Facebook Twitter

ბს-417-404(გ-10) 29 აპრილი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მოპასუხე _ ჯ. ხ-შვილი

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 10 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ ჯ. ხ-შვილის მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და იაპონიის პროგრამა 2-კრ-ის საპარტნიორო ფონდიდან გამოყოფილი 700 000 ლარის გაცემის მიზნით, გამოცხადებული კონკურსის შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2004 წლის 1 ნოემბრის ¹2-216 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, თითოეულ კონკურსანტს სესხის სახით 70 000 ლარი გამოუყო. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჯ. ხ-შვილს შორის 2004 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული ¹142 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესაბამისად, ჯ. ხ-შვილს სესხის სახით 70 000 ლარი გადაეცა. მსესხებელს მიღებული თანხა რაიონში აგრო-საინჟინრო ცენტრის დაფუძნებისათვის, ტრაქტორებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების, დანადგარებისა და მოწყობილობის, აგრეთვე, მათი მარაგ-ნაწილებისა და სარემონტო მასალების შესასყიდად ან სარემონტო ტექნიკის შესაკეთებლად უნდა გამოეყენებინა, ამასთან, მექანიზირებული სამუშაოებით უნდა მომსახურებოდა კერძო და იურიდიულ პირებს.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სესხის თანხა გაიცა ხუთი წლის ვადით და სახელმწიფო ბიუჯეტში მისი მთლიანად დაბრუნება 2009 წლის 25 ნოემბრამდე უნდა განხორციელებულიყო, თუმცა ჯ. ხ-შვილმა სესხის სახით დასაბრუნებელი 70 000 ლარიდან, მხოლოდ 27 000 ლარის გადახდა უზრუნველყო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასარგებლოდ ჯემალ ხატიაშვილისათვის 2004 წლის 25 ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხის 43 000 ლარის დაკისრება მოითხოვა.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 თებერვლის განჩინებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარჩელი, მოპასუხის _ ჯ. ხ-შვილის მიმართ სესხის თანხის დაბრუნების თაობაზე გადაეგზავნა განსჯად _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჯ. ხ-შვილს შორის 2004 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული ¹142 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება თავისი არსით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენდა.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჯ. ხ-შვილს შორის 2004 წლის 25 ნოემბერს დადებული ¹142 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, სესხის თანხის ვადაში დაბრუნება წარმოადგენდა, ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე კი ჯ. ხ-შვილს ვალდებულება ქ. თბილისში, სახელმწიფო ხაზინის იურიდიულ მისამართზე და ხაზინის კონკრეტულ ანგარიშზე სესხის თანხის ჩარიცხვით უნდა შეესრულებინა.

ამდენად, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, ვინაიდან, ხელშეკრულების შესრულების ადგილი იყო ქ. თბილისი, საქმის განხილვა განსჯად _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას უნდა დაქვემდებარებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 თებერვლის განჩინებით საქმე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარჩელისა გამო, მოპასუხის _ ჯ. ხ-შვილის მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების თაობაზე, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 და მე-18 მუხლებზე, აგრეთვე ამავე კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტა, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელი სასამართლოს ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით წარედგინებოდა, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, მსესხებელს მიღებული თანხა რაიონში აგრო-საინჟინრო ცენტრის დაფუძნებისათვის, ტრაქტორებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების, დანადგარებისა და მოწყობილობის, აგრეთვე მათი მარაგ-ნაწილებისა და სარემონტო მასალების შესასყიდად ან სარემონტო ტექნიკის შესაკეთებლად უნდა გამოეყენებინა. ამასთან, მექანიზირებული სამუშაოებით უნდა მომსახურებოდა კერძო და იურიდიულ პირებს.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულების მე-2 მუხლი ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავდა ხელშეკრულების შესრულების ადგილს, ვინაიდან, მსესხებელს მიღებული თანხა რაიონში აგრო-საინჟინრო ცენტრის დაფუძნებისა და მისი ფუნქციონირებისათვის უნდა გამოეყენებინა.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, ვინაიდან, ჯ. ხ-შვილის იურიდიულ მისამართს სიღნაღის რაიონის სოფელი ტიბაანი წარმოადგენდა, ხელშეკრულების შესრულების ადგილად აღნიშნული რაიონის სასამართლოს დაქვემდებარებაში მყოფი ტერიტორია უნდა ჩათვლილიყო.

საქალაქო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ საქმე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვას ექვემდებარებოდა. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჯ. ხ-შვილს Aშორის დადებული ხელშეკრულება სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარეობდა, ვინაიდან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დაუბრუნებლობის მიზნით, საგარანტიო ნივთის _ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ვალდებულება, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავის საგანს არ წარმოადგენდა და სადავო სახელშეკრულებო ურთიერთობიდან კონტრაჰენტებს შორის წარმოშობილი ვალდებულების შესრულების საკითხი სამოქალაქო სამართლწარმოების წესით უნდა განხილულიყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სიღნაღის რაიონული სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს სიღნაღის რაიონული სასამართლო წარმოადგენს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ დავაში მოსარჩელეს _ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მოპასუხეს _ ჯ. ხ-შვილი, ხოლო დავის საგანს _ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ხსენებული მუხლი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს განსაკუთრებულ განსჯადობას, რომლის საფუძველზეც ქონების უფლებრივი დატვირთვის, ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთის ადგილსამყოფელის მიხედვით, ხოლო ამავე კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელი სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ანალიზი ნათლად გვიჩვენებს, რომ დასახელებული საპროცესო ნორმა ადგენს სპეციალურ განსჯადობას და იძლევა შესაძლებლობას, შესაბამისი სუბიექტური და ობიექტური გარემოებების არსებობისას, განსჯადი სასამართლო განისაზღვროს ხელშეკრულების შესრულების ადგილის მიხედვით.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჯ. ხ-შვილს შორის 2004 წლის 25 ნოემბერს დაიდო ¹142 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელს იპოთეკარისაგან სესხის სახით გადაეცა 70 000 ლარი (ს.ფ. 10). საკასაციო სასამართლო მიუთითებს ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, მსესხებელს მიღებული თანხა რაიონში აგრო-საინჟინრო ცენტრის დაფუძნებისათვის, ტრაქტორებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების, დანადგარებისა და მოწყობილობის, აგრეთვე მათი მარაგ-ნაწილებისა და სარემონტო მასალების შესასყიდად ან სარემონტო ტექნიკის შესაკეთებლად უნდა გამოეყენებინა. ამასთან, მექანიზირებული სამუშაოებით უნდა მომსახურებოდა კერძო და იურიდიულ პირებს (ს.ფ. 12).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ცალსახად განსაზღვრავს ხელშეკრულების შესრულების ადგილს, ვინაიდან, მსესხებლის ვალდებულებას სწორედ მიღებული თანხის სიღნაღის რაიონში აგრო-საინჟინრო ცენტრის დაფუძნებისა და ფუნქციონირებისათვის გამოყენება წარმოადგენდა. ამდენად, ხელშეკრულების მიხედვით, მისი შესრულების ადგილად აღნიშნული რაიონის ტერიტორია უნდა ჩაითვალოს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ხელშეკრულების შესრულების ადგილს სიღნაღის რაიონის სასამართლოს დაქვემდებარებაში მყოფი ტერიტორია წარმოადგენს, აღნიშნული სასარჩელო განცხადება ხელშეკრულების შესრულების ადგილის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს სიღნაღის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც საქმე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა განიხილოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსნებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი კი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ დაქვემდებარებას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნებოდეს საჯარო-ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.

საკასაციო სასამართლო სარჩელის შინაარსის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელი აღძრულია ადმინისტრაციულ ორგანოსა და ფიზიკურ პირს შორის სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის, რომლის სამართლებრივ საფუძველს მათ შორის დადებული კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ზ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირებთან, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებულ სამოქალაქო-სამართლებრივ ხელშეკრულებას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიჩნევის განმსაზღვრელ ძირითად ელემენტს წარმოადგენს, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზანი, ისე სამართლებრივ ურთიერთობაში მისი როგორც სუბიექტის მონაწილეობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხასიათის ხელშეკრულება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 651-ე მუხლზე და განმარტავს, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი და ამ პირობებში მასზე არ ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულება არ ატარებს საჯაროსამართლებრივ შინაარსს და სადავო სამართალურთიერთობა რეგულირების საგნის, საფუძვლის, შინაარსის გათვალისწინებით კერძოსამართლებრივ (ჰორიზონტალურ) ურთიერთობას განეკუთვნება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო სახელშეკრულებო ურთიერთობიდან კონტრაჰენტებს შორის წარმოშობილი ვალდებულების შესრულების საკითხი სამოქალაქო სამართლწარმოების წესით განხილვას ექვემდებარება. ამასთან, აღნიშნული სასარჩელო განცხადება ხელშეკრულების შესრულების ადგილის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განსჯადობით განსახილველად სიღნაღის რაიონულ სასამართლოს უნდა დაექვემდებაროს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით და 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარჩელი, მოპასუხის _ ჯ. ხ-შვილის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს სიღნაღის რაიონულ სასამართლოს;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.