ბს-1657-1615(გ-10) 18 იანვარი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატებს შორის დავა განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2001 წლის 1 თებერვალს ს. გ-შვილმა სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის – ს. ტ-ძის მიმართ და მოითხოვა ს. ტ-ძის და მასთან მცხოვრები პირების გამოსახლება ბინიდან და ბინის თავისუფალ მდგომარეობაში მისთვის გადაცემა შემდეგი საფუძვლით:
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მის მიერ აუქციონის წესით შეძენილ ბინაში, მდებარე ქ. გორში, ... ¹4/45, კვლავ აგრძელებს ცხოვრებას ს. ტ-ძე, რითაც ილახება მისი, როგორც მესაკუთრის კანონით გარანტირებული უფლებები (იხ. ს.ფ. 1).
2001 წლის 4 მაისს ს. ტ-ძის მეუღლემ, ნ. კ-შვილმა შეგებებული სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა სადავო ბინაზე თანამესაკუთრედ ცნობა და აუქციონის შედეგების ბათილად გამოცხადება (იხ. ს.ფ. 31-34).
გორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ს. გ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა და ქ. გორში, ..... ¹4/45-ში მდებარე ბინიდან გამოსახლებულ იქნა ს. ტ-ძე მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად, ბინა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა ს. გ-შვილს; ხოლო ნ. კ-შვილის შეგებებული სარჩელი ბინის თანამესაკუთრედ ცნობისა და აუქციონის შედეგების ბათილად გამოცხადების შესახებ არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 101-102).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 ივნისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო ს. გ-შვილის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 96-99).
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 27 აგვისტოს განჩინებით ნ. კ-შვილის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დავის საგანს წარმოადგენდა გორის რაიონული სააღსრულებო ბიუროს მიერ 2001 წლის 19 იანვარს ჩატარებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა. სააღსრულებო ბიურო და აღმასრულებელი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული, საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააღსრულებო ბიუროსა და აღმასრულებლის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ მოქმედებასთან დაკავშირებული დავები კი სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული დავებია (იხ. ს.ფ. 101-102).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002 წლის 25 სექტემბრის განჩინებით ნ. კ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 153-155).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-შვილმა და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002 წლის 25 სექტემბრის განჩინების გაუქმება (იხ. ს.ფ. 162-166).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 8 ივლისის განჩინებით ნ. კ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002 წლის 25 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის საგადასახადო საქმეთა პალატის სხვა შემადგენლობას (იხ. ს.ფ. 196-202).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 2 დეკემბრის განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა გორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებაზე ს. ტ-ძის მიერ შეტანილ საჩივარზე წარმოების დასრულებამდე (იხ. ს.ფ. 260-261).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 1 ივლისის განჩინებით ნ. კ-შვილის სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება განახლდა (იხ. ს.ფ. 318-321).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 1 ივლისის განჩინებით ნ. კ-შვილის სააპელაციო საჩივარი განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოიგზავნა საკასაციო სასამართლოში, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა საქმის ადმინისტრაციული წესით განხილვის საკითხს, კერძოდ, მოცემულ დავაში გაერთიანებულია რამდენიმე არაერთგვაროვანი იურიდიული ხასიათის სასარჩელო მოთხოვნა: ძირითადი სარჩელის მოთხოვნა ს. ტ-ძის და მასთან მცხოვრები პირების ბინიდან გამოსახლების თაობაზე და შეგებებული სარჩელის მოთხოვნა სადავო ბინაზე თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე კერძოსამართლებრივი ხასიათისაა და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული, ხოლო შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა აუქციონის შედეგების ბათილად გამოცხადების თაობაზე, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს, სააღსრულებო ბიუროს მიმართ აღძრული, ადმინისტრაციულ-სამართლებრივია და ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესუალური ფორმის გამოყენებით უნდა გადაწყდეს.
ნ. კ-შვილის შეგებებული სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნის, კერძოდ, სადაო ბინაზე თანამესაკუთრედ აღიარების გარეშე შეუძლებელია ბინის აუქციონის ფორმით გასხვისების მართლზომიერების თაობაზე ადმინისტრაციულ _ სამართლებრივი ხასიათის დავის განხილვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” პუნქტის საფუძველზე სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ბინის თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობისა და კანონიერების შემოწმებამდე უნდა შეჩერდეს აუქციონის ნაწილში სააპელაციო საჩივრის განხილვა, ხოლო განხილულ ნაწილში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (იხ. ს.ფ. 323-328).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა პალატების მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ ნ. კ-შვილის სააპელაციო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებაზე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, გარდა შეგებებული სარჩელის მოთხოვნის _ აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის ნაწილისა, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე ს. გ-შვილის სასარჩელო მოთხოვნის – ბინიდან გამოსახლებისა და ნ. კ-შვილის შეგებებული სარჩელის მოთხოვნის _ ბინის თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში სამოქალაქო საქმეთა პალატის განსჯად სამოქალაქო დავად, ხოლო შეგებებული სარჩელის მოთხოვნის _ აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის ნაწილში ადმინისტრაციულ დავად.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დასკვნას დავის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ სამოქალაქო საქმეთა პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, რითაც დაირღვა სსსკ-ის 393-ე მუხლის მოთხოვნები.
საქმის მასალების მიხედვით ნ. კ-შვილის შეგებებული სარჩელის საგანს წარმოადგენს:
1. სადაო ბინაზე თანამესაკუთრედ ცნობა და
2. სააღსრულებო ბიუროს მიერ ჩატარებული აუქციონის შედეგების ბათილად გამოცხადება.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ ნ. კ-შვილის შეგებებული სააპელაციო საჩივრის მთლიანად საკასაციო სასამართლოსათვის გადმოგზავნას განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად, რადგან საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ რეალურად დავა სასამართლოებს შორის საქმის განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით არსებობს მხოლოდ შეგებებული სარჩელით მოთხოვნილ სადაო ბინაზე თანამესაკუთრედ ცნობასთან დაკავშირებით, რაც შეეხება შეგებებული სარჩელის მოთხოვნას აუქციონის შედეგების ბათილად გამოცხადების თაობაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განჩინების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ აუქციონის ნაწილში სააპელაციო საჩივრის განხილვა ექვემდებარება შეჩერებას; თუმცა, ადმინისტრაციულ სასამართლოს სსსკ-ის 279-ე მუხლის დ) პუნქტით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედება არ შეუსრულებია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე კოდექსის 2.3 მუხლის შესაბამისად, ამ მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
ამდენად, მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1, 2.2 მუხლებში დაკონკრეტებული დავები, აგრეთვე სხვა დავები, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე, სამართლებრივი ურთიერთობიდან არის წარმოშობილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვისათვის აუცილებელ ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც მითითებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1, 2.2 და 2.3 მუხლებში, ამასთან აღნიშნული დავები წარმოშობილი უნდა იყოს იმ სამართალურთიერთობებიდან, რომლებიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. კ-შვილის მიერ წარმოდგენილი შეგებებული სარჩელი აერთიანებს ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნებს, კერძოდ სადაო ბინაზე თანამესაკუთრედ ცნობას და სააღსრულებო ბიუროს მიერ ჩატარებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შეგებებული სარჩელის საგანი - ბინაზე თანამესაკუთრედ ცნობა, განეკუთვნება სამოქალაქო მოთხოვნათა კატეგორიას, რამდენადაც თანასაკუთრება სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებული ინსტიტუტია, რომლის თაობაზეც დასაშვებია სამოქალაქო სარჩელის აღძვრა, რაც ექვემდებარება სწორედ სამოქალაქო სამართალწარმოების პროცედურით განხილვას სსსკ-ის მე-11 მუხლის საფუძველზე. ამასთანავე, ნ. კ-შვილის შეგებებული სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნის, სადაო ბინის თანამესაკუთრედ ცნობის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი ბინის აუქციონის ფორმით გასხვისების კანონიერების თაობაზე ადმინისტრაციულ _ სამართლებრივი ხასიათის დავის განხილვა.
რაც შეეხება ნ. კ-შვილის მიერ შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი გორის რაიონული სააღსრულებო ბიუროს მიერ 2001 წლის 19 იანვარს ჩატარებული აუქციონის შედეგების ბათილად ცნობას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “...” საქართველოს კანონის მე-3, მე-17 მუხლებიდან გამომდინარე სააღსრულებო ბიურო და აღმასრულებელი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” პუნქტით გათვალისწინებული, საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” პუნქტის მიხედვით საღსრულებო ბიუროსა და აღმასრულებლის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს, მიერ განხორციელებულ მოქმედებასთან დაკავშირებული დავები სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეებია, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სამართალურთიერთობას გააჩნია საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობის დამახასიათებელი ყველა ელემენტი _ დავა დაკავშირებულია იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს _ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. ადმინისტრაციული კანონმდებლობის აღნიშნული პრინციპი კი ასახვას პოულობს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (მუხლი 26), კერძოდ, დავის განხილვის და გადაწყვეტის აუცილებლობაში უფლებამოსილი სასამართლოს მიერ.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი საქმე მოიცავს, როგორც სამოქალაქო-სამართლებრივ, ისე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ მოთხოვნებს, რომელთა ერთობლივი განხილვა გამოიწვევს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სამართალწარმოების სახეთა აღრევას და მხარეთა საპროცესო უფლებების შელახვას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. კ-შვილის მიერ შეგებებული სარჩელის საგნიდან: მოთხოვნა _ სადაო ბინაზე თანამესაკუთრედ ცნობა, როგორც კერძოსამართლებრივი ხასიათის კონფლიქტი, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ხოლო მოთხოვნა - აუქციონის შედეგების ბათილად გამოცხადების შესახებ, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა გადაწყდეს.
შესაბამისად:
1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიის ნაწილში სსსკ-ის 279-ე მუხლის დ) პუნქტით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შესაბამისი სასამართლო აქტით განხორციელების მიზნით საქმე გადაეგზავნოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, ხოლო საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განჩინების მიღების შემდეგ,
2. საქმე განსჯადობის მიხედვით გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, სამოქალაქო ნაწილში დავის გადასაწყვეტად, რომლის კანონიერ ძალაში შესვლა აღმოფხვრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ნაწილში საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2,1; 26.3, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. კ-შვილის სააპელაციო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებაზე ბინიდან გამოსახლებისა და თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში, განსჯადობით, განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
2. ნ. კ-შვილის სააპელაციო საჩივარზე აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის ნაწილში საქმის წარმოების შეჩერების მიზნით საქმე გადაეგზავნოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, ხოლო საქმის წარმოების შეჩერების შესახებ განჩინების მიღების შემდეგ საქმე განსჯადობის მიხედვით გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, სამოქალაქო ნაწილში დავის გადასაწყვეტად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.