Facebook Twitter

¹ბს-487-483(გ-11) 6 აპრილი, 2011 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა ე. გ-ის სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 19 აგვისტოს ე. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე _ შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა ე. გ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 20 ივლისის ¹გ-1001 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ე. გ-ის სარჩელი მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 20 ივლისის ¹გ-1001 ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაოაბზე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე და მესამე მუხლებზე და განმარტა, რომ დავის ადმინისტრაციულად მიჩნევისათვის განმსაზღვრელია ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობის არსებობა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის, ვინაიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2010 წლის 31 მარტის ¹248 ბრძანებით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის დებულება და ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ დებულების დამტკიცების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის «საგადასახადო დეპარტამენტის და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ» საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის ¹170 ბრძანება. ბრძანების ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2010 წლის 1 აპრილი.

Aადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა ასევე «საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლსა და ამავე კანონის 9.1 მუხლზე, ასევე «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონზე.

A ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის «ა» ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სსიპ შემოსავლების სამსახური ადმინისტრაციული ორგანოა, რომლის დებულება დამტკიცდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2010 წლის 31 მარტის ¹248 ბრძანებით, შესაბამისად იგი მართალია ახორცილებს საჯარო საქმიანობას, მაგრამ ეს არ გულისხმობს, რომ მის თანამშრომლებთან დაკავშირებული შრომითი სამართალურთიერთობებიდან გამომდინარე დავა განხილულ უნდა იქნას ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა ის გარემოება, რომ მოპასუხეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, დავას ვერ აქცევს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველად, რამდენადაც დავის ადმინისტრაციულად მიჩნევისათვის განმსაზღვრელია სწორედ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობის არსებობა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განმარტა, რომ მოსარჩელის გათავისუფლების ბრძანება არ განეკუთვნება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ვინაიდან იგი არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, მოსარჩელის მოთხოვნებზე არ ვრცელდება «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონი და სსიპ შემოსავლების სამსახურში საქმიანობა არ განიხილება საჯარო სამსახურად «საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ასევე მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის ¹286 ბრძანებულებით დამტკიცებული «საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრზე», რომლის თანახმად საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში არ შედის შემოსავლების სამსახურის მოსამსახურე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 თებერვლის განჩინებით მოსარჩელე ე. გ-ის სასარჩელო განცხადება სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტის მიზნით გადაეგზავნა საკასაციო სასამართლოს.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედების ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ ის ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, ამასთან, მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველ ნაწილზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტსა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ ე. გ-ის გათავისუფლების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 20 ივლისის ¹გ-1001 ბრძანებას სამართლებრივ საფუძვლად დაედო «შემოსავლების სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონი. «საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ» შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 17 მაისის ¹388 ბრძანება, «საჯარო სამართლის იურიდიულ პირ _ შემოსავლების სამსახურში თანამშრომელთა მიღების (მათ შორის კონკურსის ფორმით) და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ» საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ¹257 ბრძანება, «შემოსავლების სამსახურის სისტემაში ატესტაციის ჩატარების შესახებ» შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 10 ივნისის ¹698 ბრძანება, «შემოსავლების სამსახურის სისტემის თანამშრომელთა ატესტაციის შესახებ» შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 ივლისის ¹971 ბრძანება. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ყურადღება მიაქცია ასევე იმ გარემოებაზე, რომ სადავო ბრძანებაში სამართლებრივ საფუძვლად არ არის მითითებული საქართველოს შრომის კანონმდებლობა.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახური წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და ახორციელებს საჯარო საქმიანობას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის «ა» ქვეპუნქტიდან გამომდინარე. აღნიშნულის გათვალისწინებით სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებით, გასაჩივრებული ბრძანება გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან მიეკუთვნება ადმინისტრაციული დავის საგანს. შესაბამისად აღნიშნულისა, ჩათვალა, რომ მოცემული აქტების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების გამო წარმოშობილი დავაც გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან და განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. გ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

კონკრეტულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ წარმოადგენს ადმინისტრაციული კატეგორიის დავას, რამდენადაც აღნიშნული არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

როგორც ცნობლია, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.

საკასაციო სასამართლო ადასტურებს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახური ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. «ა» მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, მართლაც წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, თუმცა, აღნიშნული არ იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული ყველა ბრძანება წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.2. «დ» მუხლით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

«საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 1.1 მუხლი განსაზღვრავს საჯარო სამსახურის ცნებას. აღნიშნული მუხლის თანახმად, საჯარო სამსახური (შემდგომ სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. ამავე კანონის მე-4 მუხლი ადგენს საჯარო მოსამსახურის ცნებას, რომლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით და დაკავებული თანამდებობის შესაბამისად ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში.

საკასაციო სასამართლო «საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 2.1 მუხლზე დაყრდნობით აღნიშნავს შემდეგს, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება (შემდგომ დაწესებულება) არის სახელმწიფო ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სახსრებზე შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითად ამოცანას საჯარო ხელისუფლების განხორციელება წარმოადგენს, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლი ადგენს და განსაზღვრავს იმ დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომელში საქმიანობაც ითვლება საჯარო საქმიანობად, საგულისხმოა, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ _ შემოსავლების სამსახურში საქმიანობა არ მიიჩნევა საჯარო სამსახურად, რამდენადაც ეს დაწესებულება ამ ნუსხაში არ მოიაზრება.

«საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 21.07.01წ ბრძანებულებით განსაზღვრულია საჯარო თანამდებობათა რეესტრი, საჯარო მოხელეების რანგირება, რაც საჯარო მოხელეთათვის კიდევ ერთი ნორმატიული დადასტურებაა სტატუსთან მიმართებაში, შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი, როგორც საჯარო მოსამსახურე, აღნიშნულ რეესტრში არ ფიქსირდება, შესაბამისად ის განხილული ვერ იქნება საჯარო მოსამსახურედ.

საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის ¹257 ბრძანებით დამტკიცებული «საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ შემოსავლების სამსახურში თანამშრომელთა მიღების (მათ შორის კონკურსის ფორმით) და ატესტაციის ჩატარების წესი» არ ეყრდნობა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 29-ე_36-ე და ამავე კანონის 81-ე_87-ე მუხლებს, შესაბამისად სადავო სამართალურთიერთობა ვერ მოექცევა მითითებული სამართლებრივი ნორმების რეგულირების სფეროში.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ე. გ-ის, როგორც სსიპ შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის მომსახურების სამმართველოს მთავარი ოფიცრის, გათავისუფლების კანონიერების შეფასებისას არ გამოიყენება «საჯარო სამსახურის შესახებ»' კანონის დებულებები, რამდენადაც ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს მითითებული კანონის სუბიექტს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ე. გ-ის სამსახურიდან გათავისუფლების დროს შეწყდა კერძოსამართლებრივი-შრომითი ურთიერთობა, ერთის მხრივ ადმინისტრაციულ ორგანოსა და მეორე მხრივ _ ფიზიკურ პირს შორის, რომლის კანონიერების შეფასების უფლებამოსილება გააჩნია სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რამდენადაც საქართველოს ტერიტორიაზე შრომით-სამართლებრივ და მის თანმდევ ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს შრომის კოდექსი, თუ შრომითი ურთიერთობა განსხვავებულად არ არის დარეგულირებული სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით.

აღსანიშნავია, რომ თავად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაც საქმეთა განსაზღვრის პრინციპად აღიარებს არა დავის სუბიექტებს, არამედ, სამართლებრივ ურთიერთობას, კერძოდ, სსს კოდექსის 11.1. «ა» მუხლის მიხედვით: სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე, იურიდიულ პირებს შორის.

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ დაწესებულების ადმინისტრაცია (როგორც საჯარო, ისე კერძო სამართლის იურიდიული პირები) ადმინისტრირებისას, ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების პროცესში, არცთუ იშვიათად იყენებს ბრძანებას, როგორც გადაწყვეტილების ფორმას, არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქნას გაგებული, როგორც ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, ვინაიდან ამ შემთხვევაში ადგილი აქვს პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე ბრძანების ფორმით ადმინისტრაციის ნების გამოხატვას, რაც «საქართველოს შრომის კოდექსის» 6.3 მუხლის საფუძველზე უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სამართალურთიერთობას არ გააჩნია საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობის დამახასიათებელი ძირითადი ელემენტი _ დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რის გამოც არ არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლით განსაზღვრული პირობები დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის.

აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ე. გ-ის სარჩელი მოპასუხე _ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2 და 26-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე და 408-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. გ-ის სარჩელი მოპასუხე _ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.