანხის დაკისრება, კერძოდ, 1) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არასრულად და არჯეროვნად შესრულებისათვის, შპს “...” სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს” სასარგებლოდ ჯარიმის სახით 46 513,51 ლარის გადახდის დაკისრება; 2) შპს სადაზღვევო კომპანია “...” სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს” სასარგებლოდ, შპს “...” მიერ მიღებულ ავანსსა და შესრულებული სამუშაოთა შორის არსებული სხვაობის სახით 156 050,06 ლარის და ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის საჯარიმო თანხის (ხელშეკრულების საერთო ღირებულების 930270,21 ლარი) 10%-დან 5%-ის – 46 513,51 ლარის, სულ 202 563,57 ლარის დაკისრება;
ამდენად, სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან (სასკ-ის 2.3 მუხლი). მხარეთა შორის არსებული სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებულ სამოქალაქო ხელშეკრულებას მიეკუთვნება, შესაბამისად მის შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა, სსკ-ის მე-11 მუხლის, აგრეთვე სზაკ-ის 251-ე მუხლის, სზაკ-ის 65.2, 651-ე მუხლების საფუძველზე სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2, მე-5, 251-ე, 26-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს” სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.