Facebook Twitter

ბს-1629-1557(გ-09) 7 აპრილი, 2010 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ჟ. ბ-ოვას სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის წარმოშობილი დავა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ჟ. ბ-ოვამ 23.10.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ნოტარიუს ე. ყ-შვილის მიმართ, რომლითაც 09.08.75წ. გარდაცვლილი კ. ბ-ოვას მემკვიდრედ ცნობა და მისი დანაშთი ქონების 1/2 წილზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.10.09წ. განჩინებით ჟ. ბ-ოვას სასარჩელო განცხადება ნოტარიუსის _ ე. ყ-შვილის მიმართ მემკვიდრედ ცნობისა და სამკვიდრო მოწმობის გაცემის თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიებს, კერძოდ, ადგენს თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი დავა გამომდინარეობდა არა ადმინისტრაციული, არამედ სამოქალაქო კანონმდებლობიდან და უნდა განხილულიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. “რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 14.11.97წ. ¹649 ბრძანებულებაში 12.04.05წ. საქართველოს პრეზიდენტის ¹213 ბრძანებულებით შეტანილი ცვლილებების თანახმად, ლიკვიდირებულ იქნა თბილისის რაიონული სასამართლოები და შეიქმნა თბილისის საქალაქო სასამართლო, რომელშიც ჩამოყალიბდა სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები – ადმინისტრაციულ საქმეთა, სამოქალაქო საქმეთა და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიები. “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეებს განსაზღვრავს საპროცესო კანონი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმე უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს აღნიშნული საქმე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.12.09წ. განჩინებით ჟ. ბ-ოვას სარჩელი ნოტარიუსის – ე. ყ-შვილის მიმართ ქმედების განხორციელების თაობაზე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საკასაციო სასამართლოს.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ დავა არ გამომდინარეობს სამოქალაქო კანონმდებლობიდან, რადგან მოსარჩელე არ ითხოვს სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებას, არ არის დავა სამკვიდროს გაყოფაზე, შესაბამისად, დავა არ შეიძლება განხილულ იქნეს სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძველზე. “ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი არის საჯარო-სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა პირებს შორის სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში სამართლებრივ ურთიერთობათა და იურიდიული ფაქტების დადასტურება. იმავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. ამდენად, სამოქალაქო კოლეგიის მოსაზრებით, ნოტარიუსის საქმიანობა სახელმწიფოებრივ, ანუ საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებად მიიჩნევა და შესაბამისად, მისი საქმიანობა ადმინისტრაციული კანონმდებლობით რეგულირებას ექვემდებარება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქმედების განხორციელება წარმოადგენდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების განჩინებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ჟ. ბ-ოვას სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ფორმალური თვალსაზრისით სანოტარო მოქმედების მეშვეობით ნოტარიუსი ყოველთვის ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას “ნოტარიატის შესახებ” კანონის საფუძველზე. ამასთანავე, დავის საგნობრივი განსჯადობის გადაჭრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დავის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება საქმეები იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ნოტარიუსის მოქმედების სადავოობის დროს სარჩელის განსჯადობის საკითხის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სადავო სანოტარო მოქმედების შინაარსის უშუალო მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს, მოცემულ შემთხვევაში იმას თუ რა უდევს საფუძვლად სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნას _ კერძო თუ საჯარო სამართლის კანონმდებლობა.

განსახილველ საქმეზე ჟ. ბ-ოვას სარჩელის საგანია მემკვიდრედ ცნობა და სამკვიდრო მოწმობის გაცემა. საქმის განმხილველმა სასამართლომ მემკვიდრეობითი სამართლის ნორმათა საფუძველზე უნდა დაადგინოს სადავო ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სანოტარო მოქმედების არ შესრულება მისი შესრულებაზე უარის თქმის ტოლფასია. ,,ნოტარიატის შესახებ” კანონი, ნოტარიუსის სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, განსაზღვრავს ნოტარიუსის უფლებამოსილებას უარი თქვას სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, რაც არ განაპირობებს დავის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი კუთვნილებას. ნოტარიუსის მიერ სამართლებრივი ურთიერთობების და იურიდიული ფაქტების დადასტურება არ განეკუთვნება მმართველობით სფეროში განხორციელებულ ღონისძიებას, მას არ გააჩნია ადმინისტრაციული ორგანოსათვის დამახასიათებელი ელემენტები, იგი არ არის მოცული სზაკ-ის 2.1 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული დეფინიციით. სამკვიდრო ქონების 1/2 ნაწილზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა სამემკვიდრეო ურთიერთობით არის დეტერმინირებული, სამემკვიდრეო ურთიერთობები სამოქალაქო კანონმდებლობით რეგულირდება, რის გამოც დავა სამოქალაქო და არა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარეობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, იგი წარმოადგენს სსკ-ის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ სამოქალაქო დავას და ასკ-ის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად უნდა გადაეგზავნოს უფლებამოსილ სასამართლოს – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 მუხლით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჟ. ბ-ოვას სარჩელი მოპასუხე ნოტარიუს ე. ყ-შვილის მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.