ბს-604-599(გ-11) 10 მაისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის დავა განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზ. დ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის მიმართ სახელფასო დავალიანების - 621,21 ლარის ანაზღაურების თაობაზე (იხ. ს.ფ. 1-9).
საქმის გარემოებები:
მოსარჩელე 1978 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა სსიპ საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციაში, სხვადასხვა თანამდებობაზე. მოსარჩელის მითითებით მოპასუხე ორგანიზაციას მის მიმართ ერიცხება 1998-2003 წლების სახელფასო დავალიანება.
მოპასუხე სსიპ საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციამ შესაგებლით სასარჩელო განცხადება არ ცნო (იხ. ს.ფ. 28-35).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2010 წლის 1 ივლისის განჩინებით ზ. დ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, შემდეგი მოტივაციით:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ კატეგორიად მიჩნევისა და მისი ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვისათვის განმსაზღვრელია დავის საგანი და ურთიერთობის შინაარსი, რომელიც წარმოშობილია საჯარო, ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.
ამავე კოდექსის შესაბამისად ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილება ასევე სხვა საქმეებიც, იმ სამართალურთიერთობებთან დაკავშირებით, რომელიც ასევე გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, რამდენადაც დავის ადმინისტრაციულად მიჩნევისათვის განმსაზღვრელია სწორედ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობის არსებობა, რომელიც სასამართლოს მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს საჯარო სამსახურის ცნებას. საჯარო სამსახური არის საქმიანობა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში და საჯარო ხელისუფლების ორგანოებში, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლი ადგენს საჯარო მოსამსახურის ცნებას, რომლის შესაბამისად, საჯარო მოსამსახურეს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, როემლიც ამ კანონით დადგენილი წესით და დაკავებული თანამდებობის შესაბამისად ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) საჯარო ხელისუფლების ორგანოებში.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 იანვრის ¹9 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 დეკემბრის ¹227 დადგენილება.
ამასთან, მოპასუხის განმარტებით, სსიპ საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექცია ლიკვიდაციის პროცესშია და გასული წლების სახელფასო დავალიანებები ინვენტარიზებულია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 11.1 ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავას და წესრიგდება საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისი ნორმებით, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსახილველ დავას წარმოადგენს (იხ. ს.ფ. 39-41).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ზ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ზ. დ-ის გამოუცხადებლობის გამო (იხ. ს.ფ. 81-83).
ზ. დ-მა საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის, რომლითაც მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება (იხ. ს.ფ. 90).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 25 თებერვლის საოქმო განჩინებით სსიპ საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით სახელმწიფო და საქვეუწყებო დაწესებულება ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციით, ამავე განჩინებით ზ. დ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება (იხ. ს.ფ. 98-103)
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია 2011 წლის 25 თებერვლის საოქმო განჩინებითვე არ დაეთანხმა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლის საფუძველზე წამოიწყო დავა განსჯადობის თაობაზე და საქმე განსჯადობის გადასაწყვეტად გადმოუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
საქართველოს ადმინისტრაცული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება საქმეები იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე ზ. დ-ის მოთხოვნას წარმოადგენდა 2000 და 2003 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. იმ პერიოდში როდესაც მოსარჩელე მუშაობდა მოპასუხე დაწესებულებაში, სამართლებრივი ურთიერთობები მხარეებს შორის წესრიგდებოდა ადმინისტრაციული კანონმდელობის საფუძველზე. ზ. დ-ი იმყოფებოდა რა შრომით ურთიერთობაში ადმინისტრაციულ ორგანოსთან – აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებასთან იგი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა საჯარო მოხელეს.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სამოქალაქო კოლეგიის განმარტებით, ვინაიდან, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას მასზე უნდა გავრცელდეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები საქმე განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას (იხ. ს.ფ. 30-31).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ ზ. დ-ის სასარჩელო განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს, შესაბამისად, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს განსჯადობის მიხედვით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის განსჯად ადმინისტრაციულ დავად. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დასკვნას და მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, რითაც დაირღვა სსსკ-ის 393-ე მუხლის მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე კოდექსის 2.3 მუხლის შესაბამისად, ამ მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
ამდენად, მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1, 2.2 მუხლებში დაკონკრეტებული დავები, აგრეთვე სხვა დავები, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე, სამართლებრივი ურთიერთობიდან არის წარმოშობილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვისათვის აუცილებელ ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც მითითებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1, 2.2 და 2.3 მუხლებში, ამასთან აღნიშნული დავები წარმოშობილი უნდა იყოს იმ სამართალურთიერთობებიდან, რომლებიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას და საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ. დ-ი, იმ პერიოდში, როდესაც მის მიმართ წარმოიშვა სახელფასო დავალიანება და რა პერიოდის დავალიანების ანაზღაურებასაც ითხოვს მოსარჩელე ანუ 1998-2003 წლებში, შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან - საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციასთან, რომელიც იმყოფებოდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დაქვემდებარებაში, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი შრომის წიგნაკით (იხ. ს.ფ. 13).
საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნტის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო და ან ადგლობრივი თვითმმართველოს ან მმართველობის ორგანო, ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას.
საკასაციო სასამართლო “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 1.1 მუხლის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო სამსახურის ცნებას, განმარტავს, რომ საჯარო სამსახური (შემდგომ სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლი ადგენს საჯარო მოსამსახურის ცნებას, რომლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით და დაკავებული თანამდებობის შესაბამისად ანაზღაურებად საქმიანობას ეწევა სახელმწიფო ან ადგილობრივ თვითმმართველობის დაწესებულებაში.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ზ. დ-ი 1998-2003 წლებში მუშაობდა რა საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციაში იგი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან და იგი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა საჯარო მოხელეს, რის გამოც საკასაციო სასამართლოს განმარტებით, შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებისას მასზე უნდა გავრცელდეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოქმედება.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული დავა სწორედ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავაა, რამდენადაც ერთ-ერთ განმსაზღვრელ ელემენტს დავის ადმინისტრაციულად მიჩნევისათვის სწორედ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობა წარმოადგენს. შესაბამისად, განსახილველი დავა წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ ადმინისტრაციულ დავას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სამართალურთიერთობას გააჩნია საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობის დამახასიათებელი ყველა ელემენტი _ დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო ის გარემოება, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 14 იანვრის ¹9 დადგენლებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 დეკემბრის ¹227 დადგენილება და დღეის მდგომარეობით მოპასუხეს წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია, დავას ვერ აკუთვნებს სამოქალაქო სამართალწარმობის წესით განსახილველ კატეგორიას, ვინაიდან, კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს 1998-2003 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურება რა დროსაც მოსარჩელე მუშაობდა ადმინისტრაციულ ორგანოში - საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციაში და იგი წარმოადგენდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო სადავო სამართალურთიერთობა მოწესრიგებას ექვემდებარება ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლით განსაზღვრული პირობები დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების პროცედურით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან, რომელთა გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს _ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. ადმინისტრაციული კანონმდებლობის აღნიშნული პრინციპი კი ასახვას პოულობს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (მუხლი 26), კერძოდ, დავის განხილვის და გადაწყვეტის აუცილებლობაში უფლებამოსილი სასამართლოს მიერ.
ამდენად, არასწორია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დასკვნა მოცემული დავის სამოქალაქო კატეგორიად მიჩნევის შესახებ, შესაბამისად, ზ. დ-ის სასარჩელო განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს, რის გამოც საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს განსჯადობის მიხედვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 390-ე, 399-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. დ-ის სასარჩელო განცხადება განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;
3. წინამდებარე განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.