ბს-1462-1396 (გ-09) 8 თებერვალი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის დავა სსიპ - ,ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის ,,სამტრესტის” სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 29 მაისს სსიპ - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტმა ,,სამტრესტმა” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის – შპს “...” მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო აუქციონის წესით საგარანტიო ნივთის – იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, რომლის შედეგად, დეპარტამენტს დაუბრუნდებოდა მის მიერ მიმწოდებლისათვის გადარიცხული თანხა – 17 010 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 1 ივნისის განჩინებით სსიპ - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის” სარჩელი მოპასუხის _ შპს “...” მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება. ადმინისტრაციულმა კოლეგიამ ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო-სამართლებრივი, ასევე კერძო-სამართლებრივი ფორმები, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული და სამოქალაქო ხელშეკრულების გამიჯვნა უნდა განხორციელდეს ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით. სასამართლოს მოსაზრებით, სსიპ _ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტსა” და შპს “...” შორის ვენახის გასაშენებლად დადებული ხელშეკრულება არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნიდან, რის გამოც ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებიდან გამომდინარე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების მიზნით საგარანტიო ნივთის – იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის ვალდებულება არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავის საგანს და სადავო სახელშეკრულებო ურთიერთობიდან კონტრაჰენტებს შორის წარმოშობილი ვალდებულების შესრულების საკითხი განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 სექტემბრის განჩინებით სსიპ _ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის” სარჩელი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო კოლეგიამ საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ ერთი მხრივ, სსიპ _ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტსა” (შემსყიდველს) და მეორე მხრივ, შპს “...” (მიმწოდებელს) შორის 2004 წლის 1 დეკემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება ¹11, რომლის მიხედვითაც, შემსყიდველმა ჩაატარა ღია ტენდერი ვაზის უნიკალური ჯიშის ნერგებით ვენახების განაშენიანების მომსახურების შესყიდვაზე. ტენდერში გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მიმწოდებლის სატენდერო წინადადება და ამავე წინადადების თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება გაუწიოს შემსყიდველს ზემოაღნიშნული მომსახურება 17 010 ლარად. სსიპ _ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტმა ,,სამტრესტმა” სრულად გადაურიცხა შპს “...” ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. მოპასუხემ არც ვალდებულება შეასრულა და არც გადაცემული თანხის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარადგინა.
სამოქალაქო კოლეგიამ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო-სამართლებრივი, ასევე კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება, ხოლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი კატეგორიის ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა დადების მიზნით დადგენის გზით. ხელშეკრულების მხარეების სამართლებრივ სტატუსს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. სსიპ _ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის” მიერ აღძრულია სარჩელი იმ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების ანაზღაურების თაობაზე, რომლითაც მის მიერ განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვა _ შპს “...” მხრიდან გარკვეული მომსახურების მიღების სახით. ამდენად, დავაზე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად არსებითია გაირკვეს სსიპ _ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის” მიერ ეს ხელშეკრულება დადებულია თუ არა მის უშუალო საჯარო კომპეტენციაში შემავალი ფუნქციის განხორციელების მიზნით, თუ ასეთი კომპეტენციის განხორციელების დასახმარებლად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის ¹2-30 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის” დებულების პირველი მუხლის პირველ პუნქტზე და მე-2 მუხლის მესამე პუნქტის “ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებზე და მიიჩნია, რომ ნებისმიერი საქმიანობა, რომელსაც “სამტრესტი” ახორციელებს მისი საქმიანობის ძირითადი საგნის (დარგის რეგულირება და განვითარების ხელშეწყობის) ფარგლებში, ერთნაირად წარმოადგენს მოსარჩელის საჯარო უფლებამოსილებას და მის უშუალო, პირდაპირ ფუნქციას. ამ შემთხვევაში ვაზის უნიკალური ჯიშის ნერგებით ვენახების განაშენიანების მომსახურების შესყიდვას სსიპ _ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტი” ახორციელებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას და უშუალოდ ამ მიზნით არის დადებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება შპს “...”.
სამოქალაქო კოლეგიამ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის პირველი ნაწილსა და მე-2 ნაწილზე მითითებით, მიიჩნია, რომ ვინაიდან მოცემული დავა თავისი არსით წარმოადგენდა ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო დავას, იგი მიეკუთვნებოდა ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას და საქმე უნდა გადაგზავნოდა საკასაციო სასამართლოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებებისა და საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის” სარჩელი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული და განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კანონიერი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ისარგებლოს კერძო სამართლის საშუალებით, თუ აღნიშნული უფრო მისაღებია მისთვის. სასკ-ის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებულ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ამდენად, ის გარემოება, რომ სსიპ – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი “სამტრესტი” სზაკ-ის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს, თავისთავად არ ქმნის განსახილველი დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს. საჯარო-სამართლებრივი და კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა ხელშეკრულების მონაწილეთა სტატუსს, არამედ ხელშეკრულების მიზანს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის (სზაკ-ის 2.1 მუხლის “ზ” ქვეპუნქტი) ძირითად ელემენტს შეადგენს ხელშეკრულების დადება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. ამდენად, ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებას განსაზღვრავს ხელშეკრულების მიზანი. ხელშეკრულების მიზანი განისაზღვრება მისი შინაარსიდან გამომდინარე. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსს. ის გარემოება, რომ “ვაზისა და ღვინის შესახებ” კანონის მე-31 მუხლის თანახმად და საქართველოს სოფლის მურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის ¹2-30 ბრძანებით დამტკიცებული დეპარტამენტის დებულების 2.3 მუხლის “ბ” ქვეპუნქტით მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საქმიანობას არეგულირებს სსიპ – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი “სამტრესტი”, რომლის საქმიანობის ძირითად საგანს შეადგენს “დარგის განვითარების, მევენახეობა-მეღვინეობის პროდუქციის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა”, ასევე არ წარმოადგენს დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების შედეგად შესაბამისი პირი აღიჭურვება საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით, მაშინ როდესაც სამქალაქო ხელშეკრულების დადებისას მხარეები გვევლინებიან სამოქალაქო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობების მატარებლებად. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ “სამტრესტსა” და შპს “...” შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობა. ხელშეკრულების საფუძველზე მეწარმე სუბიექტმა იკისრა ვალდებულება, შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ განეხორციელებინა მომსახურება, კერძოდ, გაეშენებინა ვენახი ვაზის უნიკალური ჯიშის ნერგებით. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ხოლო თვით ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების ღია ტენდერის შედეგად დაიდო, ხელშეკრულება არ აღჭურავს პირს საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ შეიცავს ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან სხვა მმართველობითი ღონისძიების განხორციელების ვალდებულებას, ხელშეკრულების დადება სახელმწიფო შესყიდვის შედეგად, ღია ტენდერის ჩატარებით თავისთავად არ წარმოადგენს სადავო სამართალურთიერთობის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს, ამასთანავე დავის საგანს წარმოადგენს არა სახელმწიფო შესყიდვის პროცედურა, არამედ ტენდერის შედეგად 2004 წლის 1 დეკემბერს დადებული ¹11 ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 17 010 ლარის დაკისრება, სანოტარო წესით დამოწმებული 2004 წლის 2 დეკემბერს იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე აუქციონის წესით საგარანტიო ნივთის – იპოთეკით დატვირთული ქონების (შპს “...” კუთვნილი მიწის ნაკვეთების) რეალიზაცია, რეალიზაციის შედეგად სსიპ – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი “სამტრესტის” მიმწოდებლისათვის გადარიცხული თანხის – 17 010 ლარის დაბრუნება. მოსარჩელის მოთხოვნას საფუძვლად უდევს სამოქალაქო კოდექსის მე-300 (იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის მოთხოვნა) და 301-ე (იძულებით გაყიდვა აუქციონზე) მუხლები. ამდენად, სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან (სასკ-ის 2.3 მუხლი). მხარეთა შორის არსებული სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებულ სამოქალაქო ხელშეკრულებას მიეკუთვნება, შესაბამისად მის შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა, სსკ-ის მე-11 მუხლის, აგრეთვე სზაკ-ის 251-ე მუხლის, სზაკ-ის 65.2, 651-ე მუხლების საფუძველზე სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2, მე-5, 251-ე, 26-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის” სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.