ბს-1257-1201 (გ-09) 8 თებერვალი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის დავა სსიპ - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის ,,სამტრესტის” სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 3 ივნისს სსიპ - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტმა ,,სამტრესტის” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის – ი/მ თ. ბ-შვილის მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო აუქციონის წესით საგარანტიო ნივთის – იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, რომლის შედეგად დეპარტამენტს დაუბრუნდებოდა მის მიერ მიმწოდებლისათვის გადარიცხული თანხა – 17 500 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 5 ივნისის განჩინებით სსიპ - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის” სარჩელი მოპასუხე ი/მ თ. ბ-შვილის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება. ადმინისტრაციულმა კოლეგიამ ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო-სამართლებრივი, ასევე კერძო-სამართლებრივი ფორმები, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული და სამოქალაქო ხელშეკრულების გამიჯვნა უნდა განხორციელდეს ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით. სასამართლოს მოსაზრებით, სსიპ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტსა” და ი/მ თ. ბ-შვილს შორის ვენახის გასაშენებლად დადებული ხელშეკრულება არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნიდან, რის გამოც ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებიდან გამომდინარე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების მიზნით საგარანტიო ნივთის – იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის ვალდებულება არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავის საგანს და სახელშეკრულებო ურთიერთობიდან კონტრაჰენტებს შორის წარმოშობილი ვალდებულების შესრულების საკითხი განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 3 აგვისტოს განჩინებით სსიპ _ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის” სარჩელი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
,,ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონის მე-31 მუხლის შესაბამისად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საქმიანობას არეგულირებს სსიპ - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი ,,სამტრესტი”, რომლის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ _ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი ,,სამტრესტი” საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ხელშეკრულება, როგორც სამოქალაქო სამართლის ინსტიტუტი, არის ორმხრივი (ან მრავალხმრივი) ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულება იდება ხელშეკრულების მხარეების ურთიერთთანმხვედრი, საერთო მიზნისაკენ მიმართული ნების გამოხატვის შედეგად და თუ სახეზე არ არის ორმხრივი ნება, შესაბამისად, არ არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია დადოს როგორც ადმინისტრაციული, ასევე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. ამასთან, განსახილველი საკითხის გადაწყვეტისათვის იგი უნდა შეფასდეს არა მხოლოდ დავის მონაწილე სამართალსუბიექტების თავლსაზრისით. საქმის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი მიკუთვნების ძირითად კრიტერიუმს წარმოადგენს იმ მნიშვნელოვანი საკითხის შეფასება, რომელიც ცხადყოფს თუ როგორია დავის უშუალო მატერიალურ-სამართლებრივი შინაარსი _ რომელი კანონმდებლობიდან გამომდინარეობს დავის საგანი.
საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2004 წლის 3 დეკემბერს სსიპ - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტსა” და ი/მ თ. ბ-შვილს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ¹30, რომლის თანახმად, შემსყიდველმა ჩაატარა ღია ტენდერი ვაზის უნიკალური ჯიშის ნერგებით ვენახების გაშენების მომსახურების შესყიდვაზე, რომელშიც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მიმწოდებლის სატენდერო წინადადება და მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება გაუწიოს შემსყიდველს ზემოაღნიშნული მომსახურება 17 500 ლარის ოდენობის თანხით. კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანი არის სწორედ ის ვალდებულებები, რომელიც გამომდინარეობს საჯარო სამართლის იურიდიულ პირსა და ფიზიკურ პირს შორის 2004 წლის 3 დეკემბერს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის ¹2-30 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის” დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია “სამტრესტის” უფლებამოსილებანი და საქმიანობის საგანი. აღნიშნული მუხლის მესამე პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ,,სამტრესტის” საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს ,,დარგის განვითარების, მევენახეობა-მეღვინეობის პროდუქციის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა”. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, ,,ვაზის უნიკალური ჯიშების ნერგით ვენახების გაშენების” ტენდერში გამარჯვებულ პირთან _ ი/მ თ. ბი-შვილთან 2004 წლის 3 დეკემბერს სსიპ - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტმა ,,სამტრესტმა” გააფორმა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული ხელშეკრულების დასადებად გამოვლენილი ნება გარკვეულწილად შეზღუდულია და არ ემყარება სამოქალაქო სამართლის ბრუნვისათვის დამახასიათებელი ხელშეკრულების დადების ნების თავისუფლებას, რამეთუ, ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი ,,სამტრესტი” ახორციელებდა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ ადმინისტრაციულ ფუნქციას და სწორედ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით დადო მან ტენდერში გამარჯვებულ პირთან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოლეგიამ მიიჩნია, რომ დეპარტამენტსა და ი/მ თ. ბ-შვილს შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რადგან სახეზეა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულებისათვის აუციელებელი ელემენტები. კერძოდ: ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე ადმინისტრაციული ორგანოა, ის დაიდო საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, მოსარჩელე სადავოდ ხდის სწორედ ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობას, ხოლო მოთხოვნა - იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციით თანხის დაბრუნების თაობაზე – გავლენას ვერ მოახდენს მხარეთა შორის არსებული ვალდებულებებიდან გამოდინარე მოთხოვნის შინაარსზე, ვინაიდან იპოთეკა წარმოადგენს მხარეთა შორის არსებული ვალდებულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას (აქცესორული უფლება), ხოლო თავად ხელშეკრულების შინაარსი, საიდანაც ვლინდება მმართველობითი ფუნქციის განხორციელების მიზანი აქცევს, მას საჯარო-სამართლებრივი ინტერესის მქონე ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებებისა და საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის” სარჩელი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული და განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კანონიერი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ისარგებლოს კერძო სამართლის საშუალებით, თუ აღნიშნული მისთვის უფრო მისაღებია. სასკ-ის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებულ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ამდენად, ის გარემოება, რომ სსიპ – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი “სამტრესტი” სზაკ-ის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს, თავისთავად არ ქმნის განსახილველი დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს. საჯარო-სამართლებრივი და კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა ხელშეკრულების მონაწილეთა სტატუსს, არამედ ხელშეკრულების მიზანს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის (სზაკ-ის 2.1 მუხლის “ზ” ქვეპუნქტი) ძირითად ელემენტს შეადგენს ხელშეკრულების დადება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. ამდენად, ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებას განსაზღვრავს ხელშეკრულების მიზანი. ხელშეკრულების მიზანი განისაზღვრება მისი შინაარსიდან გამომდინარე. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსს. ასევე ის გარემოება, რომ “ვაზისა და ღვინის შესახებ” კანონის მე-31 მუხლის თანახმად და საქართველოს სოფლის მურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის ¹2-30 ბრძანებით დამტკიცებული დეპარტამენტის დებულების 2.3 მუხლის “ბ” ქვეპუნქტით მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საქმიანობას არეგულირებს სსიპ – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი “სამტრესტი”, რომლის საქმიანობის ძირითად საგანს დებულების თანახმად, შეადგენს “დარგის განვითარების, მევენახეობა-მეღვინეობის პროდუქციის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა”, არ წარმოადგენს დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების შედეგად შესაბამისი პირი აღიჭურვება საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით, მაშინ როდესაც სამქალაქო ხელშეკრულების დადებისას მხარეები გვევლინებიან სამოქალაქო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობების მატარებლებად. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ “სამტრესტსა” და ი/მ თ. ბ-შვილს შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობა. ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკურმა პირმა იკისრა ვალდებულება, შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ განეხორციელებინა მომსახურება, კერძოდ, გაეშენებინა ვენახი ვაზის უნიკალური ჯიშის ნერგებით. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ხოლო თვით ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების ღია ტენდერის შედეგად დაიდო, ხელშეკრულება პირს არ აძლევს უფლებას საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ შეიცავს ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან სხვა მმართველობითი ღონისძიების განხორციელების ვალდებულებას, ხელშეკრულების დადება სახელმწიფო შესყიდვის შედეგად, ღია ტენდერის ჩატარებით თავისთავად არ წარმოადგენს სადავო სამართალურთიერთობის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს, ამასთანავე დავის საგანს წარმოადგენს არა სახელმწიფო შესყიდვის პროცედურა, არამედ ტენდერის შედეგად 2004 წლის 3 დეკემბერს დადებული ¹30 ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 17 500 ლარის დაკისრება, სანოტარო წესით დამოწმებული 2004 წლის 13 დეკემბერს იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე აუქციონის წესით საგარანტიო ნივთის – იპოთეკით დატვირთული ქონების (შპს “...” კუთვნილი მიწის ნაკვეთის) რეალიზაცია, რეალიზაციის შედეგად სსიპ – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი “სამტრესტის” მიმწოდებლისათვის გადარიცხული თანხის – 17 500 ლარის დაბრუნება. მოსარჩელის მოთხოვნას საფუძვლად უდევს სამოქალაქო კოდექსის მე-300 (იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის მოთხოვნა) და 301-ე (იძულებით გაყიდვა აუქციონზე) მუხლები. ამდენად, სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან (სასკ-ის 2.3 მუხლი). მხარეთა შორის არსებული სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებულ სამოქალაქო ხელშეკრულებას მიეკუთვნება, შესაბამისად, მის შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა, სსკ-ის მე-11 მუხლის, აგრეთვე სზაკ-ის 251-ე მუხლის, სზაკ-ის 65.2, 651-ე მუხლების საფუძველზე სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2, მე-5, 251-ე, 26-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის” სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.