Facebook Twitter

ბს-250-240 (გ-10) 17 მაისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის დავა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 24 ივლისს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ სს “...” მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის სამუშაოების ვადაგადაცილებით შესრულების გამო საურავის _ 2 327,24 ლარის დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელემ განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 16 ოქტომბრის ¹675 განკარგულების საფუძველზე 2008 წლის 7 ნოემბერს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს (შემსყიდველი) და სს “...” შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ¹130.11-1701 ხელშეკრულება ქარელი, გორის, კასპის, მცხეთის, ხაშურის, მარნეულისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფისათვის საჭირო სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე, რომლის ღირებულება განისაზღვრა 4 210 463 ლარით დღგ-ს ჩათვლით. განისაზღვრა სამუშაოების შესრულების ვადები, რაც აისახა ხელშეკრულების დანართში.

2008 წლის 21 ნოემბერს სს “...” სამინისტროს ¹439/148-8 წერილით შეატყობინა ზოგიერთ სოფელში, მათ შორის, წილკანში წინამღძვრიანთკარში, შაუმიანსა და ხიხანში სამუშაოების დასრულების შესახებ. ხელშეკრულების შესაბამისად კი აღნიშნულ სოფლებში სამუშაოების დასრულების ვადები განსაზღვრული იყო შემდეგნაირად: წილკანში _ 20 ნოემბერი, წინამძღვრიანთკარში _ 18 ნოემბერი, შაუმიანსა და ხიხანში _ 15 ნოემბერი. ამდენად, ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ სახელშეკრულებო ვადების დარღვევას. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-7 მუხლის 7.1. პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესრულებული სამუშაოების ღირებულების 0,20%-ის ოდენობით.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო ჯამში შეადგენს 2 327,24 ლარს, რომლის გადახდაზეც სს “...” 2009 წლის 29 ივნისის ¹665/146-9 წერილით უარი განაცხადა.

2009 წლის 12 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე _ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა მოითხოვა საქმე განსჯადობის წესების დაცვით გადაცემოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ოქტომბერს მიღებული საოქმო განჩინებით საქმე განსჯადობით გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო სს “...” ითხოვდა მხარეებს შორის 2008 წლის 7 ნოემბერს “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის საურავის 2327,24 ლარის დაკისრებას. ამასთან, უნდა გარკვეულიყო სამინისტრო, როგორც ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა თუ არა საჯარო უფლებამოსილებების ფარგლებში. სამოქალაქო კოლეგიამ 2008 წლის 7 ნოემბერს გაფორმებული ¹130.11-1701 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელის როგორც საგნობრივი (შინაარსი), ისე ნორმატიული (საპროცესო) თვალსაზრისის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია არ იყო უფლებამოსილი განეხილა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სარჩელი, მოპასუხის _ სს “...” მიმართ, რის გამოც იგი განსახილველად უნდა გადაგზავნოდა უფლებამოსილ _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 იანვრის განჩინებით მიჩნეულ იქნა, რომ განსჯადობის დავის გადასაწყვეტად უნდა გადმოგზავნოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “ზ” ქვეპუნქტისა და 651-ე მუხლის შესაბამისად, განმარტა, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ხასიათის განმსაზღვრელ ძირითად ელემენტს წარმოადგენს, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზანი, ისე სამართლებრივ ურთიერთობაში მისი, როგორც სუბიექტის სამართლებრივი სტატუსი, კერძოდ თუ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმდებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი და ამ პიროებებში მასზე არ ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მართალია რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა წარმოადგენს საქართველოს მთავრობის კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვალდებულებას, უზრუნველყოს მოქალაქეთა სოციალური დაცვა. თუმცა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და სს “...” შორის რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფისათვის საჭირო სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების განხორციელებაზე დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო საურავის ანაზღაურების საკითხი არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნიდან, რის გამოც სადავო სახელშეკრულებო ურთიერთობიდან კონტრაჰენტებს შორის წარმოშობილი ვალდებულების შესრულების საკითხი განხილულ და გადაწყვეტილ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ სარჩელი საგნობრივი განსჯადობის გათვალისწინებით არ წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადს და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სარჩელი მოპასუხის _ სს “...” მიმართ საქმის მასალებთან ერთად უნდა გადაგზავნოდა საკასაციო სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებებისა და საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სარჩელი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული და განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის მე-14 მუხლის თანახმად, ენერგეტიკის სამინისტრო შექმნილია კანონის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში, კერძოდ ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად. რაც შეეხება მის ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს განსაზღვრულია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის ¹71 დადგენილებით. მათ შორისაა ქვეყნის ერთიანი ენერგეტიკული სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფა, რაც თავის მხრივ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, წარმოადგენს საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ განმგებლობას მიკუთვნებულ საკითხს. ამდენად, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო არის სზაკ-ის მე-2 მუხლის I ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს ენერგეტიკის დარგში. ამასთან, მას როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია დადოს ამავე კოდექსის 65-651-ე მუხლებით გათვალისწინებული როგორც ადმინისტრაციული ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებას განსაზღვრავს ხელშეკრულების მიზანი, რაც განისაზღვრება მისი შინაარსიდან გამომდინარე. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების შედეგად შესაბამისი პირი აღიჭურვება საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით, მაშინ როდესაც სამოქალაქო ხელშეკრულების დადებისას მხარეები გვევლინებიან სამოქალაქო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობების მატარებლებად. აღსანიშნავია, რომ სადავო ხელშეკრულება დადებულია საქართველოს მთავრობის 2008 წლის 16 ოქტომბრის ¹675 განკარგულების შესასრულებლად, “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის “ე” ქვეპუნქტის საფუძველზე. ხელშეკრულების საგანია ქარელის, გორის, კასპის, მცხეთის, ხაშურის, მარნეულისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფისათვის საჭირო სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულება.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და სს “...” შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობა. კერძოდ, ხელშეკრულების საფუძველზე მეწარმე სუბიექტმა იკისრა ვალდებულება, შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ განეხორციელებინა მომსახურება, კერძოდ, შეესრულებინა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები კონკრეტულ რაიონებში მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიზნით. მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებისის გატარება არის საჯარო სამართლებრივი ფუნქციის განხორციელება და იგი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის ¹71 დადგენილებით გათვალისწინებულ სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას. ამ ფუნქციის განსახორციელებლად დადებული ხელშეკრულება ექცევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის ფარგლებში.

ამდენად, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და სს “...” შორის დადებული ხელშეკრულება არ არის დაკავშირებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის პირველი მუხლით განსაზღვრულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობასთან და წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, ფიზიკურ პირთან დადებულ სამოქალაქო სამართლებრივ ხელშეკრულებას. აღნიშნული ხელშეკრულებით მეწარმე სუბიექტი აღჭურვილია იმ სახის უფლება-მოვალეობებით, რომლებიც გულისხმობს საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებას. სარჩელის დავის საგანი კი არის საჯარო-სამართლებრივი ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის საურავის დაკისრება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება გამომდინარეობდა ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნიდან, ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებიდან გამომდინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საურავის დაკისრება, წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი დავის საგანს და სადავო სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან კონტრაჰენტებს შორის წარმოშობილი ვალდებულების შესრულების საკითხი განხილული და გადაწყვეტილი უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.