ბს-125-119 (გ-10) 26 აპრილი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბ. ბ-ძის სასარჩელო განცხადების გადაგზავნის საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 23 დეკემბერს ბ. ბ-ძემ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის _ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის მიმართ, რომლითაც შრომის სტაჟის აღიარება მოითხოვა.
მოსარჩელემ განმარტა, რომ იგი არის აფხაზეთიდან დევნილი. 1967 წლიდან 1992 წლამდე მუშაობდა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ... კოლმეურნეობაში კოლმეურნედ და გააჩნია 25 წლის უწყვეტი შრომის სტაჟი. დღეისათვის საარქივო მასალები ობიექტური მიზეზების გამო ხელმიუწვდომელია და შეუძლებელია მისი შრომის სტაჟის დადგენა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 იანვრის განჩინებით ბ. ბ-ძის სასარჩელო განცხადება აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის მიმართ განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტის მიზნით გადამოეგზავნა საკასაციო სასამართლოს.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოდან სარჩელის ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გადაგზავნა იმ საფუძვლით, რომ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ადგილსამყოფელი ზუგდიდშია, არის უსაფუძვლო, რადგან აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის, ისევე როგორც გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლო არის იძულებით გადაადგილებული და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში იურისდიქციის აღდგენამდე ზუგდიდი მათი დროებითი ადგილსამყოფელია. სწორედ იძულებით გადაადგილებულ პირთა შორის კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერესების დაცვას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე მუხლი. ამდენად, აფხაზეთის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ დაწესებულებებისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ წარდგენილი სარჩელები აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში იურისდიქციის აღდგენამდე, მიუხედავად მათი დროებითი ადგილსამყოფელისა, წარდგენილ უნდა იქნეს გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოებში.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი იყო არაგანსჯადი სასამართლო, საქმე უნდა განხილულიყო გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს მიერ და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქმე უნდა გადმოგზავნოდა საკასაციო სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განჩინებისა და საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ბ-ძის სარჩელი უნდა დაუბრუნდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს არაგანსჯად სასამართლოში წარდგენილი სარჩელის განსჯად სასამართლოში გადაგზავნის წესს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით.
აღსანიშნავია, რომ ბ. ბ-ძის სარჩელი მოპასუხის _ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის მიმართ, წარდგენილ იქნა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (ს.ფ. 2-28). მოსარჩელეს გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოსათვის არ მიუმართავს, მან თავად მიიჩნია ზუგდიდის რაიონული სასამართლო მისი სარჩელის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოდ. შესაბამისად, უსაფუძვლოა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოთა შორის დავა სარჩელის განსჯადობაზე უნდა გადაწყდეს საკასაციო სასამართლოს მიერ. განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის სასამართლოთა შორის დავა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ამ სახის დავა გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოსა და ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს შორის დღეისათვის არ არსებობს.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, თუ ზუგდიდის რაიონული სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არ არის მისი განსჯადი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფლებამოსილია თავად გადაუგზავნოს ბ. ბ-ძის სასარჩელო განცხადება შესაბამის სასამართლოს. თუ ეს უკანასკნელი მიიჩნევს, რომ არ არის უფლებამოსილი განიხილოს სარჩელი, დასაბუთებული განჩინებით თავად აღძრავს დავას განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად. მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ არის შესაძლებელი საკასაციო სასამართლომ გადაწყვიტოს სასამართლოებს შორის აღძრული დავა და დასაბუთებული განჩინებით საქმე გადასცეს განსჯად სასამართლოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ. ბ-ძის სარჩელი მოპასუხის _ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის მიმართ, უნდა დაუბრუნდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. ბ-ძის სარჩელი დაუბრუნდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.