Facebook Twitter

ბს-201-194(გ-10) 8 აპრილი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ მ. თ-ძე

მოპასუხეები _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 19 ოქტომბერს მ. თ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მას 1990 წლიდან იჯარით ჰქონდა აღებული გარდაბნის რაიონში, ... მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელსაც ამუშავებდა და მიღებული შემოსავლით არჩენდა ოჯახს.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2009 წელს საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, თუმცა მოსარჩელეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განემარტა, რომ მისი მოთხოვნა დასაზუსტებელი იყო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის 2009 წლის 15 სექტემბრის განცხადების განხილვისა და გარდაბნის რაიონში, ... მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 ნოემბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელე მ. თ-ძის სარჩელი, მოპასუხეების _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე განსჯადობის შესაბამისად, განსახილველად გადაეგზავნა გარდაბნის რაიონულ სასამართლოს.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლსა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ საქმის განმხილველ უფლებამოსილ სასამართლოს გარდაბნის რაიონული სასამართლო წარმოადგენდა.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვლის განჩინებით მ. თ-ძის სასარჩელო განცხადება, მოპასუხეების _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე განსჯადობის დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ ¹4173-რს დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები შეიცვალა ,,ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების პროექტის განხილვის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის ¹574 განკარგულებით მოწონებული ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების პროექტის მიხედვით. ქ. თბილისის ახალი ადმინისტრაციული საზღვრები დამტკიცდა თანდართული სქემატური რუკისა და ,,ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრის აღწერა 1:50 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის მიხედვით”. გარდაბნისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები შეიცვალა აღნიშნული დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ცვლილების შესაბამისად.

რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ 2010 წლის 4 იანვრის გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან გამოთხოვილი მიმართვის საფუძველზე დადასტურდა, რომ ... გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში არ შედიოდა.

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან სადავო უძრავი ქონება ქ. თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში მდებარეობდა, წარმოდგენილი სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადი იყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გარდაბნის რაიონული სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ დავაში მოპასუხეებს წარმოადგენენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური, ხოლო დავის საგანს _ საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ხსენებული მუხლი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს განსაკუთრებულ განსჯადობას, რომლის საფუძველზეც ქონების უფლებრივი დატვირთვის, ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთზე, მათ შორის მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთის ადგილსამყოფელის მიხედვით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის ანალიზი ნათლად გვიჩვენებს, რომ დასახელებული საპროცესო ნორმა ადგენს სპეციალურ განსჯადობას და იძლევა შესაძლებლობას, შესაბამისი სუბიექტური და ობიექტური გარემოებების არსებობისას, განსჯადი სასამართლო განისაზღვროს უძრავი ნივთის ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ ¹4173-რს დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები შეიცვალა ,,ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების პროექტის განხილვის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის ¹574 განკარგულებით მოწონებული ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების პროექტის მიხედვით. აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული ცვლილების შესაბამისად, ივერთუბანი ქ. თბილისის შემადგენლობაში შევიდა. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2010 წლის 4 იანვრის წერილზე, სადაც აღნიშნულია, რომ ... გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში არ შედის (ს.ფ. 99).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სადავო უძრავი ქონება ქ. თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში მდებარეობს, წარმოდგენილი სასარჩელო განცხადება ნივთის ადგილსამყოფელის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით და 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილით და 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. თ-ძის სარჩელი, მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.