Facebook Twitter

ბს-1579-1508(გ-09) 27 იანვარი, 2010 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო კოლეგიებს შორის დავა სსიპ ,,ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის” სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 29 მაისს სსიპ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტმა ,,სამტრესტმა” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის – ლ. უ-ძის მიმართ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო აუქციონის წესით – იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციას, რომლის შედეგად ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტს” დაუბრუნდებოდა მის მიერ მიმწოდებლისათვის გადარიცხული თანხა – 38000 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 ივნისის განჩინებით სსიპ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის” სარჩელი მოპასუხე ლ. უ-ძის მიმართ საგარანტიო ნივთის – იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის თაობაზე - განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ადმინისტრაციული კოლეგია განჩინებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება.

ადმინისტრაციული კოლეგია ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე განმარტავდა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო-სამართლებრივი, ასევე კერძო-სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულება. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული და სამოქალაქო ხელშეკრულების გამიჯვნა უნდა განხორციელდეს ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

სასამართლოს მოსაზრებით, სსიპ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტსა” და ლ. უ-ძეს შორის ვენახის გასაშენებლად დადებული ხელშეკრულება, არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნიდან, რის გამოც ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებიდან გამოდინარე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების მიზნით საგარანტიო ნივთის – იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის ვალდებულება არ წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი დავის საგანს და სადავო სახელშეკრულებო ურთიერთობიდან კონტრაჰენტებს შორის წარმოშობილი ვალდებულების შესრულების საკითხი სამოქალაქო კოლეგიის განსჯადია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 ნოემბრის განჩინებით სსიპ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის” სარჩელი საქმის მასალებთან ერთად განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

ამავე კოდექსის მე-2 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სსიპ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი ,,სამტრესტი” არის ადმინისტრაციული ორგანო.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება.

კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს განმარტებით, სსიპ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი ,,სამტრესტი” სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს 2004 წლის 30 ნოემბრის სსიპ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტსა” და ი/მ ,,ლ. უ-ძეს” შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების ¹1 ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც შემსყიდველმა ჩაატარა ღია ტენდერი ვაზის უნიკალური ჯიშის ნერგებით ვენახების გაშენების მომსახურების შესყიდვაზე, რომელშიც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მიმწოდებლის სატენდერო წინადადება და მიმწოდებლის სატენდერო წინადადების თანახმად, მან აიღო ვალდებულება გაუწიოს შემსყიდველს ზემოაღნიშნული მომსახურება 38000 ლარის ოდენობის თანხაზე.

,,ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონის მე-31 მუხლის შესაბამისად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საქმიანობას არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ვაზისა და ღვინის დეპარტამეტი - ,,სამტრესტი”, რომლის კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი ,,სამტრესტი” საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას.

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის ¹2-30 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის” დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კი ,,სამტრესტის” საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს დარგის განვითარების, მევენახეობა-მეღვინეობის პროდუქციის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა”.

ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება, იგი დადებულია ადმინისტრაციული ორგანოს სსიპ ,,ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის” მიერ საჯარო უფლებამოისლების განხორციელების მიზნით, ვინაიდან მევენახეობა-მეღვინეობის პროდუქციის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა მის საჯარო უფლებამოსილებას წარმოადგენს და ზემოაღნიშნული დავა ადმინისტრაციული წესით უნდა იქნეს განხილული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის” სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, შემდეგ მოსაზრებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე.

საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნის დაცვას, რათა გამოირიცხოს საქმის განსხვავებულ პრინციპებზე აგებული სამართალწარმოების წესით განხილვა. სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის სწორად გადაწყვეტისათვის საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს თავად სადავო სამართალურთიერთობის ხასიათის განსაზღვრას. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ნორმათა ანალიზს, რომელიც იძლევა ადმინისტრაციული ხელშეკრულების სამოქალაქო ხელშეკრულებისაგან გამიჯვნის შესაძლებლობას.

კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილება-დამატებების შედაგად, შემოღებული იქნა ადმინისტრაციული ხელშეკრულების ცნება, განსხვავებით მანამდე არსებული ადმინისტრაციული გარიგებისაგან. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ დამატებით მოთხოვნებს.

როგორც ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას არ სარგებლობს კერძო პირებისათვის დამახასიათებელი ნების ავტონომიის უფლებით, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებას განაპირობებს მის მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელება.

ადმინისტრაციული ხელშეკრულების ერთ-ერთი მახასიათებელი არის ის, რომ ხელშეკრულების დადების შედეგად შესაბამისი პირი აღიჭურვება საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით, მაშინ როდესაც სამოქალაქო ხელშეკრულების დადებისას მხარეები გვევლინებიან წმინდა სამოქალაქო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობის მატარებლებად.

წინამდებარე შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტსა” და ი/მ ,,ლ. უ-ძეს” შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობა. ხელშეკრულების საფუძველზე ინდ/მეწარმემ იკისრა ვალდებულება, შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ განეხორციელებინა მომსახურება, კერძოდ, გაეშენებინა ვენახი ვაზის უნიკალური ჯიშის ნერგებით. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ამ შემთხვევაში ხელშეკრულების მონაწილე მხარეები არ არიან აღჭურვილი საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით და სარგებლობენ სამოქალაქო ხელშეკრულებისათვის მახასიათებელი ნების ავტონომიურობის პრინციპით, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იძლევა საფუძველს, განსახილველი ხელშეკრულება მიეკუთვნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებულ სამოქალაქო ხელშეკრულებას, რომლის შესრულებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი დავა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის საფუძველზე, განსახილველად ექვემდებარება სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამტრესტის” სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;

2. განჩინება გადაეგზავნოთ მხარეებს;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.