ბს-203-195 (გ-10) 17 მაისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა მარნეულისა და მესტიის რაიონულ სასამართლოებს შორის დავა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2009 წლის 22 ივლისს მარნეულის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ზ. ნ-იანის მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის ჯარიმის თანხის, საჯარიმო თანხიდან გამომდინარე პირგასამტეხლოსა და ზაინის თანხის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხემ _ ზ. ნ-იანმა 2005 წლის 5 ივლისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმა კონტრაქტი და დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, სამხედრო საკონტრაქტო-პროფესიულ სამსახურში. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 8 სექტემბრის ¹054 ბრძანებით ზ. ნ-იანი დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან 2006 წლის 14 აგვისტოდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო.
მოსარჩელე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიიჩნევს, რომ კონტრაქტის 7.3 და 7.4. პუნქტების თანახმად, ზ. ნ-იანს უნდა დაკისრებოდა მოთხოვნილი თანხები. ამასთან, მისი შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის გამო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოუწია სხვა სამხედრო მოსამსახურესთან ახალი კონტრაქტის გაფორმება და მოპასუხეზე დახარჯული თანხის ხელახლა დახარჯვა. აღნიშნული გარემოება კი წარმოადგენდა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველს.
2009 წლის 4 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ზ. ნ-იანს დაკისრებოდა ჯარიმის სახით 19692 ლარის, პირგასამტეხლოს _ ჯარიმის თანხის გადახდამდე 2006 წლის 19 სექტემბრიდან ყოველდღიურად 19692 ლარის 0.2%-ისა და ზიანის საკომპენსაციო თანხის _ 4981.38 ლარის გადახდა.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 ნოემბრის განჩინებით მიჩნეულ იქნა, რომ საქმე განსჯადობით უნდა გადაგზავნოდა მესტიის რაიონულ სასამართლოს, ვინაიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს მესტიის რაიონული სამმართველოს წერილით დგინდებოდა, რომ მოპასუხე _ ზ. ნ-იანი ცხოვრობდა მესტიის რაიონის სოფ. ... (...) და სარჩელი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, უნდა წარდგენოდა მესტიის რაიონულ სასამართლოს.
2010 წლის 10 თებერვლის განჩინებით მესტიის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმე სასამართლოთა შორის დავის გადასაწყვეტად უნდა გადმოგზავნოდა საკასაციო სასამართლოს.
მესტიის რაიონულ სასამართლოში სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა ზ. ნ-იანმა განმარტა, რომ სოფ. ... ცხოვრობს სხვა ზ. ნ-იანი. თავად ცხოვრობს მარნეულის რაიონის სოფ. ..., ხოლო სოფ. ... _ მისი ოჯახი, სადაც იგი ჩადის სტუმრად. მარნეულში ჰყავს ინტერესების დამცველი ადვოკატი და მის მესტიის რაიონში სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას ვერ უზრუნველყოფდა. ზ. ნ-იანმა მოითხოვა საქმე გადაგზავნილიყო მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მარნეულის რაიონულ სასამართლოში.
მესტიის რაიონულმა სასამართლომ ზ. ნ-იანის განმარტების, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ... რწმუნებულის 2010 წლის 10 თებერვლის ცნობისა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მარნეულის სამსახურის მიერ გაცემული პირადობის მოწმობის საფუძველზე, მიიჩნია, რომ ზ. ნ-იანი 1998 წლიდან არ იყო რეგისტრირებული ... ტერიტორიულ ორგანოში. აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხე _ ზ. ნ-იანი რეგისტრირებულია და ცხოვრობს მარნეულის რაიონის სოფ. ....
მესტიის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 პირველი ნაწილის საფუძველზე მიიჩნია, რომ მოცემული საქმე იყო მარნეულის რაიონული სასამართლოს განსჯადი, ხოლო მოპასუხის მოთხოვნა საფუძვლიანი, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მიიჩნია, რომ საქმე სასამართლოთა შორის დავის გადასაწყვეტად უნდა გადმოგზავნოდა საკასაციო სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა მესტიის რაიონული სასამართლოსა და მარნეულის რაიონული სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს მარნეულის რაიონული სასამართლო.
საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობით დადგენილია, რომ ზ. ნ-იანი, დაბადებული 1983 წლის 18 მარტს, მესტიაში, რეგისტრირებულია მარნეულის რაიონის სოფ. ... (ს.ფ. 86). მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს სოფ. ... რწმუნებულის 2010 წლის 10 თებერვლის ცნობით დგინდება, რომ ზ. ნ-იანი ... ტერიტორიულ ორგანოში რეგისტრირებული არ არის (ს.ფ. 87). საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს მესტიის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით დგინდება, რომ მან 2009 წლის 5 ნოემბრის ¹36/IX/7/1-1021 წერილით დაადასტურა ზ. ნ-იანის იმჟამად მესტიის რაიონის სოფ. ... ყოფნის და არა მისი ... ცხოვრების ფაქტი (ს.ფ. 66, 88-89).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ხსენებული მუხლი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი ფიზიკური პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე. აღნიშნული მუხლის მიხედვით მოპასუხის ადგილსამყოფელად ითვლება მისი რეგისტრაციის ადგილი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელზე თანდართულია სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ვებგვერდიდან ამონაბეჭდი, რომლის მიხედვით ზ. ნ-იანის რეგისტრაციის ადგილი არის მარნეული, სოფ. .... ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს მესტიის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის 2009 წლის 5 ნოემბრის ¹36/IX/7/1-1021 წერილი ვერ მიიჩნევა იმის მტკიცებულებად, რომ ზ. ნ-იანის საცხოვრებელი ადგილი არის მესტიის რაიონის სოფ. ..., ვინაიდან იგი არ წარმოადგენს პირის რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებას და შეიცავს მხოლოდ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ზ. ნ-იანი იმყოფებოდა სოფ. .... საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. უსაფუძვლოა მარნეულის რაიონული სასამართლოს მოსაზრება, რომ ზ. ნ-იანი ცხოვრობს მესტიის რაიონში, რის გამოც სარჩელი უნდა წარდგენოდა მესტიის რაიონულ სასამართლოს. აღნიშნული მოსაზრება არ ემყარება ამ კუთხით საქმის გარემოებათა სრულყოფის გამოკვლევას და არ უნდა იქნეს გაზიარებული.
ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე ზ. ნ-იანი რეგისტრირებულია მარნეულის რაიონის სოფ. .... სწორედ მოპასუხის რეგისტრაციის ადგილი განსაზღვრავს სარჩელის განსჯად სასამართლოს და აღნიშნული წესის შეცვლა მოპასუხის დროებით სხვა საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების გამო დაუშვებელია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მარნეულის რაიონულ სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე ზ. ნ-იანის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს მარნეულის რაიონულ სასამართლოს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.