Facebook Twitter

ბს-158-151(გ-10) 17 თებერვალი, 2010წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო კოლეგიებს შორის დავა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 28 მაისს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე შპს ,,...” მიმართ ვალდებულობის შეუსრულებლობისათვის ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ 2007 წლის 15 ოქტომბერს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მისაღებად გამართულ აუქციონზე მონაწილეობა მიიღო და გამარჯვებლად გამოცხადდა შპს ,,...”. აღნიშნულ საწარმოზე აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის 2007 წლის 23 ოქტომბრის ¹01-02/104 ბრძანებით გაიცა ლიცენზია ¹00123.

აღნიშნული ბრძანების შესაბამისად, გამარჯვებულ საწარმოს აუქციონში დასახელებული თანხა ,,ბე-ს” გამოკლებით - 680478 ლარი უნდა გადაეხადა დადგენილი გრაფიკით – 2008 წლის 18 ივლისამდე, 9 თვის განმავლობაში, ყოველდღიურად 75 609 ლარის ოდენობით. მოსარჩელის განმარტებით, ლიცენზიანტმა აღნიშნული ვალდებულება დაარღვია. მან გადაიხადა მხოლოდ 151 218 ლარი ორ პროპორციულ ნაწილად 2007 წლის 19 ნოემბერსა და 18 დეკემბერს. გადასახდელი დარჩა 529 260 ლარი, რაც დღემდე არ არის გადახდილი და რაც წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების საფუძველს.

მოსარჩელის მითითებით, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹136 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისა და ,,ლიცენზირებისა და ნებართვის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა”, ,,ბ” და ,,დ” პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად აცხადებს სამინისტრო, ხოლო ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 აპრილის ¹98 დადგენილებისა და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹136 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების” შესაბამისად, აჭარის ა/რ ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტრო არის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო სათანადო საფუძვლების არსებობისას ძალადაკარგულად გამოაცხადოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია. მოსარჩელის განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში არსებობდა რა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლები, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებულ იქნა აჭარის ა/რ ფინანასთა და ეკონომიკის მინისტრის ¹55 ბრძანება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა აჭარის ა/რ გარმოსა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს 2007 წლის 23 ოქტომბრის ¹01-02/104 ბრძანება და გაუქმდა შპს ,,...” გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცნზია ¹00123. ბრძანებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაეცნო შპს ,,...”, მოპასუხეს იმავდროულად აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2008 წლის 29 დეკემბრის ¹01-02/3769 წერილით ეთხოვა 529 260 ლარის გადახდა, მაგრამ შპს ,,...” ნაკისრი ვალდებულება დღემდე არ შეუსრულებია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ითხოვდა მოპასუხე შპს ,,...” მის სასარგებლოდ დაკისრებოდა 529 260 ლარის გადახდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 ნოემბრის განჩინებთ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეცა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია განჩინებაში მიუთითებდა, რომ გასახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება და არა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე სახის სამართლებრივი ურთიერთობა, რაც გამორიცხავს დავის წარმოებას ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 იანვრის განჩინებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარჩელო განცხადება მოპასუხე შპს ,,..” მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: ადმინისტრაციული საპროცესო კოდქსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი შეიცავს იმ დავების ჩამონათვალს, რომლებიც საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება. მითითებული მუხლის ,,გ” პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ეს ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს, ნებისმიერი დავა, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

იმისათვის, რომ საერთო სასამართლომ განიხილოს და გადაწყვიტოს დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, აუცილებელია ერთდროულად ორი კომპონენტის არსებობა: 1) დავა უნდა გამომდინარებოდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და 2) ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო (სამართალსუბიექტის პრინციპი).

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული ლეგალური დეფინაციის თანხმად, კი მოცემულ დავაში მონაწილე ერთ-ერთი მხარე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტრო (კერძოდ, მოსარჩელე) - ადმინისტრაციული ორგანოა.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის 2007 წლის 23 ოქტომბრის ბრძანება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი. აღნიშნული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის კერძოდ, კი ,,ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 იანვრის ¹21 დადგენილების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ” პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹136 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასარგებლო წიაღისეულების მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პრობების შესახებ დებულების” მე-2 მულის პირველი პუნქტის საფუძველზე, ხოლო დავის საგანი არის სალიცენზიო პირობების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, შესაბმისად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი დავაც ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე შპს ,,..” მიმართ განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგ მოსაზრებათა გამო:

საქართველოს კონსტიტუციის 42.2 მუხლის შესაბამისად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება საქმე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი განსაზღვრავს იმ კატეგორიის საქმეთა ჩამონათვალს, რომელთა განხილვა და გადაწყვეტა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების პრინციპების დაცვით. აღნიშნული მუხლი იძლევა ადმინისტრაციული სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების რეგლამენტაციას, რომლის მიხედვითაც, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოებში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. ამდენად, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.

როგორც საქმეში დაცული მასალები ცხადყოფს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2008 წლის 15 აგვისტოს ¹55 ბრძანებით გაუქმდა შპს ,,..” გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია ¹00123. ამავე ბრძანების მე-3 ნაწილით შპს ,,..” განემარტა, რომ ვალდებულია, გადაიხადოს აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს 2007 წლის 23 ოქტომბრის ¹01-02/104 ბრძანებით დადგენილი საბოლოო თანხა სრულად. აღნიშნული აქტის საფუძველზე შპს ,,..” აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2008 წლის 29 სექტემბრის ¹01-02/3769 წერილით დამატებით ეცნობა 529 260 ლარის გადახადის ვალდებულების თაობაზე. მოსარჩელე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის გადაუხდელობით შპს მიაყენა ზიანი, რის გადახდასაც ითხოვს სასარჩელო წესით.

მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე სარჩელი მიმართულია კერძო სამართლის იურიდიული პირის მიმართ და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი ფორმალურად ემყარება კერძო სამართალს (ზიანის ანაზღაურება), საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ განსახილველი საქმე ექცევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით განსაზღვრულ დავათა კატეგორიაში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, საქმის განსჯადობის დადგენისათვის მნიშვნელოვანია სარჩელის ელემენტებისა და სამართალურთიერთობის ცალკეული კომპონენტების განსაზღვრა. დაუშვებელია საჯარო-სამართლებრივი დავის კერძო-სამართლებრივ დავად მიჩნევა მხოლოდ იმ მოტივით, რომ მოსარჩელე თავის საჯარო-სამართლებრივ მოთხოვნას ასაბუთებს კერძო-სამართლებრივი ნორმების მეშვეობით. ასეთ პირობებში სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს დავის არსით, შეაფასოს და განსაზღვროს მხარის მოთხოვნა და დაადგინოს ვისგან ითხოვს მხარე და რა საფუძვლით. წინააღმდეგ შემთხვევაში, განსჯადობის აღრევა გამოიწვევს საქმის განხილვას განსხვავებულ პრინციპებზე აგებული სამართალწარმოების წესების დაცვით.

შპს ,,...” ლიცენზიის გაცემა მოხდა აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის 2007 წლის 23 ოქტომბრის ბრძანებით. მითითებული აქტი გამოცემული იყო ადმინისტრაციული კანონმდებლობის, კერძოდ ,,ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 იანვრის ¹21 დადგენილების აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების _ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ” პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹136 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. უდავოა, რომ მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა ემყარებოდა საჯარო კანონმდებლობას. შპს ,,...” სალიცენზიო პირობების დარღვევის მოტივით შეწყდა ურთიერთობა ადმინისტრაციული აქტის _ მინისტრის ბრძანების_ საფუძველზე და იმავე აქტით საზოგადოებას განესაზღვრა ზიანის გადახდის ვალდებულება. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს მოპასუხის მხრიდან ადმინისტრაციული კანონმდებლობის უგლვებელყოფა და აღნიშნულის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობა. დავის საგანი და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, წინამდებარე სარჩელს, თავისი არსით, მიაკუთვნებს ადმინისტრაციული კატეგორიის დავას, რაც განაპირობებს საქმის განსჯადობით განსახილველად ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისათვის დაქვემდებარებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 26-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე შპს ,,...” მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. განჩინება გადაეგზავნოთ მხარეებს;

3.განსჯადობის თაობაზე მიღებული განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.