Facebook Twitter

ბს-21-20(გ-10) 26 აპრილი, 2010 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო კოლეგიებს შორის დავა დ. კ-ავას სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 30 ივლისს დ. კ-ავამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქ. თბილისის მთავრობის მიმართ, რომლითაც ქ. თბილისის მთავრობის ¹17.27.606 დადგენილების ბათილად ცნობა, არასამეწარმეო იურიდიული პირის – საბავშვო ბაგა-ბაღის “...” დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა და მოპასუხესათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 აგვისტოს განჩინებით დ. კ-ავას სარჩელი მოპასუხე ქ. თბილისის მთავრობის მიმართ, განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნა, რომ საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, დავის ადმინისტარციულ-სამართლებრივ კატეგორიად მიჩნევისათვის და მისი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვისათვის განმსაზღვრელია დავის საგანი და ურთიერთობის შინაარსი, რომელიც წარმოშობილია საჯარო, ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გარდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეებისა, განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო ურთიერთობა გამომდინარეობს არა საჯარო არამედ კერძო სამართლის კანონმდებლობიდან, ვინაიდან, სწორედ კერძო სამართლის კანონმდებლობის, კერძოდ, შრომის კოდექსის საფუძველზე ღებულობს ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას არასამეწარმეო იურიდიული პირის დირექტორის დანიშვნის შესახებ. ამასთანავე, თბილისის მთავრობის 2009 წლის 30 ივნისის ¹17.27.606 დადგენილება არ შეიცავს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული აქტის დეფინიციის განმსაზღვრელ აუცილებელ ელემენტს, კერძოდ, სადაო ურთიერთობა გამომდინარეობს არა საჯარო არამედ კერძო სამართლის კანონმდებლობიდან, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციული ორგანო ღებულობდა გადაწყვეტილებებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნებისა და არასამეწარმეო იურიდიული პირის დირექტორის დანიშვნის შესახებ.

აღნიშნულიდან გამომდინარე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმნისტრაციულმა კოლეგიამ მიიჩნია, რომ განსახილველი დავა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადი იყო, ვინაიდან წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ სამოქალაქო დავას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 17 ნოემბრის საოქმო განჩინებით დ. კ-ავას სარჩელი, ქ. თბილისის მთავრობის მიმართ, მთავრობის დადგენილების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, სარჩელის განმხილველი უფლებამოსილი სასამართლოს განმსაზღვრისა და განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ გადმოაგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებებისა და საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. კ-ავს სარჩელი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული და განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე.

საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნის დაცვას, რათა გამოირიცხოს საქმის განსხვავებულ პრინციპებზე აგებული სამართალწარმოების წესით განხილვა. სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის სწორად გადაწყვეტისათვის საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს თავად სადავო სამართალურთიერთობის ხასიათის განსაზღვრას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ საქმეებს იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

განსახილველ შემთხვევაში საქალაქო სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მთავრობის 2009 წლის 30 ივნისის ¹17.27.606 დადგენილება, რომლითაც დ. კ-ავა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირ – საბავშვო ბაგა-ბაღ “...” გათავისუფლებულ იქნა დირექტორის თანამდებობიდან.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული დადგენილება არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და შესაბამისად, დავა თავისი შინაარსით არ ატარებს ადმინისტრაციულ სამართლებრივ ხასიათს.

განსახილველი სადავო სამართალურთიერთობის ერთ-ერთი მხარე, მოპასუხე _ ქ. თბილისის მთავრობა უდავოდ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, მაგრამ, როგორც არაერთხელ აღინიშნა ადმინისტრაციული პალატის მიერ, დავაში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა დავას თავისთავად ვერ აქცევს ადმინისტრაციული სასამართლოს ქვემდებარედ. სამართალსუბიექტურობასთან ერთად სავალდებულოა, რომ დავა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული აქტი ემყარებოდეს სწორედ ამ უკანასკნელს და თავისი შინაარსით პასუხობდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტარციულ – სამართლებრივი აქტი. ამდენად, განსჯადობის თაობაზე დავის მართებულად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, ქ. თბილისის მთავრობის მიერ გამოცემული აქტი ემყარება და გამომდინარეობს თუ არა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ ქ. თბილისის მთავრობის 2009 წლის 30 ივნისის ¹17.27.606 დადგენილებით (ს.ფ. 14) არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირ – საბავშვო ბაგა-ბაღ “...” და ამავე ბაგა-ბაღის დირექტორ – დ. კ-ავას შორის შეწყდა შრომითი ურთიერთობა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეწარმეო (კომერციული) საქმიანობა, აგრეთვე მისი ფილიალი უნდა შეიქმნას ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველის კანონის შესაბამისად, ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, იურიდიული პირი რომლის მიზანია არასამეწარმეო საქმიანობა, უნდა დარეგისტრირდეს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ, ბაგა-ბაღი “...” ჩამოყალიბდა არასამეწარმეო იურიდიულ პირად, რომლის დამფუძნებელსაც წარმოადგენს ქ. თბილისის მთავრობა. ამდენად არსებულ პირობებში ქ. თბილისის მთავრობა საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებს როგორც დამფუძნებელი, რომელსაც წესდების საფუძველზე მინიჭებული აქვს არასამეწარმეო იურიდიული პირის დირექტორის დანიშვნის უფლება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითება იმის თაობაზე, რომ ქ. თბილისის მთავრობა გასაჩივრებული დადგენილებების მიღებისას მოქმედებდა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, ,,საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ” საქართველოს კანონით, თბილისის მერიის დებულებითა და საქართველოს მთავრობის ¹126 დადგენილებით, ვერ იმოქმედებს განსახილველი დავის საგნობრივ განსჯადობაზე, ვინაიდან ყველა ზემოაღნიშნულ ნორმაში საუბარია თვითმმართველი ერთეულისათვის მინიჭებულ უფლებაზე შექმნას სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფორმით და დაამტკიცოს მათი წესდებები. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავენ თვითმმართველი ერთეულის შესაძლებლობას შექმნან სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირები, მიიღონ არსებული სკოლამდელი დაწასებულებების ქონება, მოახდინონ მათი ლიკვიდაცია თუ რეორგანიზაცია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ის აქტი, რომელიც მიღებული იქნება თვითმმართველი ორგანოს, როგორც დამფუძნებელის და მის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს შორის წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად ან მათ შორის ურთიერთობის დასარეგულირებლად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონზე და განმარტავს, რომ აღნიშნული კანონი აწესრიგებს საჯარო სამსახურის ორგანიზების სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და საჯარო მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს იმ სახელმწიფო დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომელში სამსახურიც ითვლება საჯარო სამსახურად. ამ ჩამონათვალში არაკომერციული იურიდიული პირები გათვალისწინებული არ არის. ამასთან მოსარჩელის თანამდებობა მითითებული არ არის საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის ¹286 ბრძანებულებით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში. მოსარჩელის სამსახურებრივი უფლებამოსილება არ უტოლდება საჯარო მოსამსახურის უფლებამოსილებას და არ წესრიგდება ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დ. კ-ავას სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. კ-ავას სარჩელი ქ. თბილისის მერიის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.