Facebook Twitter

ბს-1822-1776(გ-10) 17 თებერვალი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ ი. დ-შვილი

მოპასუხე _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახური

მესამე პირები _ 1) სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობა; 2) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველო.

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 25 მაისს ი. დ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მან 1993 წლის სექტემბერში ეკატერინა პონფილკინასაგან შეიძინა ქ. სამტრედიაში, ... ქ. ¹1, ბინა ¹1-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა. აღნიშნული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა ნოტარიუსთან და იმავე წელს დარეგისტრირდა ტექაღრიცხვის ბიუროში.

მოსარჩელემ საკუთრებაში არსებული ბინის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურმა თავდაპირველად მიიღო გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, ხოლო ვინაიდან, ი. დ-შვილმა ადმინისტრაციული ორგანოსათვის ნასყიდობის ხელშეკრულების წარდგენა ვერ მოახერხა, მას უარი ეთქვა სარეგისტრაციო წარმოებაზე.

მოსარჩელის განმარტებით, მან 1993 წლის სექტემბერში გაფორმებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება დაკარგა, მისი მოპოვება კი ვერც ტექაღრიცხვის ბიუროდან, ვერც ნოტარიუსისგან და ვერც ქალაქის მუნიციპალიტეტიდან ვერ მოახერხა, ვინაიდან, 1998 მომხდარი ხანძრის შედეგად ყველა დოკუმენტაცია განადგურდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქ. სამტრედიაში, ... ქ. ¹1, ბინა ¹1-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მესაკუთრედ ცნობა და მოპასუხისათვის აღნიშნული ბინის ი. დ-შვილის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის დავალდებულება მოითხოვა.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 ივნისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამხარეო სამმართველო.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით ი. დ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. დ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ი. დ-შვილის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს ი. დ-შვილის ქ. სამტრედიაში, ... ქ ¹1, ბინა ¹1-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მესაკუთრედ ცნობა და სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ამ ქონების მის საკუთრებად დარეგისტრირების დავალდებულება წარმოადგენდა.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ აღნიშნა, რომ მართალია მოსარჩელის მიერ მოპასუხედ ადმინისტრაციული ორგანო იყო დასახელებული, მაგრამ აღნიშნული გარემოება დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევის აუცილებელ პირობას არ წარმოადგენდა, ვინაიდან, სარეგისტრაციო სამსახური არ იყო უფლებამოსილი სარეგისტრაციო წარმოებისას უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება დაედგინა. ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებით, მოსარჩელის ძირითადი მოთხოვნა – საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ ცნობა იყო, ხოლო ამ მიზნის მიღწევის შემდეგ ქონების საჯარო რეესტრში დარეგისტრირება სასარჩელო მოთხოვნის თანმდევ შედეგს წარმოადგენდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ მოცემული დავა სამოქალაქო დავათა კატეგორიას მიეკუთვნებოდა და საქმე განსჯადობის წესების დაცვით სამოქალაქო საქმეთა პალატას უნდა გადასცემოდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ი. დ-შვილის სააპელაციო საჩივარი, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებაზე, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ ი. დ-შვილის სასარჩელო მოთხოვნას არა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დადგენა, არამედ 1993 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უკვე მოპოვებული, აღიარებული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია წარმოადგენდა.

სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლზე და განმარტა, რომ ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია წარმოადგენდა, აღნიშნული დავა ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას მიეკუთვნებოდა და მისი განხილვის უფლებამოსილება მხოლოდ ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას გააჩნდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მოცემული საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საკასაციო სასამართლოს უნდა გადაგზავნოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი კი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ დაქვემდებარებას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის უპირველესი, უმთავრესი და აუცილებელი პირობაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნებოდეს საჯარო-ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს (მოსარჩელის მოსაზრებით) მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს ი. დ-შვილის ქ. სამტრედიაში, ... ქ ¹1, ბინა ¹1-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მესაკუთრედ ცნობა და სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურისათვის აღნიშნული ქონების მის საკუთრებად დარეგისტრირების დავალდებულება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მსჯელობას სადავო საკითხთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ი. დ-შვილის ძირითად სასარჩელო მოთხოვნას საცხოვრებელი ბინის მესაკუთრედ ცნობა მიეკუთვნება. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 477-ე მუხლების საფუძველზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო სამართალურთიერთობა ძირითადი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში არ ატარებს საჯაროსამართლებრივ შინაარსს და არ ესადაგება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულ, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა ჩამონათვალს. სადავო სამართალურთიერთობა რეგულირების საგნის, საფუძვლის, შინაარსის გათვალისწინებით კერძოსამართლებრივ (ჰორიზონტალურ) ურთიერთობას განეკუთვნება.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მართალია ი. დ-შვილის მეორე სასარჩელო მოთხოვნა _ სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქონების რეგისტრაციის დავალდებულება, თავისი შინაარსით ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას მიეკუთვნება, მაგრამ აღნიშნული საკითხი ძირითადი სასარჩელო მოთხოვნის _ ბინის მესაკუთრედ ცნობის თანმდევ შედეგს წარმოადგენს. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო ბინის ი. დ-შვილის საკუთრებად ცნობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო სამსახური უფლებამოსილი იქნება მიიღოს გადაწყვეტილება სადავო ქონების ი. დ-შვილის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის თაობაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ბინის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, არსებითად დამოკიდებულია აღნიშნული ქონების ი. დ-შვილის საკუთრებად ცნობაზე.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მსჯელობას სადავო საკითხთან დაკავშირებით და მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოცემული საქმის დავის საგნად მხოლოდ მოპასუხისათვის საჯარო რეესტრში ჩანაწერების განხორცილების დავალდებულება მიიჩნია, მაშინ როდესაც როგორც რაიონულ, ისე სააპელაციო სასამართლოში ი. დ-შვილის სასარჩელო მოთხოვნას უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა და ქონების საჯარო რეეტრში რეგისტრაცია წარმოადგენდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ძირითადი სასარჩელო მოთხოვნა (სადავო ბინის მესაკუთრედ ცნობა) სამოქალაქო დავათა კატეგორიას მიეკუთვნება, ხოლო მეორე სასარჩელო მოთხოვნა (სადავო ბინის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია) მის თანმდევ შედეგს წარმოადგენს, პროცესის ეკონომიურობის, მართლმსაჯულების სწრაფად და ეფექტურად განხორციელების მიზნით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეზე ერთადერთ მოპასუხეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახური წარმოადგენს, მაშინ როდესაც ი. დ-შვილის ძირითადი სასარჩელო მოთხოვნა უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობაა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელესთან ერთად უნდა დააზუსტოს თუ ვინ არის სათანადო მოპასუხე მესაკუთრედ აღიარების ნაწილში და კანონმდებლობის შესაბამისად, ჩააბას იგი საქმეში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. დ-შვილის სააპელაციო საჩივარი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებაზე, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.