Facebook Twitter

ბს-22-21 (გ-10) 24 თებერვალი, 2010 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის დავა ნ. გ-შვილის სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. გ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიმართ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში მუშაობდა მეტყველების კულტურისა და უცხოენების კათედრის უფროს მასწავლებლად, მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს შსს აკადემიის რექტორის 12.12.05წ. ¹104პ/შ ბრძანებით. ნ. გ-შვილმა 14.07.09წ. წერილობითი განცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას და მოითხოვა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 816,59 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 19.08.09წ. განჩინებით ნ. გ-შვილის სარჩელი მოპასუხე სსიპ საქართველოს შსს აკადემიის მიმართ განსახილველად განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განჩინებაში მიუთითა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის გათვალისწინებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირები ადმინისტრაციულ ორგანოებად განიხილებიან მმართველობის, ადმინისტრირების ფუნქციის განხორციელებისას, რა დროსაც შებოჭილები არიან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებით დადგენილი პრინციპებითა და პროცედურებით. ამასთანავე, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიზნებისათვის წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, მოცემულ შრომით დავას არ განაკუთვნებს ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიის რიცხვს, რადგან დავის ადმინისტრაციულად მიჩნევისათვის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ელემენტს სწორედ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობა წარმოადგენს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტსა და ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტზე, სადაც აღნიშნულია იმ დაწესებულებათა ჩამონათვალი, რომელშიც სამსახური საჯარო სამსახურად ითვლება, ამ ჩამონათვალში სსიპ შსს აკადემია არ არის მითითებული, რის გამოც სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელისათვის, როგორც სსიპ_ შსს აკადემიის თანამშრომლისათვის, სახელფასო დავალიანების ანაზრაურების საკითხის გადაწყვეტისას არ გამოიყენება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის დებულებები, ხოლო ის საჯარო დაწესებულებები, რომელთა საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობით არ მიიჩნევა საჯარო სამსახურად, ისევე როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები, შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებს ამყარებენ კერძოსამართლებრივი საკანონმდებლო აქტის_შრომის კოდექსის საფუძველზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა შრომითი სამართლებრივ ურთიერთობიდან წარმოშობილი დავა, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.11.09წ. საოქმო განჩინებით ნ. გ-შვილის სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიმართ დავალიანების ანაზრაურების თაობაზე, სარჩელის განმხილველი უფლებამოსილი სასამართლოს განსაზღვრისა და განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად, გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ განჩინებაში მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომელიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ადმინისტრაციული წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განისაზღვრება დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც გამომდინარეობს საჯარო, კონკრეტულად კი, ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე სსიპ “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში” დასაქმებული იყო, როგორც პოლიციის კაპიტანი, სასამართლომ მიუთითა “სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ შსს სისტემის (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების –საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გარდა) მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა “პოლიციის”, ხოლო “პოლიციის შესახებ” კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად პოლიციელი არის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება და დადებული აქვს ფიცი, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ნ. გ-შვილი სსიპ “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში” დასაქმებული იყო, როგორც საჯარო მოსამსახურე, ხოლო საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. გ-შვილის მიერ აღძრული სარჩელით განსახილველი დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან და ექვემდებარება განხილვას ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, რის გამოც “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტსა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით სასამართლომ ჩათვალა, რომ ნ. გ-შვილის სარჩელი უფლებამოსილი სასამართლოს განსაზღვრისათვის და განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად უნდა გადაეგზავნოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად თვლის, რომ ნ. გ-შვილის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. განსახილველი დავის საგანს შეადგენს მოპასუხე_სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრება. განსახილველ სადავო სამართალურთიერთობაში მოპასუხე მხარეს წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია. “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტით შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საქმიანობას. იმავდროულად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 20.07.07წ. ¹1007 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის_საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის დებულებით” საჯარო სამართლის იურიდიული პირი _საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი_სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, მოცემული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად აკადემიაში დაწესებულია კანონმდებლობით დადგენილი პოლიციის სპეციალური წოდებები. დებულების მე-10 მუხლის თანახმად აკადემიაში სამუშაოდ მიიღებიან პოლიციელები და სამოქალაქო პირები. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს მინიჭებული აქვს წოდება_პოლიციის კაპიტანი, და იყო სსიპ შსს აკადემიის კათედრის უფროსი მასწავლებელი, ნ. გ-შვილი აკადემიის რექტორის 12.12.05 წ. ¹104 პ/შ ბრძანებით სამსახურიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში საჯარო კანონმდებლობის_საქართველოს პრეზიდენტის 17.03.97წ. ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 67-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე (ავადმყოფობის გამო). აკადემიის რექტორი, აკადემიის დებულების მე-6 მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ამავე მუხლის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად რექტორი დადგენილი წესის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს აკადემიის თანამშრომლებს, ხოლო პოლიციის თანამშრომლებს ითხოვს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე რექტორის ბრძანებით დათხოვნილ იქნა შს ორგანოებიდან თადარიგში. “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად პოლიციელი არის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება და დადებული აქვს ფიცი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას პოლიციელი არის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი.

მართალია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია იმ სახელმწიფო დაწესებულებების ჩამონათვალი, რომელშიც სამსახური ითვლება საჯარო სამსახურად და ამ ჩამონათვალში სსიპ საქართველოს შსს აკადემია გათვალისწინებული არ არის, მაგრამ მოსარჩელე ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების თანახმად წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მოსამსახურეს, პოლიციელს, რომელიც “პოლიციის შესახებ” კანონის მე-19 მუხლის თანახმად არის საჯარო მოხელე და მასზე, როგორც საჯარო მოსამსახურეზე, ვრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი, რაც დასტურდება აგრეთვე “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის “დ” ქვეპუნქტით, რომლის თანახმად პოლიციის თანამშრომლები საჯარო მოსამსახურეები არიან.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სამართალურთიერთობას გააჩნია საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობის დამახასიათებელი ყველა ელემენტი _ დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო სარჩელი აღძრულია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, რის გამოც სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლით განსაზღვრული პირობები დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის. სახეზეა დავის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი მიკუთვნების ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი _დავა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. სასკ-ის მე-2 მუხლის თანახმად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება რაიმე ქმედების განხორციელებაზე. სასკ-ის 24-ე მუხლის შესაბამისად სარჩელი ქმედების გნხორციელების თაობაზე შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის 3.2 მუხლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. სასკ-ის 26-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ადგენს სარჩელის განსჯად სასამართლოში წარდგენის ვალდებულებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

ამდენად, არასწორია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დასკვნა მოცემული დავის სამოქალაქო კატეგორიად მიჩნევის შესახებ, შესაბამისად, სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს, რის გამოც განსჯადობის მიხედვით საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ხსენებულ სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 390-ე, 399-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. გ-შვილის სარჩელი მოპასუხე “საჯარო სამართლის იურიდიული პირის_საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის” მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.