ბს-1721-1677(გ-10) 10 იანვარი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე – ზ. ქ-ძე
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზ. ქ-ძემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლის 23 ოქტომბრის ¹213 საკუთრების უფლების მოწმობით მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოში შემავალ დაბა აგარაში მდებარე 600 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 2010 წლის 9 თებერვალს ქარელის სარეგისტრაციო სამსახურმა მიიღო ¹882010465497 გადაწყვეტილება «ზ. ქ-ძის უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ», ხოლო 2010 წლის 10 სექტემბერს იგივე სამსახურის ¹2324414 გადაწყვეტილებით გაუქმდა 2010 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 13 ოქტომბრის ¹263183 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზ. ქ-ძის 2010 წლის 14 სექტემბრის ადმინისტრაციული საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი ქარელის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 21 სექტემბრის ¹882010789107-03 გადაწყვეტილება ზ. ქ-ძის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობის ნაწილში. ქარელის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ¹2324414 გადაწყვეტილებით მიღებული შედეგების ასახვა უძრავ ნივთებზე უფლებათა რესტრში, კერძოდ, ქარელის რაიონში სოფელ აგარაში მდებარე უძრავ ნივთზე ზ. ქ-ძის საკუთრების უფლების რეგისტრაციის აღდგენა (დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით) და დაინტერესებული პირის 2010 წლის 3 თებერვლის ¹882010465497 სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით «საჯარო რეესტრის შესახებ» საქართველოს კანონის 21.1. «ა» მუხლის საფუძველზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღება (ცვლილების განხორციელებაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობის მოთხოვნით).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ზ. ქ-ძის სარჩელი მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ხაშურის რაიონულ სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით მოწესრიგებული იყო სარჩელის განსჯადობასთან დაკავშირებული საკითხები, თუ რომელ სასამართლოს უნდა განეხილა სასამართლოსადმი დაქვემდებარებული კონკრეტული საქმე. მითითებული კოდექსის მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინებოდა მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინებოდა იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავდა და ერთნაირად ვრცელდებოდა ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესი იყო დადგენილი. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილზე და აღნიშნა, რო ხსენებული ნორმა ადგენდა განსაკუთრებულ განსჯადობას, რომლის საფუძველზეც სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე, ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხებოდა უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლებოდა შეტანილი ყოფილიყო სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ასევე აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდიდა იმ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში შემოწმებულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქარელის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 10 სექტემბრის ¹2324414 გადაწყვეტილეის კანონიერება და აგარაში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის აღდგენის მოთხოვნა. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარცელის განხილვა უნდა მომხდარიყო იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობდა სადავო უძრავი ქონება. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნულ სასამართლოს წარმოადგენდა ხაშურის რაიონული სასამართლო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყოველი პირი უნდა განესაჯა მხოლოდ იმ სასამართლოს, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარებოდა მისი საქმე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნიდა განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებდა მოსარჩელეს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ზ. ქ-ძის სარჩელი მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ხაშურის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. ქ-ძის სარჩელი მოცემულ შემთხვევაში არასწორად იყო გადაგზავნილი ხაშურის რაიონულ სასამართლოში ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინებოდა მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინებოდა იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამავე კოდექსის მე-18 მუხლი, რომლის საფუძველზეც იქნა სარჩელი ხაშურის რაიონულ სასამართლოში გადმოგზავნილი, იმპერატიულად კი არ ადგენდა, არამედ იძლეოდა შესაძლებლობას («...შეიძლება შეტანილ იქნეს...») სარჩელი უძრავ ნივთზე დავის არსებობის შემთხვევაში წარდგენილი ყოფილიყო სასამართლოში ნივთის ადგილმდებარეობის მიხედვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლი ადგენდა, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინებოდა იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით, ანუ კანონმდებელი ადგენდა ალტერნატივას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადი იყო, ეკუთვნოდა მოსარჩელეს.
ხაშურის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული სარჩელი, როგორც ხაშურის რაიონული, ისე თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადი იყო. ზ. ქ-ძემ კი გამოიყენა კანონმდებლობით მინიჭებული უფლება სასამართლოს არჩევის თაობაზე და მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი სწორად წარედგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ხაშურის რაიონული სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს ხაშურის რაიონული სასამართლო.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, ხსენებული ნაწილი შეიცავს სარჩელის ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, ორგანოს მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფლის მიხედვით და შესაბამისად, სარჩელის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს სწორედ ის სასამართლო, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება შესაბამისი მოპასუხის ადგილსამყოფელზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს მე-18 მუხლის (ნივთობრივი განსჯადობა) პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე, ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა ტერიტორიული განსჯადობის ზოგადი პრინციპის თანახმად, იმ ადმინისტრაციული კატეგორიის დავების განხილვა, რომელიც უძრავ ქონებას ან ადგილთან მიბმულ უფლებას ან სასამართლო ურთიერთობას ეხება, მიეკუთვნება იმ სასამართლოს კომპეტენციას, რომლის მოქმედების სფეროშიც იმყოფება მოცემული ქონება ან მოცემული ადგილი. სარჩელი აღძრულია მოპასუხის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ამასთან უძრავი ნივთი, რომლის სამართლებრივ მდგომარეობასაც ეხება დავა, მდებარეობს ქ. ხაშურში და ამდენად, სახეზეა საქმის ტერიტორიული განსჯადობის პრინციპის უპირატესობა დავის სხვა სახის განსჯადობების მიმართ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს ხაშურის რაიონული სასამართლო, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზ. ქ-ძის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ხაშურის რაიონულ სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. ქ-ძის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ხაშურის რაიონულ სასამართლოს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.