ბს-126-120 (გ-10) 07 აპრილი 2010 წ.
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა დავა გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოსა და ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს შორის მ. ზ-აიას სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. ზ-აიამ სასარჩელო განცხადებით მიმართა გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე – აფხაზეთის ა/რ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიმართ და 1982-1993 წლებში გალის რაიონი, სოფ. ... ი. გოგებაშვილის სახელობის ¹1 საშუალო სკოლაში სწავლების ფაქტის აღიარება და ზოგადი განათლების ატესტატის აღდგენა მოითხოვა.
გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 16.12.09წ. განჩინებით მოსარჩელე მ. ზ-აიას სარჩელი განსახილველად გადაეგზავნა განსჯად_ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს. გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ სსკ-ის 439-ე მუხლის თანახმად აფხაზეთის ა/რ იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა დარღვეული და სადავო უფლებების, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერესების დაცვას (მოსარჩელე) ახორციელებენ აფხაზეთის ა/რ სასამართლოები მათი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მესამე თავის მოთხოვნათა დაცვით, თუ მოპასუხეც იძულებით გადაადგილებული პირია, რის გამოც აღნიშნული სარჩელი სსკ მე-15 მუხლის შესაბამისად, წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხე იურიდიული პირის _ გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტის ადგილსამყოფელის მიხედვით_ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის ადგილსამყოფელია ქ. ზუგდიდი, თაბუკაშვილის ქ.¹1/8.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 04.01.2010 წლის განჩინებით მოსარჩელე მ. ზ-აიას სასარჩელო განცხადება გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტის მიმართ განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტის მიზნით გადაეგზავნა საკასაციო სასამართლოს. ზუგდიდის რაიონულ სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 13-18-ე მუხლების თანახმად სარჩელი შეიტანა გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოში, ვინაიდან სწავლობდა გალის რაიონის სოფ. ... ¹1 საშუალო სკოლაში, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს მოსარჩელემ დაკარგა ატესტატი, მოსარჩელე ითხოვს ატესტატის აღდგენას, რისთვისაც სჭირდება იმის დადასტურება, რომ მან ნამდვილად დაამთავრა აღნიშნული სკოლა, რომელიც მდებარეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, გალში და შესაბამისად მ. ზ-აიამ სწორად მიმართა გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიმართ. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, ისე როგორც გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლო ფაქტიურად იძულებით გადაადგილებულია და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში იურისდიქციის აღდგენამდე, ზუგდიდი მათი დროებითი ადგილსამყოფელია, და სწორედ ასეთ პირთა მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერესების დაცვას ეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე მუხლი. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ აფხაზეთის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი დაწესებულებების და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ სარჩელები, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში იურისდიქციის აღდგენამდე, მიუხედავად მათი დროებითი ადგილსამყოფელისა, წარდგენილი უნდა იქნეს გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოებში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს და ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად თვლის, რომ მ. ზ-აიას სარჩელი გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსაჯობის საკითხს. სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასკ-ის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა არ შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის მომწესრიგებელ ნორმებს, შესაბამისად, ასკ-ის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, სსკ-ის მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მართალია ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე სასამართლოების ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე და საერთო წესის თანახმად სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის_ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით, მაგრამ მოქმედი კანონმდებლობა აწესებს აფხაზეთის სასამართლოებისათვის ამ წესისაგან განსხვავებულ, განსაკუთრებულ განსჯადობას, რაც განაპირობა დევნილობაში მყოფი აფხაზეთის სასამართლოებისათვის შემუშავებულმა არაორდინალურმა სტატუსმა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე მუხლის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა დარღვეული და სადავო უფლებების, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერესების დაცვას ახორციელებენ აფხაზეთის ა/რ სასამართლოები მათი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავის მოთხოვნათა დაცვით, თუ მოპასუხეც იძულებით გადაადგილებული პირია. ამდენად, აფხაზეთის ა/რ სასამართლოების იურისდიქციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ აფხაზეთის სასამართლოები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ არა მარტო ტერიტორიული პრინციპით, არამედ დევნილი მოსახლეობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ორგანოების დროებითი, ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გალის რაიონის სოფ. ... ¹1 საშუალო სკოლის ატესტატის აღდგენასა და იმის დადასტურებას ითხოვს, რომ მან ნამდვილად დაამთავრა აღნიშნული სკოლა. სარჩელზე მოპასუხეს წარმოადგენს გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 17.01.06წ. ¹31 ბრძანებით დამტკიცებული “საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ტიპიური დებულების” 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის, აფხაზეთის მთავრობის 05.02.2010 წ. ¹6 დადგენილებით დამტკიცებული “აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების” მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე აფხაზეთის ა.რ განათლებისა და კულტურის მინისტრის 02. 04.07წ. ¹145 /ძ ბრძანებით დამტკიცებული “გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის დროებითი დებულების” 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, წარმოადგენს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე საქმიანობას ახორციელებენ სხვადასხვა ტერიტორიაზე, მითითებული დებულების თანახმად, თავისი ფუნქციის განხორციელებისას, სამინისტრო წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას, რომლის მისამართია თბილისი, დ. უზნაძის 68, ხოლო მისი ტერიტორიული ორგანოს –გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დროებითი ადგილსამყოფელია ქ. ზუგდიდი. ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ორგანოები, თავიანთ საქმიანობას განაგრძობენ საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, ქ. ზუგდიდი არის გალის რესურს-ცენტრის დროებითი ადგილსამყოფელი, დროებითი ადგილსამყოფელის მიუხედავად სარჩელი მართებულად წარდგენილ იქნა გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოს, რომლის ადგილსამყოფელი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 09.08.07წ. ¹1/150-2007 გადაწყვეტილების მე-111 მუხლის თანახმად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულ აღდგენამდე, ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი განისაზღვრა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მიუხედავად მოპასუხის გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ადგილსამყოფელისა, იგი წარმოადგენს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის მიმართ წარდგენილი სარჩელი, სსკ-ის 439-ე მუხლის შესაბამისად, უნდა განიხილოს გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულმა სასამართლომ.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის შესაბამისად, მხოლოდ მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით საქმეთა დაქვემდებარების შემთხვევაში, აფხაზეთის ა.რ. სასამართლოებში არ იარსებებს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები, ვინაიდან ფაქტიურად არც ერთი ადმინისტრაციული საქმე, ადგილსამყოფელის პრინციპის გათვალისწინებით არ დაექვემდებარება მითითებულ სასამართლოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დავა განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ზ-აიას სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.