ბს-233-224(გ-10) 8 აპრილი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე _ შ. ც-ძე
მოპასუხეები _ შპს ,,...”; თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი გ. გ-ორი
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 25 დეკემბერს შ. ც-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ გაზეთ ,,...” ჯურნალისტის ი. მ-ძისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის გ. გ-ორის მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 აპრილის განჩინებით შ. ც-ძის სასარჩელო განცხადება მოპასუხეების _ ი. მ-ძის მიმართ დარჩა განუხილველი.
2009 წლის 26 იანვარს შ. ც-ძემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ შპს ,,...” და თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის _ გ. გ-ორის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლის 10 დეკემბერს გაზეთ ,,...” გამოქვეყნდა სტატია, სადაც აღნიშნული იყო, რომ ... შ. ც-ძე პატრულის მიერ გერმანიის საელჩოს მიმდებარე ტეროტირიიდან ასათიანის ქუჩაზე ფსიქიატრიულ კლინიკაში იქნა გადაყვანილი. ამავე სტატიაში საპატრულო პოლიციის უფროსის გ. გ-ორის მიერ დადასტურებულ იქნა შ. ც-ძის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანის ფაქტი.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ გაზეთში გამოქვეყნებული ინფორმაცია იყო ყალბი და მოპასუხეს ასეთი ინფორმაციის გავრცელების უფლება არ ჰქონდა, ვინაიდან, აღნიშნული პერსონალურ ინფორმაციას წარმოადგენდა და მისი გამოქვეყნება პიროვნების პირად ცხოვრებაში შეჭრას გულისხმობდა.
მოსარჩელემ დამატებით აღნიშნა, რომ შ. ც-ძე სტატიის გამოქვეყნების დროს არ იყო ... და შესაბამისად, საზოგადოების ინტერესი ინფორმაციის მიღების მიმართ არ არსებობდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ შპს ,,...” და საპატრულო პოლიციის უფროსის მიმართ, მოსარჩელის პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება და სოლიდარულად მორალური ზიანის სახით 10 000 აშშ დოლარის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი, მოპასუხეების _ შპს ,,...” და საპატრულო პოლიციის უფროსის _ გ. გ-ორის მიმართ მოსარჩელის პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნებისა და სოლიდარულად მორალური ზიანის სახით 10 000 აშშ დოლარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ც-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მაისის განჩინებით შ. ც-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. ც-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით შ. ც-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში გ. გ-ორი მითითებული იყო, როგორც ფიზიკური პირი, სარეზოლუციო ნაწილში კი მოხსენიებული იყო, როგორც საპატრულო პოლიციის უფროსი. სააპელაციო სასამართლოს უნდა გაერკვია, დავა მიმართული იყო თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ.
საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში ჩამოყალიბებული იყო სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები, რომლის მიხედვითაც, ამავე კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოებში განიხილებოდა დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომელიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობდა. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი კი უფრო აკონკრეტებდა, თუ რა შეიძლება გამხდარიყო ადმინისტრაციული დავის საგანი, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება ყოფილიყო ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ნოემბრის განჩინებით შ. ც-ძის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2010 წლის 18 იანვრის განჩინებით განსჯადობის შესახებ დავა წამოიწყო და საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას გადაუგზავნა.
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა, რომ სარჩელის საგნის იდენტურობის მიუხედავად, სახეზე იყო სხვადასხვა სუბიექტების მიმართ განსხვავებული საფუძვლით წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე ამ ეტაპზე განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსნებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი კი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ დაქვემდებარებას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნებოდეს საჯარო-ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნებას და შპს ,,...” და თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ სოლიდარულად მორალური ზიანის სახით 10 000 აშშ დოლარის ანაზღაურებას ითხოვს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლების საფუძველზე განმარტავს, რომ მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს განხილული, თუ სადავო ურთიერთობის ერთ-ერთ მხარეს ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს, რომლის მიერ მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს ეკისრება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს არც სამოქალაქო და არც ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას არ გაუთვალისწინებია უზენაესი სასამართლოს მითითებები, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მოცემულ საქმეზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელესთან უნდა გაარკვიოს, თუ კონკრეტულად რომელი სამართლებრივი ნორმის საფუძველზე ითხოვს იგი ზიანის ანაზღაურებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად სახელმწიფო მოსამსახურის მიერ განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანის შემთხვევაში, სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მუშაობს მოსამსახურე, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაში მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს: 1. საპატრულო პოლიციის უფროსის გ. გ-ორისაგან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე, როგორც ფიზიკური პირისაგან; 2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გ. გ-ორის, როგორც სახელმწიფო მოსამსახურისა და სახელმწიფოსაგან სოლიდარულად; თუ 3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ მხოლოდ სახელმწიფოსაგან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო დაადგენს, რომ მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე, მაშინ აღნიშნული საქმე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვას დაექვემდებარება, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, შეიძლება იყოს განხილული, თუ სადავო სამართალ-ურთიერთობის ერთ-ერთ მხარეს ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ექნება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გ. გ-ორის, როგორც სახელმწიფო მოსამსახურისა და სახელმწიფოსაგან სოლიდარულად ან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მხოლოდ სახელმწიფოსაგან, მაშინ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელესთან უნდა გაარკვიოს, კონკრეტულად რომელ ადმინისტრაციულ ორგანოს ასახელებს მოპასუხედ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ ზემოაღნიშნული პროცესუალური მოქმედებების განხორციელების შემდეგ გახდება სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი, საქმე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილოს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ამ ეტაპზე უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქმე შ. ც-ძის სარჩელისა გამო, მოპასუხეების შპს ,,...” და თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის გ. გ-ორის მიმართ, მოსარჩელის პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნებისა და სოლიდარულად მორალური ზიანის სახით 10 000 აშშ დოლარის ანაზღაურების თაობაზე ამ ეტაპზე განსახილველად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.