Facebook Twitter

ბს-127-121(გ-10) 24 თებერვალი 2010 წ.

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა ე. კ-უას აღიარებით სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობაზე გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოსა და ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 6 ნოემბერს ე. კ-უამ აღიარებითი სასარჩელო განცხადებით მიმართა გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე _ გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტის მიმართ და მოითხოვა ტექნიკური სასწავლებლის დიპლომისა და საბაზო განათლების ატესტატის მასზე გაცემულად აღიარება.

გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელე ე. კ-უას სასარჩელო განცხადება თანდართული მასალებით გადაეგზავნა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს იმ საფუძვლით, რომ საქმე გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს განსჯადო არ არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის შესაბამისად, რადგან მოპასუხე იურიდიული პირია, მის მიმართ სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე _ გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტის ადგილსამყოფელია ზუგდიდი, ....¹1/8.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 იანვრის განჩინებით მოსარჩელე ე. კ-უას სასარჩელო განცხადება გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტის მიმართ განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტის მიზნით გადაეგზავნა საკასაციო სასამართლოს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განმარტებით, აფხაზეთის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი დაწესებულებების და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ სარჩელები, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში იურისდიქციის აღდგენამდე, მიუხედავად მათი დროებითი ადგილსამყოფელისა, წარდგენილი უნდა იქნეს სწორედ გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის და სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოებში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა ე. კ-უას აღიარებითი სასარჩელო განცხადებისა და ამ განცხადების განსჯადობის თაობაზე სასამართლოთა მოსაზრების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. კ-უას აღიარებითი სარჩელი წარმოადგენს გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ დავას, რის გამოც, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა სასამართლოთა ყურადღებას მიაქცევს დავის საგანს და აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელის საფუძველზე მხარე ითხოვს გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტის მიერ ტექნიკური სასწავლებლის დიპლომისა და საბაზო განათლების ატესტატის აღიარებას. ამდენად, მოცემულ აღიარებით სარჩელზე მოპასუხეს წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოები აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში იურისდიქციის აღდგენამდე საქმიანობას ახორცილებენ საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე (თბილისი, ზუგდიდი, ქუთაისი). აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს იურიდიული მისამართია ზემო აფხაზეთი, სოფ. ჩხალთა, ხოლო დროებით ადგილსამყოფელს წარმოადგენს ქალაქი თბილისი, შესაბამისად, მისი ტერიტორიული ორგანოს ასევე დროებითი ადგილსამყოფელია ქ. ზუგდიდი.

საკასაციო პალატა არ იზიარებს გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტი იურიდული პირია და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, სარჩელი იურიდული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არის იურიდული პირი და მისი ადგილსამყოფელია ქ. ზუგდიდი, გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტი წარმოადგენს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ იურიდიულ პირს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე მუხლი განსაზღვრავს აფხაზეთის ა/რ სასამართლოთა განსჯად დავებს. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა დარღვეული და სადავო უფლებების, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერესების დაცვას ახორციელებენ აფხაზეთის ა/რ სასამართლოები მათი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თავის მოთხოვნათა დაცვით, თუ მოპასუხეც იძულებით გადაადგილებული პირია.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ნორმის შინაარსს და განმარტავს, ზემოაღნიშნულ მუხლში საუბარი არაა მოპასუხეზე, როგორც იძულებით გადაადგილებულ ფიზიკურ პირზე, რაც გამორიცხავს გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს მოსაზრების გაზიარების შესაძლებლობას იმის თაობაზე, რომ მითითებული მუხლი არ მოიაზრებს იურიდიულ პირებს.

ზემოაღნიშნული მუხლისა და დავის საგნის ანალიზი, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, ე. კ-უას აღიარებითი სარჩელი განსახილველად დაუქვემდებაროს გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის შესაბამისად, მხოლოდ მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით საქმეთა დაქვემდებარების შემთხვევაში, გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოებში არ იარსებებს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები, ვინაიდან ფაქტიურად არც ერთი ადმინისტრაციული საქმე, ადგილსამყოფელის პრინციპის გათვალისწინებით არ დაექვემდებარება მითითებულ სასამართლოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დავა განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2 და 26-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე და 408-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. კ-უას აღიარებითი სარჩელი მოპასუხე _ გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოს.

2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.