ბს-512-492(გ-10) 2 ივნისი, 2010 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ კოლეგიებს შორის დავა შპს “...” სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 27 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს “...” დირექტორმა დ. ბ-შვილმა, მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2006 წლის 27 ივლისს მასსა და მოპასუხეს შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. ხელშეკრულების დადების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ტენდერი სხვადასხვა უნიფორმის შესყიდვაზე.
მოსარჩელის განამრტებით მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხისათვის უნოფორმის მიწოდებს შესახებ შესრულებულია კეთილსინდისიერად, ხოლო მოპასუხეს მის მიმართ გააჩნია ფულადი ვალდებულება და მისგან წარმოშობილი პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რომლის საერთო ოდენობა შეადგენს 696 959 ლარს.
აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვდა მოპასუხისათვის ფულადი ვალდებულების შესრულების დაკისრებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 დეკემბრის განჩინებით შპს “...” სარჩელი მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე, განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია განჩინებაში მიუთითებდა, რომ შპს “...” სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე საჯარო სამართლებრივი ხასიათისაა და გამომდინარეობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესასრულებელი ვალდებულებიდან, შესაბამისად, სარჩელი განხილვას ექვემდებარება ადმინისტრაციულ სამართალწარმოების წესით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას და საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “...” სარჩელი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიმართ განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, შემდეგ მოსაზრებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე.
საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნის დაცვას, რათა გამოირიცხოს საქმის განსხვავებულ პრინციპებზე აგებული სამართალწარმოების წესით განხილვა. სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის სწორად გადაწყვეტისათვის საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს თავად სადავო სამართალურთიერთობის ხასიათის განსაზღვრას. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ნორმათა ანალიზს, რომელიც იძლევა ადმინისტრაციული ხელშეკრულების სამოქალაქო ხელშეკრულებისაგან გამიჯვნის შესაძლებლობას.
კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილება-დამატებების შედაგად, შემოღებულ იქნა ადმინისტრაციული ხელშეკრულების ცნება განსხვავებით მანამდე არსებული ადმინისტრაციული გარიგებისაგან. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ დამატებით მოთხოვნებს.
როგორც ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას არ სარგებლობს კერძო პირებისათვის დამახასიათებელი ნების ავტონომიის უფლებით, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებას განაპირობებს მის მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელება.
ადმინისტრაციული ხელშეკრულების ერთ-ერთი მახასიათებელი არის ის, რომ ხელშეკრულების დადების შედეგად შესაბამისი პირი აღიჭურვება საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით, მაშინ როდესაც სამოქალაქო ხელშეკრულების დადებისას მხარეები გვევლინებიან წმინდა სამოქალაქო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობის მატარებლებად.
წინამდებარე შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და შპს “...” შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითი ურთიერთობა. ხელშეკრულების საფუძველზე კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა იკისრა ვალდებულება, შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ განეხორციელებინა მომსახურება, კერძოდ, შეეკერა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტისათის მიეწოდებინა უნიფორმა. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, ამ შემთხვევაში ხელშეკრულების მონაწილე მხარეები არ არიან აღჭურვილი საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით და სარგებლობენ სამოქალაქო ხელშეკრულებისათვის მახასიათებელი ნების ავტონომიურობის პრინციპით, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იძლევა საფუძველს, განსახილველი ხელშეკრულება მიეკუთვნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებულ სამოქალაქო ხელშეკრულებას, რომლის შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის საფუძველზე, განსახილველად ექვემდებარება სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს “...” სარჩელი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. განჩინება გადაეგზავნოთ მხარეებს.
3. განჩინება განსჯადობის თაობაზე საბოლოოა და არ საჩივრდება.