ბს-1593-1522 (გ-09) 27 მაისი, 2010 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა პალატებს შორის დავა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასარჩელო განცხადების და ი/მ ,,..” შეგებებული სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 19.09.08წ. სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე ინდ. მეწარმე ,,...” მიმართ და მოითხოვა: 26.07.06 წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასარგებლოდ ინდ. მეწარმე ,,...” 2008 წლის 29 აპრილის მდგომარეობით პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს 42 299, 74 ლარს. 17.10.08წ. თბილისის საქალაქო სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარდგენილი იქნა მოპასუხე ინდ. მეწარმე ,,...”-ს შეგებებული სარჩელი მოსარჩელე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ შემდეგი მოთხოვნებით: 1) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ინდ. მეწარმე ,,...” 26.07.06 წ. დადებული განვადებით ნასყიდობის ¹1 ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი; 2) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ინდ. მეწარმე ,,...” შორის 26.07.06 წ. დადებული განვადებით ნასყიდობის ¹1 ხელშეკრულების პირგასამტეხლოდ განისაზღვროს ვალებულების შესრულების მომენტისათვის გადაუხდელი თანხის 0,07%.
თბილისის საქალაქო სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.04.09წ. განჩინებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე ინდ. მეწარმე ,,...” მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და ინდ. მეწარმე ,,...” შეგებებული სარჩელი მოპასუხე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ განვადებით ნასყიდობის ¹1 ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ბათილად ცნობისა და პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების თაობაზე განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.05.09 წ. გადაწყვეტილებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასარჩელო განცხადება ინდ. მეწარმე ,,....” მიმართ და ინდ. მეწარმე ,,...” შეგებებული სარჩელი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ინდ. მეწარმე ,,...” დაეკისრა 14 804,93 ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასმართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ინდ. მეწარმე ,,...” მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.11.09წ. გადაწყვეტილებით აპელანტ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აპელანტ ინდ. მეწარმე ,,...” სააპელაციო საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.05.09წ. გადაწყვეტილებაზე განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ დავაში მოსარჩელე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოითხოვს მის მიერ ფიზიკურ პირთან (ინდ. მეწარმე ,,...”) დადებული კერძოსამართლებრივი (განვადებით ნასყიდობის) ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული (ხელშეკრულებით გათვალსიწინებული პირგასამტეხლო) დავის განხილვას და გადაწყვეტას, ხოლო მოპასუხე ფიზიკური პირი ინდ. მეწარმე ,,...” შეგებებული სარჩელით ასევე მოითხოვს, მასსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის დადებული კერძოსამართლებრივ (განვადებით ნასყიდობის) ხელშეკრულების შესრულებასთან (ხელშეკრულების ნაწილის ბათილად ცნობას და პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრას) დაკავშირებული დავის განხილვას და გადაწყვეტას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ვინაიდან განსახილველი დავის შემთხვევაში სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კანონმდებლობით მოწესრიგებული ურთიერთოებები, წინამდებარე დავა სამართლებრივად არ წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას და იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 11.1.,,ა” მუხლის თანახმად, განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დავის იურიდიულ ბუნებას არ ცვლის ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რადგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251.2. მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.12.09წ. განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოში განსახილველი საქმე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ინდ. მეწარმე გურამ გურაშვილს შორის განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. სამოქალაქო საქმეთა პალატამ აღნიშნა, რომ ზაკ-ის მე-2 მუხლის “ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიჩნევისათვის ადმინისტრაციული ორგანო უნდა მოქმდებდეს საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსაზრებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავისი ინიციატივით კი არ შევიდა სახელშეკრულებო ურთიერთობებში კონტრაჰენტთან, არამედ მას “იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის სასურსათო წარმოების გაზრდის მიზნით გამოყოფილი გრანტის მიმღები ორგანოს განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 28.12.05წ. ¹587 განკარგულებით დაევალა სამთავრობათაშორისო გრანტის ასათვისებლად მექანიზმის შემუშავება. მთავრობის განკარგულების შესრულება კი ადმინისტრაციული ორგანოს_სამინისტროს პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენს “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, რომლითაც მთავრობა აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებას უზრუნველყოფს სამინისტროებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მეშვეობით. სამოქალაქო საქმეთა პალატამ ჩათვალა, რომ ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 26.06.06წ. დადებული ხელშეკრულება ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა, ვინაიდან სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ეს ხელშეკრულება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით დადო. საჯარო უფლებამოსილება კი გამოიხატა მთავრობის 28.12.05წ. ¹587 განკარგულების, “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 18.02.09წ. ¹26 დადგენილებით დამტკიცებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის “ს” ქვეპუნქტის შესრულებაში. ზემოხსენებული ადმინისტრაციული აქტების არარსებობის პირობებში კი სოფლის მეურნეობის სამინისტრო სახელშეკრულებო ურთიერთობებში არ შევიდოდა და ამდენად, სადავო ხელშეკრულების დადებისას გადამწყვეტი სწორედ ზემოხსენებული აქტები-როგორც სამინისტროს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების საფუძველი აღმოჩნდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, დავის საგნობრივი განსჯადობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის და იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებების გაცნობის შედეგად თვლის, რომ საქმე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული და შესაბამისად განსჯადობით განსახილველად სამოქალაქო საქმეთა პალატას უნდა დაექვემდებაროს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო და მატერიალურ ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის შემოღებით, საჯარო-სამართლებრივი და კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა ხელშეკრულების მონაწილეთა სტატუსს, კერძოდ იმას, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეზე ადმინისტრაციული ორგანო გამოდის, არამედ ხელშეკრულების იმანენტურ ბუნებას, ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსს. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კანონიერი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ისარგებლოს კერძო სამართლის საშუალებით, უკეთუ აღნიშნული უფრო მისაღებია მისთვის. სასკ-ის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილება. ის გარემოება, რომ საქართველოს მთავრობის 18.02.09წ. ¹26 დადგენილებით დამტკიცებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულებით სამინისტროს ერთ-ერთ ამოცანას შეადგენს დარგების მიხედვით პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა, აგრეთვე საქართველოს მთავრობის 28.12.05წ. ¹587 განკარგულებით იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის ასათვისებლად, “გრანტების შესახებ” კანონის შესაბამისად, გრანტის მიმღებ ორგანოდ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო განისაზღვრა, არ ცვლის სამინისტროსა და ი/მ “...” შორის 30.06.06წ. დადებული ხელშეკრულების კერძო-სამართლებრივ ბუნებას, შესაბამისად არ იცვლება ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული სადავო სამართალურთიერთობების ხასიათი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის 26.07.06წ. დადებული განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებით გადაცემული ტექნიკის საერთო ღირებულება შეადგენს 224975 ლარს, ნაღდი გადახდის ოდენობა შეადგენდა გადაცემული ტექნიკის საერთო ღირებულების 21% - 47244, 75 ლარს, ხელშეკრულებით გადაცემული ტექნიკის ნარჩენი ღირებულება 177 730,25 ლარს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო სასარჩელო განცხადებით მოპასუხის მიერ ტექნიკის ღირებულების ნაწილის (44 432,56 ლ.) ხელშეკრულებით დადგენილი გრაფიკით გათვალისწინებული ვადის გადაცილებისათვის, თანხის დაგვიანებით დაფარვისათვის, ხელშეკრულების 4.1 მუხლის და სამოქალაქო კოდექსის ნორმების საფუძველზე, ითხოვს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს თანხის – 42 299,74 ლარის დაკისრებას სამინისტროს სასარგებლოდ. მოპასუხე-გ. გ-შვილი შეგებებულ სარჩელით მოითხოვს ხელშეკრულების 4.1 მუხლის ბათილად ცნობას იმ მოტივით, რომ იგი ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ვალდებულებითი და სახელშეკრულებო სამართლის ნორმებს, შეგებებული სარჩელის ავტორის მეორე მოთხოვნა ეხება პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას, მისი 0,07% ოდენობით განსაზღვრას. ხელშეკრულების დადების მოტივების, აგრეთვე იმის მიუხედავად, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს ადმინისტრაციული ორგანო – სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმოადგენს, ხელშეკრულება არ აღჭურავს მხარეს საჯარო-სამართლებრივი უფლებამოვალეობებით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ შეიცავს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან სხვა მმართველობითი ღონისძიების განხორციელების ვალდებულებას. დავის საგანს სამინისტროს სარჩელზე შეადგენს მოპასუხისათვის გადახდის ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება, ხოლო მოპასუხე შეგებებული სარჩელით ითხოვს პირგასამტეხლოს თანხის შემცირებას, ხელშეკრულების მე-4 პუნქტის ბათილად ცნობას, ხსენებული ურთიერთობების მოწესრიგება შეუძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი საშუალებებით, კერძოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით ან რეალაქტის განხორციელებით, სამინისტროს არ გააჩნია სახელისუფლო უფლებამოსილება მეორე მხარის მიმართ, ხელშეკრულების მხარეთა შორის არ არსებობს საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც მოწესრიგდებოდა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, ხელშეკრულების დადებით კონტრაჰენტი არ აღჭურვილა საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილებით, ამდენად სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სამინისტრომ ხელშეკრულება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით დადო არ არის დასაბუთებული. მოსარჩელის და შეგებებული სარჩელის ავტორების მოთხოვნებს საფუძვლად უდევს სამოქალაქო კოდექსის მუხლები, სადავო სამართალურთიერთობების ხასიათიდან გამომდინარე სავსებით ცხადია, რომ სადავო სამართალურთიერთობები კერძო-სამართლებრივი კანონმდებლობის საფუძველზე უნდა გადაწყდეს. ამდენად სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, რაც სასკ-ის 2.3 მუხლის თანახმად საქმის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი მიკუთვნების სავალდებულო პირობას წარმოადგენს. სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებულ კერძო-სამართლებრივ ხელშეკრულებათა რიცხვს განეკუთვნება, შესაბამისად მის შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა, სსკ-ის მე-11 მუხლის საფუძვლეზე სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-5, 251-ე, 26-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარჩელისა გამო მოპასუხე ი/მ “...” წინააღმდეგ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და ი/მ “...” შეგებებული სასარჩელო განცხადების მოპასუხე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინააღმდეგ საქმე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.