Facebook Twitter

ბს-1823-1777(გ-10) 10 იანვარი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე - შპს «...»

მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს «...» დირექტორმა ზ. ფ-ძემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, საქარველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოახდინა ფართის კერძოდ, ხაშურის ბაზრის ტერიტორიის გასხვისება, რა დროსაც მოხდა იმ გზის გასხვისება, რომელიც შპს «...» ერთადერთ სამოძრაო გზას წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ინფორმირებული იყო აღნიშნულის თაობაზე, მან ეს არ გაითვალისწინა, რის გამოც პრაქტიკულად გამოუყენებელი გახდა შპს «...» საკუთრებაში არსებული ქონება, რითაც უხეშად დაირღვა საკუთრების უფლება. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მიზანმიმართულად მოახდინა შპს «...» მისასვლელი გზის გასხვისება, ვინაიდან მას შესაბამისმა დაწესებულებამ აცნობა მისასვლელი გზის არსებობის შესახებ. სამინისტროს უნდა გამოეყო აღნიშნული გზის მონაკვეთი და დაეტოვებინა საერთო სარგებლობაში ან მოეხდინა მოსარჩელეზე მისი შესყიდვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2008 წლის 19 თებერვლის ¹1-1/202 ბრძანების ბათილად ცნობა, 2008 წლის 19 თებერვლის საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა სადავო ნაწილში, მოსარჩელისათვის მოსასვლელი გზის გამოყოფა, სადავო ნაწილში აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ¹20 ოქმის ბათილად ცნობა, სადავო ნაწილში 2008 წლის 18 მარტისა და 2008 წლის 28 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 19 ნოემბრის განჩინებით შპს «...» სარჩელი მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ხაშურის რაიონულ სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით მოწესრიგებული იყო სარჩელის განსჯადობასთან დაკავშირებული საკითხები, თუ რომელ სასამართლოს უნდა განეხილა სასამართლოსადმი დაქვემდებარებული კონკრეტული საქმე. მითითებული კოდექსის მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინებოდა მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინებოდა იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავდა და ერთნაირად ვრცელდებოდა ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესი იყო დადგენილი. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილზე და აღნიშნა, რო ხსენებული ნორმა ადგენდა განსაკუთრებულ განსჯადობას, რომლის საფუძველზეც სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე, ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხებოდა უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლებოდა შეტანილი ყოფილიყო სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ასევე აღნიშნა, რომ დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა ის გარემოება, რომ დავა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდბელობიდან მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვდა ფიზიკურ პირებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას. ამასთან, 2008 წლის 18 მარტს და 2008 წლის 28 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების საგანს წარმოადგენდა უძრავი ნივთი მდებარე, ქ. ხაშურში, ... (აგრარული ბაზრის მიმდებარედ). სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა არ გამომდინარეობდა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, ვინაიდან სადავო ხელშეკრულებები დადებული იყო ერთ შემთხვევაში ფიზიკურ პირებს შორის, ხოლო მეორე შემთხვევაში ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შორის, რის გამოც მოცემული საქმე არ განეკუთვნებოდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსახილველ სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეს და იგი განსჯადობით გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნულ სასამართლოს წარმოადგენდა ხაშურის რაიონული სასამართლო.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 7 დეკემბრის განჩინებით შპს «...» სარჩელი მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს «...» სარჩელი მოცემულ შემთხვევაში არასწორად იყო გადაგზავნილი ხაშურის რაიონულ სასამართლოში ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინებოდა მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინებოდა იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამავე კოდექსის მე-18 მუხლი, რომლის საფუძველზეც იქნა სარჩელი ხაშურის რაიონულ სასამართლოში გადმოგზავნილი, იმპერატიულად კი არ ადგენდა, არამედ იძლეოდა შესაძლებლობას («...შეიძლება შეტანილ იქნეს...») სარჩელი უძრავ ნივთზე დავის არსებობის შემთხვევაში წარდგენილი ყოფილიყო სასამართლოში ნივთის ადგილმდებარეობის მიხედვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლი ადგენდა, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინებოდა იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით, ანუ კანონმდებელი ადგენდა ალტერნატივას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადი იყო, ეკუთვნოდა მოსარჩელეს.

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული სარჩელი, როგორც ხაშურის რაიონული, ისე თბილისის საქალაქო სასამართლოს განსჯადი იყო. შპს «...» კი გამოიყენა კანონმდებლობით მინიჭებული უფლება სასამართლოს არჩევის თაობაზე და მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი სწორად წარედგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ხაშურის რაიონული სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, მითითებულ ნაწილი შეიცავს სარჩელის ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, ორგანოს მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფლის მიხედვით და შესაბამისად, სარჩელის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს სწორედ ის სასამართლო, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება შესაბამისი მოპასუხის ადგილსამყოფელზე.

საკასაციო სასამართლო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-18 მუხლის (ნივთობრივი განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე, ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით.

საკასაციო სასამართლოს განმარტავს, რომ კონრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, კერძოდ გასაჩივრებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2008 წლის 19 თებერვლის ¹1-1/202 ბრძანება, 2008 წლის 19 თებერვლის საკუთრების უფლების მოწმობა, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ¹20 ოქმი, ასევე მოსარჩელე ითხოვს სადავო მიწის ნაკვეთზე მისასვლელი გზის გამოყოფას და 2008 წლის 18 მარტისა და 2008 წლის 28 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, ხოლო სარჩელი აღძრულია ადმინისტრაციული ორგანოს _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ, რომლის იურიდიული მისამართია, ქ. თბილისი, .... ¹12.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს არა უძრავი ქონება, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად. აღნიშნულის გამო, გამოყენებულ უნდა სსსკ-ის მე-15 მუხლის საფუძველზე დადგენილი საერთო განსჯადობის წესები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლო, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შპს «...» სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «...» სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.