Facebook Twitter

ბს-182-175 (გ-10) 17 მაისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის დავა შპს “...” სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის პირველ დეკემბერს შპს “...” წარმომამდგენელმა – ნ. ა-ძემ აღიარებითი სარჩელით მიმართა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა დოკუმენტების _ დროებითი მოწმობისა და გამოსყიდვის აქტის ნამდვილად აღიარება, სამართლებრივი დამოკიდებულების დადგენა შპს “...” უშუალოდ საწარმო “...” მიერ გამოსყიდულ ქონებაზე და ამავე ქონებაზე გაცემული დროებითი მოწმობის შემდგომში შპს “...” ქონების ნამდვილად აღიარება, რომელი შპს-ც შეიქმნა “...” ბაზაზე.

მოსარჩელე განმარტავს, რომ 1990 წლის 25 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება თეთრიწყაროს რაიონის სამეურნეობათაშორისო სამრეწველო აგროფირმა “...” და ამავე აგროფირმას ქვის დამამუშავებელი საამქროების ბაზაზე შექმნილი საიჯარო საწარმო “...” შორის მასზე იჯარით გადაცემული ქონების გამოსყიდვის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 1994 წლის ივნისის თვეში მოხდა ქონების გამოსყიდვა და ქონების მართვის სამინისტროს მიერ 1996 წლის 1 აპრილს გაიცა საკუთრების დამადასტურებელი ¹418 დროებითი მოწმობა. საკუთრების მოწმობის ძალით საწარმოს საკუთრებაში გადაეცა გამოსყიდული ქონება, მდებარე თეთრიწყაროს რაიონში, ..., ... მე-13 კილომეტრზე და ... გზის მე-2 კმ-ზე მდებარე ქვის გადამამუშავებელი საამქროები. დროებითი მოწმობა ძალაში იყო 1990 წლის 25 ივნისის ხელშეკრულებასა და გამოსყიდვის აქტთან ერთად. საკუთრების მოწმობის გაცემის მიზნით, საიჯარო საწარმო “...” ბაზაზე შეიქმნა ორი შპს, კერძოდ, ... გზის მე-13 კილომეტრზე შეიქმნა შპს “...”, რაც დამტკიცდა 1996 წლის 10 აპრილის სხდომის ოქმით, ხოლო ... გზის მე-2 კილომეტრზე შპს “...”. 1996 წლის 26 ივნისს მოხდა ... გზის მე-13 კილომეტრზე მდებარე ქონების ტექნიკური პასპორტიზაცია, ხოლო 1997 წლის 23 მაისს საქართველოს ქონების მართვის სამინისტრომ შპს “...” გადასცა საკუთრების მოწმობა ¹545, რისი საფუძველიც გახდა თეთრიწყაროს რაიგანყოფილების კომისიის დასკვნა და 1990 წლის 25 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტი.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს “...” განცხადების თაობაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ მოტივით, რომ ქონების გამოსყიდვის აქტში მითითებული იყო საწარმო “...”, ხოლო საკუთრების მოწმობაში შპს “...”. ამდენად, რეგისტრაციის განხორციელებისათვის საჭირო იყო სათანადო დოკუმენტაციის წარდგენა, რაც დაადასტურებდა იურიდიული პირის სახელწოდების შეცვლას.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 დეკემბრის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით, მოსარჩელეს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის ¹882009264273-03 გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის, განესაზღვრა 10 დღიანი ვადა.

მოსარჩელემ ხარვეზის შევსების მიზნით წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა და 2009 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა შპს “...” დირექტორს – ვ. ს-შვილს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე და განმარტა, რომ წარმოდგენილ აღიარებით სარჩელზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება უნდა დაედოს საფუძვლად შემდგომში სარეგისტრაციო წარმოებას, ვინაიდან შეუძლებელი იყო სხვაგვარად შპს “...” საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის სრულყოფილი სახით სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოპოვება.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელე შპს “...” წარმომადგენლის – ნ. ა-ძის სარჩელი განსჯადობის წესის დაცვით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქემთა პალატას.

თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და განმარტა, რომ მოცემული საქმე განსჯადობის წესის დაცვით უნდა გადაგზავნოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, ვინაიდან მოპასუხე მხარეს აღნიშნულ საქმეზე წარმოადგენდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მდებარე ქ. თბილისში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2010 წლის 12 იანვრის განჩინებით შპს “...” დირექტორის – ვ. ს-შვილის სარჩელი მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსაზრება, რომ საქმეზე განსჯად სასამართლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია წარმოადგენდა, ვინაიდან მოპასუხე მხარეს აღნიშნულ საქმეზე წარმოადგენდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ მოსარჩელემ გარკვევით მიუთითა მოწინააღმდეგე მხარე – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახური და დავის საგანი _ სასამართლოს მიერ დროებითი მოწმობისა და გამოსყიდვის აქტის ნამდვილად აღიარება, სამართლებრივი დამოკიდებულების დადგენა შპს “...” უშუალოდ საწარმო “...” მიერ გამოსყიდულ ქონებაზე და ამავე ქონებაზე გაცემული დროებითი მოწმობის შემდგომში შპს “...” ქონების ნამდვილად აღაირება, რომელი შპს-ც შეიქმნა “...” ბაზაზე და რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება მას კანონშესაბამისად მიაჩნია და არ სურს მისი გასაჩივრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულმა საქმეთა კოლეგიამ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე კოდექსის 26-ე მუხლზე მითითებით, მიიჩნია, რომ საქმეზე უნდა აღძრულიყო დავა განსჯადობის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო.

საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სასამართლოთა შორის დავა ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე, კერძოდ, განსჯადობა მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხედ მითითებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახური (ს.ფ. 3) და განმარტავს, რომ ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, ხსენებული ნაწილი შეიცავს სარჩელის ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, ორგანოს მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით და შესაბამისად, სარჩელის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს სწორედ ის სასამართლო, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება შესაბამისი მოპასუხის ადგილსამყოფელზე.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოპასუხე მხარეს აღნიშნულ დავაზე წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ვინაიდან მოსარჩელემ ხარვეზის შევსების მიზნით წარმოადგინა საჯარო რეესტრის ეროვნულო სააგენტოს 2009 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ არაერთხელ იქნა მითითებული რომ მას კანონიერად მიაჩნია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე და არ სურს მისი გასაჩივრება, ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მის მიერ წარდგენილ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო უძრავ ნივთზე უფლების სუბიექტის იდენტიფიკაცია. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს მიმართა მოთხოვნით - ნამდვილად ეღიარებინათ დროებითი მოწმობა და გამოსყიდვის აქტი, მოეხდინათ სამართლებრივი დამოკიდებულების დადგენა შპს “...” უშუალოდ საწარმო “...” მიერ გამოსყიდულ ქონებაზე და ამავე ქონებაზე გაცემული დროებითი მოწმობის შემდგომში შპს “...” ქონების ნამდვილად აღაირება, რომელი შპს-ც შეიქმნა “...” ბაზაზე, რათა შემდგომში შესაძლებელი გამხდარიყო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ადმინისტარციული წარმოების განახლება. ამდენად, წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, მოსარჩელეს რაიმე მოთხოვნა ეროვნული საგენტოს მიმართ არ გააჩნია და შესაბამისად, არც მოპასუხედ არ ჰყავს მითითებული. ამასთან, თუ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურს მიიჩნევდა არასათანადო მოპასუხედ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს მოსარჩელის თანხმობით უნდა შეეცვალა თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით, წინააღმდეგ შემთხვევაში თავისი გადაწყვეტილებით უარი უნდა ეთქვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის (ნივთობრივი განსჯადობა) პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე, ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფელის მიხედვით და განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა ტერიტორიული განსჯადობის ზოგადი პრინციპის თანახმად, იმ ადმინისტრაციული კატეგორიის დავების განხილვა, რომელიც უძრავ ქონებას ან ადგილთან მიბმულ უფლებას ან სასამართლო ურთიერთობას ეხება, მიეკუთვნება იმ სასამართლოს კომპეტენციას, რომლის მოქმედების სფეროშიც იმყოფება მოცემული ქონება ან მოცემული ადგილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი აღძრული რომ ყოფილიყო, საქართველოს ეროვნული სააგენტოსა და თეთრიწყაროს სარეგისატრაციო სამსახურის მიმართ, მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილი სასამართლო ამ შემთხვევაშიც იქნებოდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო, საქმის ნივთობრივი განსჯადობის პრინციპიდან გამომდინარე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლზე (განსჯადობა მოსარჩელის არჩევით), რომლის თანახმად, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს და განმარტავს, რომ თუ საქმეზე მოსარჩელის მიერ დასახელებული იქნებოდა სხვადასხვა სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე, ამ შემთხვევაში ორი მოპასუხე, განსჯადი სასამართლოს არჩევის უფლება გააჩნდა მოსარჩელეს, რაც მისი ერთპიროვნული საპროცესო უფლებაა. ასევე განხილვის ამა თუ იმ სტადიაზე საქმეში სხვა სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული მოპასუხის ჩაბმა არ ქმნის საქმის განსჯადი სასამართლოს შეცვლის საფუძველს დავის ნივთობრივი განსჯადობის კუთვნილებიდან გამომდინარე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შპს “...” სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “...” სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.