Facebook Twitter
ბს-1719-1675(გ-10) 18 იანვარი, 2011 წელი

ბს-1719-1675(გ-10) 18 იანვარი, 2011 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატებს შორის დავა განსჯადობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

მ. ჩ-ანმა, მ. ხ-ძემ და გ. მ-შვილმა სარჩელი აღძრეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ქ. ქუთაისის მერიის მიმართ და მოითხოვეს მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ, დაკისრებოდა სახელფასო დავალიანების, კერძოდ: მ. ჩ-ანისათვის – 2596 ლარის, მ. ხ-ძისათვის – 1373 ლარისა და გ. მ-შვილისათვის – 1798 ლარის ანაზღაურება /იხ.ს.ფ. 1-9/.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 28 მაისის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაება სს ,,...». /იხ. ს.ფ. 21-22/.

2009 წლის 14 ივნისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვეს, ქ. ქუთაისის მერიას დაკისრებოდა სს ,,...» მიერ არსებული სახელფასო დავალიანების, კერძოდ: მ. ჩი-ანისათვის – 2596 ლარის, ამასთან, დავალიანების გადახდის დღემდე ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ხელფასის 0,07%, ერთი თვის შრომის ანაზღურების - 120 ლარისა და შვებულების კომპენსაციის – 60 ლარის; მ. ხ-ძისათვის - 1373 ლარის, გადახდის დღემდე ყოველი ვადაგადაცილებეული დღისათვის ხელფასის 0,07 %, ერთი თვის შრომის ანაზღაურების – 60 ლარისა და შვებულების კომპენსაციის - 60 ლარის, გ. მ-შვილისათვის – 1798 ლარის, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადახდის დღემდე ხელფასის 0,07%, ერთი თვის შრომის ანაზღაურების – 60 ლარისა და შვებულების კომპენსაციის – 60 ლარის ანაზღაურება, ვინაიდან, ქ. ქუთაისის მერიამ აღნიშნული დავალიანების გადახდა იკისრა 2008 წლის ¹2195 ბრძანებით /იხ.ს.ფ. 29-33/.

მოპასუხემ – ქ. ქუთაისის მერიამ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სსკ-ის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობდნენ ისე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. ამავე კოდექსის 319-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი. ამავე კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

2008 წლის 2 ოქტომბერს ქ. ქუთაისის თვითმმართველ ერთეულსა და სს ,,ქუთაისის ტროლეიბუსების საწარმოს» შორის დადებული ხელშეკრულება ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით თვითმმართველმა ქ. ქუთაისის მერიამ ქონების მიღების სანაცვლოდ იკისრა სს ,,...» საგადასახადო და სახელფასო დავალიანებების დაფარვის ვალდებულება, მხოლოდ იმ პირობით, როცა მოახდენდა ნაჩუქარი ქონების პრივატიზებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების /დელიქტის/, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეებს მხოლოდ ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, შესაძლოა წარმოშობოდათ ქ. ქუთაისის მერიის მიმართ სახელფასო დავალიანების მოთხოვნის უფლება და შესაბამისად, მათ შორის არსებული ურთიერთობა დარეგულირდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული კრედიტორისა და მოვალის უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი ნორმებით. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეები არ შეიძლება განხილულ იქნენ ქ. ქუთაისის მერიის, როგორც სს ,,...» უფლებამონაცვლის კრედიტორად, ვინაიდან, თავად ჩუქების ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ქ. ქუთაისის მერია ვერ ჩაითვლება სს ,,...» უფლებამონაცვლედ იმ ურთიერთობებზე, რაც წარმოშობილი იქნება ამ უკანასკნელთან დადებული ჩუქების ხელშეკრულების შემდეგ, ხოლო ჩუქების ხელშეკრულებამდე არსებულ ვალდებულებებზე ქ. ქუთაისის მერია მხოლოდ მაშინ ჩაითვლება სს ,,...» უფლებამონაცვლედ, როცა განახორციელებს ნაჩუქარი ქონების პრივატიზებას. გარდა ამისა, აღნიშნული ხელშეკრულების დადებით სს ,,...», როგორც, სააქციო საზოგადოებამ ფაქტობრივად შეწყვიტა ფუნქციონირება ქონების არარსებობის გამო. ამასთან, ქონების ახალ მესაკუთრეს – ქ. ქუთაისის მერიას არ მოუხდენია სააქციო საზოგადოებაში დასაქმებულ პირებთან ახალი ხელშეკრულების დადება, არც მოსარჩელის მიერ არის წარმოდგენილი მტკიცებულება ახალი ქონების ახალ მესაკუთრეზე გადაცემის შემდეგ სააქციო საზოგადოებაში რაიმე სახის სამუშაოს შესრულების შესახებ, ხოლო რაც შეეხება ჩუქების ხელშეკრულების დადებამდე არსებულ დავალიანებას, მოპასუხის განმარტებით, 2008 წლის 2 ოქტომბრის ქ. ქუთაისის თვითმმართველ ერთეულსა და სს ,,...» შორის გაფორმებული ¹269 ქონების უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულების მე-3 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველმა ქ. ქუთაისის მერიამ იკისრა სს ,,...» ქონების ჩუქების ხელშეკრულებით გადაცემის მომენტისთვის არსებული საგადასახადო და სახელფასო დავალიანების დაფარვის ვალდებულება, მხოლოდ იმ პირობით, როცა მოახდენდა ნაჩუქარი ქონების პრივატიზებას.

ამასთან, სს ,,...» მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად, ჩუქების ხელშეკრულების დადების მომენტისთვის (2008 წლის 2 ოქტომბრამდე) სააქციო საზოგადოებას მ. ჩ-ნის მიმართ გააჩნდა სახელფასო დავალიანება – 614.48 ლარი, მურმან ხონელიძის მიმართ – 865,27 ლარი და გ. მ-შვილის მიმართ – 968,17 ლარი.

,,მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააქციო საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით და ამდენად, მოპასუხის განმარტებით, არ არსებობს მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნის ქ. ქუთაისის მერიაზე დაკისრების სამართლებრივი საფუძველი /იხ. ს. ფ. 35-42/.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მ. ჩ-ანის, მ. ხ-ძისა და გ. მ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სს ,,.» მ. ჩ-ნის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების – 1299,52 ლარის, მისი დაყოვნების ყოველი დღისათვის გადახდის დღემდე 1914 ლარის 0,07%-ის, ასევე შვებულების კომპენსაციის – 120 ლარისა და ხელშეკრულების მოშლისათვის ერთი თვის შრომის ანაზღაურების – 120 ლარის გადახდა; მ. ხ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების – 91,73 ლარის, მისი დაყოვნების ყოველი დღისათვის გადახდის დღემდე 957 ლარის 0,07 %-ის ასევე შვებულების კომპენსაციის 60 ლარისა და ხელშეკრულების მოშლისათვის ერთი თვის შრომის ანაზღაურების – 60 ლარის გადახდა; გ. მ-შვილის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების – 91,83 ლარის მისი დაყოვნების ყოველი დღისათვის გადახდის დღემდე 1060 ლარის 0,07%-ის, ასევე შვებულების კომპენსაციის – 60 ლარისა და ხელშეკრულების მოშლისათვის ერთი თვის შრომის ანაზღაურების – 60 ლარის გადახდა, შემდეგი საფუძვლებით: საქალაქო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ ქ. ქუთაისის მერია, როგორც სს ,,...» ქონების მესაკუთრე, ხელშეკრულების შესაბამისად, არ წარმოადგენდა პასუხისმგებელ პირს იმ დავალიანებაზე, რომელიც საწარმოს წარმოშობილი აქვს 2008 წლის 2 ოქტომბრის ქონების უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, ხოლო აღნიშნულ ხელშეკრულებამდე მოსარჩელეთა მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება მოპასუხე ქ. ქუთაისის მერიას ჯერ არ წარმოშობია გადაცემული ქონების აუქციონის წესით რეალიზების არარსებობის გამო.

საქართველოს შრომის კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობები წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარისწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0,07 %.

სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ მოსარჩელეების სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე სს ,,...» მიმართ სრულადაა დადასტურებული საქმეში არსებული მასალებით, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა სს ,,...» მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას ქ. ქუთაისის მერიის მიმართ, სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები.

ამავე კოდექსის 319-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ამავე კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

2008 წლის 2 ოქტომბრის ქ. ქუთაისის თვითმმართველ ერთეულსა და სს ,,...» შორის დადებული ხელშეკრულება ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც თვითმმართველმა ქ. ქუთაისის მერიამ ქონების მიღების სანაცვლოდ იკისრა სს ,,...» საგადასახადო და სახელფასო დავალიანებების დაფარვის ვალდებულება, ამასთან, იმავდროულად მიიღო საწარმოს კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულია წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეებს მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შესაძლოა წარმოშობოდა ქ. ქუთაისის მერიის მიმართ სახელფასო დავალიანების მოთხოვნის უფლება და შესაბამისად, მათ შორის არსებული ურთიერთობა დარეგულირებული იქნებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში კრედიტორისა და მოვალის უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი ნორმებით. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე არ შეიძლება განხილულ იქნეს ქ. ქუთაისის მერიის, როგორც სს ,,ქუთაისის ტროლეიბუსების საწარმოს» უფლებამონაცვლის კრედიტორად, რადგან თავად ჩუქების ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ქ. ქუთაისის მერია ვერ ჩაითვლება სს ,,...» უფლებამონაცვლედ იმ ურთიერთობებზე, რაც წარმოშობილ იქნა ამ უკანასკნელთან დადებული ჩუქების ხელშეკრულების შემდეგ. გარდა ამისა, სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული ხელშეკრულებით სს ,,...», როგორც სააქციო საზოგადოებამ ფაქტობრივად შეწყვიტა ფუნქციონირება ქონების არარსებობის გამო. ამასთან, ქონების ახალ მესაკუთრეს – ქ. ქუთაისის მერიას არ მოუხდენია სააქციო საზოგადოებაში დასაქმებულ პირებთან ახალი ხელშეკრულების დადება, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იქონიოს მსჯელობა მოსარჩელეების მიმართ სს ,,...» მხრიდან დასახელებული ხელშეკრულების დადების შემდეგ წარმოშობილი სახელფასო თანხების ანაზღაურების ნაწილში ქ. ქუთაისის მერიის მოვალედ აღიარების თაობაზე.

ხოლო რაც შეეხება დასახელებული ხელშეკრულების დადებამდე მოსარჩელეთა მიმართ წარმოშობილ სახელფასო დავალიანებას, აღნიშნული სასამართლოს მითითებით, აღიარებულ იქნა ქ. ქუთაისის მერიის მიერ, თუმცა მისი გადახდის დადგომის პირობად ხელშეკრულების მიხედვით გადაცემული ქონების რეალიზების არსებობა წარმოადგენს, რაც დღესდღეობით არ განხორციელებულა.

ამასთან, სასამართლოს განმარტებით, ,,მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააქციო საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით /იხ. ს.ფ. 60-67/.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჩ-ანმა, მ. ხ-ძემ და გ. მ-შვილმა და მოითხოვეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება სახელფასო დავალიანების მხოლოდ სს ,,...» დაკისრების ნაწილში გაუქმებასა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სახელფასო დავალიანების ანაზღაურების სს ,,...» და ქ. ქუთაისის მერიისათვის სოლიდარულად დაკისრებას /იხ.ს.ფ. 73-82 /.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით საქმე განსჯადობით გადაეგზავნა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რაც სამოქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს: ა) ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.

სასამართლოს განმარტებით, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, სააპელაციო სასამართლოს დავის საგანს სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე ვალდებულების შესრულებასთან ერთად ქ. ქუთაისის მერიისათვის ვადაგადაცილებული დროისათვის ზიანის ანაზღაურებაც წარმოადგენს, ამდენად, სასამართლოს დასკვნით დავა განხილული უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით /იხ.ს.ფ. 125-131/.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა არ დაეთანხმა სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს მსჯელობას დავის ადმინისტრაციული წესით განსახილველად მიჩნევის თაობაზე, წამოიწყო დავა განსჯადობის თაობაზე და საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქმის მასალების მიხედვით მხარეთა შორის დავის საგანს სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე ვალდებულების შესრულება წარმოადგენს. სამოქალაქო საქმეთა პალატამ დავა ადმინისტრაციულ სამართალწარმოების წესით განსახილველად მიიჩნია იმ დასაბუთებით, რომ მოსარჩელეები ითხოვდნენ ქ. ქუთაისის მერიისათვის ხელფასის დაყოვნებისათის (ვადაგადაცილებული დროისათვის) ზიანის ანაზღუარებასაც, რამაც განაპირობა დავის არა სამოქალაქო, არამედ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ბუნება.

საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07%.

სააპელაციო პალატის განმარტებით, განსახილველი საქმე დავის არსის გათვალისწინებით, წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველს, რამდენადაც მოსარჩელეები, რომლებიც შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ სს ,,...», ითხოვდნენ სახელფასო დავალიანების გადახდასა და გადახდის დაყოვნებისათვის ზიანის ანაზღაურებას შრომით სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით.

სასამართლოს მოსაზრებით, თავისი შინაარსით არც 2008 წლის 2 ოქტომბრის ¹296 ქონების უასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულება (რომლის საფუძველზეც ქ. ქუთაისის მერიამ მიიღო სს ,,...» მთელი ქონება და იმვადროულად იკისრა სს ,,...» საგადასახადო და სახელფასო დავალიანებების დაფარვის ვალდებულება) წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რომლის შესრულების თაობაზე დავასაც ადმინისტრაციული წესით განსჯად საქმეებს მიაკუთვნებენ სასკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის შესაბამისად, თუმცა სააპელაციო პალატის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნას არ წარმოადგენს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატების მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ მ. ჩ-ანის, მ. ხ-ისა და გ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განსჯად ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს და შესაბამისად, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს განსჯადობის მიხედვით, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განსჯად ადმინისტრაციულ დავად. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის დასკვნას და მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, რითაც დაირღვა სსსკ-ის 393-ე მუხლის მოთხოვნები.

როგორც საქმის მასალებით დასტურდება, 2008 წლის 2 ოქტომბერს ქ. ქუთაისის თვითმმართველ ერთეულსა და სს ,,...» შორის გაფორმდა ¹296 ქონების უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულება, რომლითაც თვითმმართველი ქ. ქუთაისის საკუთრებაში გადავიდა სს ,,...» მთლიანი ქონება.

აღნიშნული ხელშეკრულების მე-3 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქ ქუთაისისათვის გადაცემული ხელშეკრულების მიღება-ჩაბარების აქტში ჩამოთვლილი ქონების პრივატიზებისას, თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის მერიამ იკისრა სს ,,...» საგადასახადო და სახელფასო დავალიანების დაფარვა.

ასევე დადგენილია, რომ ქ. ქუთაისის მერია, როგორც სს ,,...» ქონების მესაკუთრე, ხელშეკრულების შესაბამისად, არ წარმოადგენს პასუხისმგებელ პირს იმ დავალიანებაზე, რომელიც საწარმოს წარმოშობილი აქვს 2008 წლის 2 ოქტომბრამდე, ქონების უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, ხოლო აღნიშნულ ხელშეკრულებამდე მოსარჩელეთა მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება მოპასუხე ქ. ქუთაისის მერიას ჯერ არ წარმოშობია გადაცემული ქონების აუქციონის წესით რეალიზების არარსებობის გამო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მ. ჩ-ანის, მ. ხ-ძისა და გ. მ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სს ,,...» მ. ჩ-ანის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების – 1299,52 ლარის, მისი დაყოვნების ყოველი დღისათვის გადახდის დღემდე 1914 ლარის 0,07%-ის, ასევე შვებულების კომპენსაციის – 120 ლარისა და ხელშეკრულების მოშლისათვის ერთი თვის შრომის ანაზღაურების – 120 ლარის გადახდა; მ. ხ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების – 91,73 ლარის, მისი დაყოვნების ყოველი დღისათვის გადახდის დღემდე 957 ლარის 0,07 %-ის ასევე შვებულების კომპენსაციის 60 ლარისა და ხელშეკრულების მოშლისათვის ერთი თვის შრომის ანაზღაურების – 60 ლარის გადახდა; გ. მ-შვილის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების – 91,83 ლარის მისი დაყოვნების ყოველი დღისათვის გადახდის დღემდე 1060 ლარის 0,07%-ის, ასევე შვებულების კომპენსაციის – 60 ლარისა და ხელშეკრულების მოშლისათვის ერთი თვის შრომის ანაზღაურების – 60 ლარის გადახდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში განსჯადობის ობიექტს წარმოადგენს მ. ჩ-ანის, მ. ხ-ძისა და გ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი, რომლის შესაბამისად, აპელანტები ითხოვდნენ ქ. ქუთაისის მერიასა და სს ,,...» სოლიდარულად დაკისრებოდათ სახელფასო დავალიანებისა და გადახდის დაყოვნებისათვის ზიანის ანაზღაურება ანუ სააპელაციო დავის საგანს სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე ვალდებულების შესრულებასთან ერთად ქ. ქუთაისის მერიისათვის ვადაგადაცილებული დროისათვის ზიანის ანაზღაურებაც წარმოადგენს, ხოლო მოთხოვნას საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ ქ. ქუთაისის მერიამ 2008 წლის ¹296 ხელშეკრულებით იკისრა ვალდებულება სახელფასო და საგადასახადო ვალდებულებების დაფარვის თაობაზე, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული კატეგორიის დავას, რამდენადაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის შესაბამისად, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2 მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომიდნარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელსაც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა აწესრიგებს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საწარმოსა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის _ ქ. ქუთაისის მერიისათვის სოლიდარულად სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე ვალდებულების შესრულება და ამასთან, ქ. ქუთაისის მერიის მიერ ვადაგადაცილებული დროისათვის ზიანის ანაზღაურება, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2. «გ» პუნქტის თანახმად, წარმოადგენს მოთხოვნას ადმინისტრაციული ორგანოს დავალდებულების ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაცული-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეალაქტი (დე ფაქტო მოქმედება, რეალური მოქმედება) არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯაროსამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგების დადგომისაკენ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული რეალური მოქმედებისაგან პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის სამართლებრივ საშუალებას, კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ქმედების განხორციელების მოთხოვნით, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეალაქტის ცნების ქვეშ იგულისხმება ყველა ის მმართველობითი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ (წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ). სწორედ ეს ნიშანი განასხვავებს ამ ინსტიტუტს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სხვა სამართლებრივი ფორმებისაგან. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმის სწორი კვალიფიკაცია პროცესუალური თვალსაზრისით წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას სარჩელის სწორი ფორმის განსაზღვრისთვის, ხოლო ადმინისტრაციული სასამართლოს მეშვეობით უფლების დაცვა არ შემოიფარგლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, არამედ ის, ასევე მოიცავს ადმინისტრაციულ რეალაქტსაც.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საპელაციო საჩივრის ობიექტს წარმოადგენს არა მარტო ადმინისტრაციული ორგანოსათვის – ქ. ქუთაისის მერიისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, არამედ ხელფასის გადახდის დაყოვნებისათვის ზიანის ანაზღაურებაც, რაც აგრეთვე მოწესრიგებულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით, კერძოდ, 207-208 მუხლებით, რომლითაც განსაზღვრულია მოპასუხე სუბიექტი – სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობა მოცემულ შემთხვევაში კი ქ. ქუთაისის მერია.

აღსანიშნავია, რომ თავად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაც საქმეთა განსაზღვრის პრინციპად აღიარებს არა დავის სუბიექტებს, არამედ სამართლებრივ ურთიერთობას, ასე მაგალითად, სსს კოდექსის 11.1. «ა» მუხლის მიხედვით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული უფლების, ასევე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე, იურიდიულ პირებს შორის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სამართალურთიერთობას გააჩნია საჯაროსამართლებრივი ურთიერთობის დამახასიათებელი ყველა ელემენტი, კერძოდ, დავა დაკავშირებულია იმ სამართლებრივ ურთიერთობასთან, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან, მ. ჩ-ანის, მ. ხ-ძისა და გ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი, ქ. ქუთაისის მერიისა და სს ,,...» მიმართ სახელფასო დავალიანების სოლიდარულად ანაზღაურებისა და გადახდის დაყოვნებისათვის ზიანის ანაზღაურების თაობაზე, სახელფასო დავალიანებისა და გადახდის დაყოვნებისათვის ზიანის ანაზღაურების წესი რეგულირდება საჯარო სამართლის ნორმატიული აქტებით და ასევე სარჩელი აღძრულია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, რის გამოც სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლით განსაზღვრული პირობები, დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომლებიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან და რომელთა გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები.

საკასაციო სასამართლო კანონშესაბამისად მიიჩნევს სამოქალაქო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებას _ განსჯადობის შესახებ დავის წამოწყებას, რამდენადაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის იმპერატიული მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მხოლოდ ადმინისტრაციული დავების განხილვაა დაშვებული.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი დავა წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 «გ» მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ ადმინისტრაციულ დავას და იგი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განსჯადია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ჩ-ანის, მ. ხ-ძისა და გ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი, მოწინააღმდეგე მხარეების - ქ. ქუთაისის მერიისა და სს ,,...» მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;

3. წინამდებარე განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.