ბს-1594-1523(გ-09) 10 თებერვალი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა მცხეთის რაიონულ სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 31 ივლისს კოოპერატივ “...” დირექტორმა სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ყაზბეგის რაიონის სიონის თემის საკრებულოს მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2008 წლის 24 აპრილის ¹059-1489/415 “საგადასახადო მოთხოვნის”, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 11 ივლისის ¹16/41 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებას; მოპასუხე ყაზბეგის რაიონის სიონის საკრებულოსათვის მიწის გადასახადთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილების მიღების დავალდებულებას.
მცხეთის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 დეკემბრის განჩინებით კოოპერატივ “...” სასარჩელო განცხადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 11 ივლისის ¹16/41 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში დაუშვებლად იქნა ცნობილი.
ამავე სასამართლოს 2009 წლის 9 იანვრის განჩინებით კოოპერატივ ,,...” სარჩელი მოპასუხის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.
2009 წლის 9 იანვარს კოოპერატივ “...” დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დავალდებულება გამოეცა ახალი ადმინისტრაციული აქტი მიწის გადასახადთან დაკავშირებით.
მცხეთის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 დეკემბრისა და 2008 წლის 9 იანვრის განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრა კოოპერატივმა “...”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2003 წლის 30 მარტის განჩინებით კოოპერატივ “...ის” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 3 დეკემბრის განჩინება და საქმე სარჩელის დასაშვებობის სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ამავე სასამართლოს 2009 წლის 30 მარტის განჩინებით კოოპერატივ “...ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 9 იანვრის განჩინება.
მცხეთის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 ივნისის განჩინებით კოოპერატივ “...ის” სასარჩელო განცხადება მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრისა (საგადასახადო ინსპექციის) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ 2008 წლის 24 აპრილის ¹059-1429/415 “საგადასახადო მოთხოვნისა” და 2008 წლის 11 ივლისის ¹16/41 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
2008 წლის 19 აგვისტოს კოოპერატივ “...ის” წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც დაკონკრეტებულ იქნა მოპასუხეთა წრე და სარჩელის მოთხოვნები, კერძოდ, მოპასუხეებად მიუთითა: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია); საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური; ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2008 წლის 24 აპრილის ¹058-1489/48 “საგადასახადო მოთხოვნისა” და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 1 ივლისის ¹16/41 ბრძანების ბათილად ცნობა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დავალდებულება გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიწის გადასახადის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით კოოპერატივ “...” სასარჩელო განცხადება მოპასუხის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემსავლების სამსახურისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
საქალაქო სასამართლო განჩინებაში აღნიშნავს, რომ მოსარჩელის – კოოპერატივ “...ის” მიმართ მიწის გადასახადში თანხის დარიცხვა განახორციელა შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ). სწორედ ამ უკანასკნელის 2008 წლის 24 აპრილის ¹059-1489 “საგადასახადო მოთხოვნა” გაასაჩივრა მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში; საგადასახადო ორგანოთა სისტემაში დავის დასრულების შემდეგ მოსარჩელემ დავა გააგრძელა სასამართლოში, სარჩელით მიმართა მცხეთის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სამი მოპასუხის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ყაზბეგის რაიონის სიონის თემის საკრებულოს მიმართ ადმინისტრაციული აქტების ძალადაკარგულად გამოცხადების, ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე.
საგადასახადო ორგანოთა სისტემაში დავის დასრულების შემდეგ იმავე დავის სასამართლოში გაგრძელების შემთხვევასთან მიმართებაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლი ადგენს სასამართლოში დავის განხილვის ფორმალურ პროცედურულ წესს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ პირს უფლება აქვს ამ კოდექსის 156-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება (მიღებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უარი, თუ მან ამ კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში არ მიიღო ეს გადაწყვეტილება, (ამ ვადის ამოწურვიდან 5 კალენდარული დღის ვადაში) გაასაჩივროს: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მეშვეობით საბჭოში და ბ) სასამართლოში (ასეთ შემთხვევაში მოპასუხეა ამ კოდექსის 147-ე ან 151-ე მუხლში აღნიშნული საგადასახადო ორგანო).
საქართველოს საგადასახადო კოდქსის 147-ე და 151-ე მუხლებში აღნიშნულ საგადასახადო ორგანოს წარმოადგენს საგადასახადო ორგანოთა სისტემის პირველი რგოლი – საგადასახადო ინსპექცია, ანუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში – შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია).
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მართალია, მოსარჩელეს – კოოპერატივ “...ს” სარჩელში მითითებული ჰყავს სამი მოპასუხე, რომელთაგანაც ერთი – შემოსავლების სამსახური მდებარეობს ქ. თბილისში, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლი ფაქტობრივად წინასწარ განსაზღვრავს ყოველ კონკრეტულ საქმეზე კონკრეტული სუბექტის სავალდებულო მოპასუხეს და მასთან ერთად – ყოველი საქმის განსჯადობას სავალდებულო, ძირითადი მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით;
სასამართლოს განმარტებით, კოოპერატივ “...ის” დაზუსტებული სარჩელის, სარჩელში დასახელებული მესამე მოპასუხის – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გაუთვალისწინებლობის (მხედველობაში არმიღების) შემთხვევაშიც კი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოპასუხეობას გავლენა არ უნდა მოეხდინა განსჯადობის საკითხის იმდაგვარ გადაწყვეტაზე, როგორც ეს მცხეთის საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა, რადგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლიდან გამომდინარე, გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მოპასუხეობა პირდაპირ განსაზღვრავს საქმის განსჯადობის საკითხს ძირითადი მოპასუხის – გორის რეგიონალური ცენტრის ადგილსამყოფელის მიხედვით სასამართლოს, ამ შემთხვევაში – გორის საქალაქო სასამართლოს.
სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. ამავე კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლით დადგენილია, რომ სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს. 22-ე მუხლით კი, დადგენილია, რომ სასამართლომ განსჯადობის წესების დაცვით თავის წარმოებაში მიღებული საქმე უნდა განიხილოს და არსებითად გადაწყვიტოს, თუნდაც ეს საქმე შემდგომში სხვა სასამართლოს განსჯადი გახდეს.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მცხეთის საქალაქო სასამართლოს მიერ 2009 წლის 16 ივნისის განჩინების გამოტანის დროისათვის კოოპერატივ “...ის” სარჩელს არ განუცდია ისეთი სახის ცვლილება, რაც გავლენას მოახდენდა საქმის განსჯადობაზე, ანუ წარმოშობდა სარჩელის განსჯადობის საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტის აუცილებლობას კერძოდ, 16.06.2009 წლის მდგომარეობით კოოპერატივ “...ის” სარჩელზე მოპასუხეებს კვლავ წარმოადგენდნენ ის სამი სუბიექტი, რომლებიც თავიდანვე ჰყავდა მოსარჩელეს მოპასუხეებად მითითებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების გაცნობისა და განსჯადობის თაობაზე სასამართლოთა მოსაზრებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კოოპერატივ “...ის” სარჩელი მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების საკრებულოს მიმართ განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს გორის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმეში წარმოდგენილი დაზუსტებული სარჩელის შინაარსი ცხადყოფს, წინამდებარე საქმეზე მოპასუხე მხარეებს წარმოადგენენ: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო დავის საგანია - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2008 წლის 24 აპრილის ¹059-1489/415 “საგადასახადო მოთხოვნის” ბათილად ცნობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 11 ივლისის ¹16/41 ბრძანების ბათილად ცნობა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის დავალდებულება, გამოსცეს ახალი ადმინისტარციული სამართლებრივი აქტი მიწის გადასახადთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის შინაარს და აღნიშნავს, რომ დავა შეეხება არა საგნობრივ განსჯადობას, არამედ ტერიტორიულ განსჯადობას, კერძოდ, იმ საკითხის განსაზღვრას, თუ რომელი სასამართლოა ტერიტორიულად უფლებამოსილი განიხილოს კოოპერატივ ,,...ის” სასარჩელო განცხადება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმებს შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლი, რომლის შესაბამისადაც, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით.
ამდენად, მითითებული მუხლი განსაზღვრავს საერთო განსჯადობის პრინციპებს, რომელიც ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, თუ ამავე კოდექსით დადგენილი არ არის განსჯადობის განსხვავებული რეჟიმი.
გარდა ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნისა საგადასახადო დავებთან მიმართებაში, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ასევე მნიშვნელოვანია საგადასახადო კოდექსის რიგი ნორმების შინაარსი. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირს უფლება აქვს, ამ კოდექსის 156-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მიღებიდან 5 კალენადრული დღის ვადაში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უარი, თუ მან ამ კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში არ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ამ ვადის ამოწურვიდან 5 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მეშვეობით საბჭოში; ბ) სასამართოში (ასეთ შემთხვევაში მოპასუხეა ამ კოდექსის 147-ე მუხლი ან 151-ე მუხლში აღნიშნული საგადასახადო ორგანო).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 147-ე და 151-ე მუხლებში აღნიშნულ საგადასახადო ორგანოს წარმოადგენს საგადასახადო ორგანოთა სისტემის პირველადი რგოლი - საგადასახადო ინსპექცია.
როგორც უკვე აღინიშნა წინამდებარე შემთხვევაში დავის საგანია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2008 წლის 24 აპრილის ¹059-1489/415 “საგადასახადო მოთხოვნა”, ხოლო რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 11 ივლისის ¹16/42 ბრძანებას, აღნიშნული გამოცემულია გორის რეგიონალური ცენტრის ,,საგადასახადო მოთხოვნის” კანონიერების შემოწმების მიზნით.
დავის საგანი და ზემოთაღნიშნული მუხლების მოთხოვნები საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ წინამდებარე საქმე განსჯადობოთ განსახილველად ექვემდებარება გორის რეგიონალურ ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ადგილსამყოფელ სასამართლოს, კერძოდ, გორის რაიონულ სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კოოპერატივ ,,...ის” სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს გორის რაიონულ სასამართლოს;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.