Facebook Twitter

ბს-1347-1286 (გ-09) 8 თებერვალი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელეები _ ჟ. ს-იანი, ა. ს-იანი, ა. ს-იანი, ა. ს-იანი

მოპასუხეები _ შ. ს-იანი, ლ. ს-იანი, ლ. ს-იანი

დავის საგანი _ სასარჩელო განცხადების განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 11 მარტს ჟ., ა., ა. და ა. ს-იანებმა სარჩელით მიმართეს თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მ. და შ. ს-იანების მიმართ, საერთო საკუთრებიდან _ ქ. თბილისის, ...ის ქ. კორპ. 6, ბინა ¹6-იდან წილის უფლების გამოყოფისა და პრივატიზაციის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით. მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს ამავე მისამართზე მდებარე ¹9 ბინაზე წილის უფლების აღიარება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 17 ივნისის განჩინებით საქმე განსჯადობის გამო დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 ივლისის განჩინებით აღნიშნული საქმე განსჯადობით დაექვემდებარა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

2006 წლის 15 დეკემბერს მოსარჩელეებმა დამატებითი სასარჩელო განცხადებით მომართეს სასამართლოს, მოპასუხეების _ მ., შ. და ლ. ს-იანების მიმართ, რომლითაც შ. და მ. ს-იანებსა და ლ. ს-იანს შორის უძრავ ნივთზე, მდებარე _ ქ. თბილისის, ...ის ქ. კორპ. 6, ბინა. ¹6-ზე დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

2007 წლის 23 იანვარს მოსარჩელეებმა შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს საქმეში მესამე პირად ლ. ს-იანის ჩაბმის მოთხოვნით, რაც შემდეგ დააზუსტეს და მოითხოვეს ლ. ს-იანის მოპასუხედ ჩაბმა.

2007 წლის 6 მარტს მოსარჩელეებმა წარადგინეს დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, მოპასუხეების _ მ., შ., ლ. ს-იანებისა და დ. უ-შვილის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს:

1. 2006 წლის 23 დეკემბერს ლ. და ლ. ს-იანებსა და დ. უ-შვილს შორის ქ. თბილისში, ორხევში, ...ის ქ. კორპ. 6, ბ. ¹6-ზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

2. ამავე ბინაზე (ფართი 43,57 კვ.მ.) შ. და მ. ს-იანებსა და ლ. ს-იანს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

3. ჟ., ა., ა. და ა. ს-იანების ქ. თბილისში, ორხევში, ...ის ქ. კორპ. 6, ¹6 ბინის 1/7-1/7 წილის თანამესაკუთრეებად ცნობა;

4. ქ. თბილისში, ორხევში, ...ის ქ. კორპ. 6, ბ. ¹9-ზე ჟ., ა., ა. და ა. ს-იანების წილზე უფლების აღიარება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ჟ., ა., ა. და ა. ს-იანების სარჩელი:

1. 2006 წლის 23 დეკემბერს ლ. და ლ. ს-იანებსა და დ. უ-შვილს შორის ქ. თბილისში, ორხევში, ...ის ქ. კორპ. 6, ბ. ¹6-ზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის;

2. ამავე ბინაზე (ფართი 43,57 კვ.მ.) შ. და მ. ს-იანებსა და ლ. ს-იანს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის;

3. ჟ., ა., ა. და ა. ს-იანების ქ. თბილისში, ორხევში, ...ის ქ. კორპ. 6, ¹6 ბინის 1/7-1/7 წილის თანამესაკუთრეებად ცნობის ნაწილში არ დააკმაყოფილა. რაც შეეხება მოსარჩელეთა მოთხოვნას, ქ. თბილისში, ორხევი, ...ის ქ. კორპ. 6, ბ. ¹9-ზე წილზე უფლების აღიარების თაობაზე და საქმე ამ ნაწილში იმავე თარიღის განჩინებით განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საკასაციო სასამართლოს.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის საქარხნო რაიონის მიერ 1979 წლის 8 იანვარს მ. ს-იანის სახელზე გაცემულ იქნა ორდერი ¹31748 საცხოვრებელ ბინაზე, რომლითაც მას, თავის ოჯახის წევრებთან _ შ., ჟ., ა. და ლ. ს-იანებთან ერთად სარგებლობაში გადაეცათ ქ. თბილისში, ორხევი, ...ის ქ. ¹6, მე-3 სართული, ბ. ¹9 ერთოთახიანი 16 კვ.მ. ფართის ბინა.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ არაპრივატიზებული საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ურთიერთობებს არეგულირებს “კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულება, რაც განეკუთვნება ადმინისტრაციულ კანონმდებლობას და შესაბამისად, მოსარჩელეთა მოთხოვნა ქ. თბილისში, ორხევში, ...ის ქ. ¹6, მე-3 სართული, ბ. ¹9-ზე საკუთრების (წილის) უფლების აღიარების თაობაზე განხილულ უნდა ყოფილიყო არა სამოქალაქო, არამედ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებით მიუხედავად იმისა, რომ მოდავე მხარეები ფიზიკური პირები არიან, მოცემულ შემთხვევაში განსჯადობის საკითხის გასარკვევად უმთავრესია კანონმდებლობა (ადმინისტრაციული), რომლის საფუძველზეც უნდა გადაწყდეს დავა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დადგენილია ადმინისტრაციული წესით განსახილველ დავათა სახეები, კერძოდ, ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე, აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. მოცემულ შემთხვევაში გასჯადობის საკითხის აღიძრა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა განხილულიყო, ვინაიდან არაპრივატიზებული საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულება, რაც განეკუთვნება ადმინისტრაციულ კანონმდებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ჟ., ა., ა. და ა. ს-იანების მოთხოვნის საფუძვლიანობის დადგენა წარმოადგენს სასარჩელო განცხადების არსებითად განხილვის საგანს. ამ ეტაპზე საჭიროა დადგინდეს დავის განხილვაზე უფლებამოსილი, განსჯადი სასამართლო, რაც უშუალოდ არის დამოკიდებული იმაზე, თუ დავის რა ფორმა იქნა არჩეული მოსარჩელეთა მიერ მიზნის (საკუთრების უფლების მოსაპოვებლად) მისაღწევად.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მართალია, სამოქალაქო საქმეთა კოლეგია თავისი მოსაზრების დასასაბუთებლად მიუთითებს ნორმატიულ აქტზე, რომელიც თავისი ბუნებით წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის შემადგენელ ნაწილს და აწესრიგებს კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესს, მაგრამ განსახილველ შემთხვევაში განსჯადობის საკითხი დამოკიდებულია სასარჩელო მოთხოვნაზე, კერძოდ, თუ რა არის დავის არსი და საგანი.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის თანახმად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი (თვითმმართველი ქალაქის მერი, მუნიციპალიტეტის გამგებელი, ქალაქ თბილისში – შესაბამისი რაიონის გამგებელი) “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, ამ წესისა და კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, აღნიშნული ბრძანებულებით, დადგენილი წესით კანონიერი მოსარგებლეების მიერ არაპრივატიზებულ ფართზე საკუთრების უფლების მოპოვება ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ხდება ადმინისტრაციული ორგანოსადმი მიმართვითა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებით. ამ სახის გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ აქტს და მის კანონიერებაზე დავა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია გასაჩივრების გზით, სათანადო წესით.

ამდენად, ადმინისტრაციულ სასამართლოში დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ იმ აქტის კანონიერება, რომელსაც უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო მიიღებს დაინტერესებული პირის მოთხოვნით არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეების საბოლოო ინტერესია არაპრივატიზებულ საცხოვრებელ ბინაზე საკუთრების უფლება მოიპოვონ მისი პრივატიზებით, მაგრამ ამ ეტაპზე მათ არ მიუმართავთ ადმინისტრაციული ორგანოსათვის შესაბამისი ნორმატიული აქტით მინიჭებული უფლების რეალიზებისათვის. ასევე ამ სამართალწარმოების ფარგლებში მოსარჩელთა მოთხოვნას არ წარმოადგენს ბინის პრივატიზება, არამედ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეებს სურთ ქ. თბილისში, ორხევში, ...ის ქ. ¹6, მე-3 სართული, ბ. ¹9-ის 1/6-1/6-დ იდეალურ წილზე მხოლოდ უფლების აღიარება, რათა შემდგომში მათ დამოუკიდებლად მოახდინონ თავიანთ წილის პრივატიზება (იხ. ს.ფ. 241-249, 16.03.2009 წ. სასამართლო სხდომის ოქმი). ამგვარად, დღეისათვის წარმოდგენილი სარჩელის მოთხოვნა _ ქონებიდან იდეალური წილის განსაზღვრა წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებულ სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობას, რომელიც გამომდინარეობს არა ადმინისტრაციული სამართლის, არამედ სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობიდან, რადგან სამოქალაქო კოდექსით რეგულირდება ფლობის, სარგებლობისა და საკუთრების უფლების საკითხები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.

ამდენად, რაკი წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელეები ითხოვენ სასამართლოს გზით არაპრივატიზებული საცხოვრებელი ბინის იდეალურ წილზე მხოლოდ მათი უფლების აღიარებას, რათა შემდგომში ამ უფლების საფუძველზე დამოუკიდებლად მოახდინონ ბინის პრივატიზება, ამ სახის დავის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჟ., ა., ა. და ა. ს-იანების სარჩელი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით და 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჟ., ა., ა. და ა. ს-იანების სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების – მ., შ. და ლ. ს-იანების მიმართ, უფლების აღიარების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.