Facebook Twitter

ბს-619-598(გ-10) 1 ივნისი, 2010 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და მცხეთის რაიონულ სასამართლოს შორის დავა განსჯადობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2009 წლის 15 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს “...” დირექტორმა კ. ქ-იამ, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 18 მაისის ¹91205 და 2009 წლის 19 ივნისის ¹121220 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა /იხ.ს.ფ. 1-12, ტ. I/.

იმავე წლის 18 აგვისტოს მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და პირვანდელ მოთხოვნასთან ერთად მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 18 მარტის ¹882009055205-04 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და იქვე მოპასუხედ მიუთითა მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურზე /იხ.ს.ფ. 71-75, ტ. I/.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 აგვისტოს განჩინებით შპს “...” სარჩელი მოპასუხეების _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ განსახილველად გადაიგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოში /94-95, ტ. I/.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 სექტემბრის განჩინებით შპს “...” სარჩელი მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში და დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით შპს “...” სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ 2009 წლის 19 ივნისის ¹121220 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში ცნობილ იქნა დასაშვებად. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 18 მაისის ¹91205 და მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 18 მარტის ¹882009055205-04 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ნაწილში ცნობილ იქნა დაუშვებლად. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 მარტის სასამართლო სხდომაზე მიღებული საოქმო განჩინებით, ადმინისტრაციული საქმე (¹3/6-10), მოსარჩელე შპს “...” სასარჩელო განცხადება მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 19 ივნისის ¹121220 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაგზავნილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა სსსკ-ის მე-15 მუხლი და განმარტა, რომ რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით “...” სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 18 მაისის ¹91205 და მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 18 მარტის ¹882009055205-04 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ნაწილში ცნობილ იქნა დაუშვებლად. შესაბამისად, დავის საგანს წარმოადგგენდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მისამართია: თბილისი, წმინდა ნიკოლოზის /ჩხეიძის ქ. ¹2 /იხ.ს.ფ. 102-103, ტ. II/.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა რაიონული სასამართლოს მსჯელობას დავის განსჯადობის თაობაზე, წამოიწყო დავა განსჯადობის თაობაზე და საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლოს დასკვნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 თავი ეხება სარჩელის განსჯადობას მიკუთვნებულ საკითხებს. აღნიშნული კოდექსის მე-15 მუხლი განსაზღვრავს ტერიტორიული განსჯადობის საერთო წესს, რომლითაც ხდება ნებისმიერი სარჩელის (განცხადების) აღძვრა სასამართლოში, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. გამონაკლისებს ამ საერთო წესიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16-24 მუხლები წარმოადგენს, რომლებიც განსჯადობის საკითხებს აწესრიგებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამავე კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად, სარჩელის საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე, ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩეოლი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით.

საქალაქო სასამართლოს დასკვნით, განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება ¹882009055205-04 (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 19 მაისის ¹91205 (შპს “...” ადმინისტრაციული საჩივრის ¹40979, რომელიც ეხებოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 18 მარტის ¹882009055205-04 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 19 ივნისის ¹121220 გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობა. მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებით შპს “...” სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 18 მაისის ¹91205 და მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 18 მარტის ¹882009055205-04 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ნაწილში ცნობილ იქნა დაუშვებლად, ხოლო მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 19 ივნისის ¹121220 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

საქალაქო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება ¹121220 ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტილებაზე უარის თქმის თაობაზე უნდა განეხილა და გადაეწყვიტა მცხეთის რაიონულ სასამართლოს, მისი კანონიერება უნდა შეფასებულიყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 18 მაისის ¹91205 და მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 18 მარტის ¹882009055205-04 გადაწყვეტილებების კანონიერებასთან ერთად, ვინაიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აღნიშნულ სამართალურთიერთობაში, რაიმე ახალი სამართლებრივი რეჟიმი არ დაუდგენია, მხოლოდ ძალაში დატოვა მის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურის წერილი. შესაბამისად, მოცემული გადაწყვეტილების კანონიერება უნდა შეფასებულიყო ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებების კანონიერებასთან ერთად /იხ.ს.ფ. 118-121, ტ. II/.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოსა და მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსაზრებების გაცნობის შედეგად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ შპს “...” სარჩელი მცხეთის რაიონული სასამართლოს განსჯად დავას წარმოადგენს და შესაბამისად, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს განსჯადობის მიხედვით, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, სასამართლომ ისე მიიჩნია დავა თბილისის საქალაქო სასამართლოს, როგორც ტერიტორიულად განსჯადი სასამართლოს განსახილველად, რომ არ გაუთვალისწინებია საპროცესო კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილი წესები, რის გამოც დარღვეულია სსსკ-ის 394 “ე” მუხლის მოთხოვნები.

კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით შპს “...” სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ 2009 წლის 19 ივნისის ¹121220 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში ცნობილ იქნა დასაშვებად, ამასთან, სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 18 მაისის ¹91205 და მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 18 მარტის ¹882009055205-04 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ნაწილში ცნობილ იქნა დაუშვებლად და ამდენად, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 მარტის სასამართლო სხდომაზე მიღებული საოქმო განჩინებით, ადმინისტრაციული საქმე (¹3/6-10), მოსარჩელე შპს “...” სასარჩელო განცხადება მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 19 ივნისის ¹121220 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს /იხ.ს.ფ/.

საკასაციო სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას და იზიარებს საპროცესო ნორმების მართებულად გამოყენება-განმარტების საფუძველზე ჩამოყალიბებულ პროცესუალურ-სამართლებრივ დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 15-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს _ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. ადმინისტრაციული კანონმდებლობის აღნიშნული პრინციპი კი ასახულია ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში /მუხლი 26/, კერძოდ, უფლებამოსილი სასამართლოს მიერ დავის განხილვისა და გადაწყვეტის აუცილებლობაში.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.1. მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სარჩელის განსაჯად სასამართლოში წარდგენის ვალდებულებას, იმპერატიული შინაარსის ნორმაა, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან და მათი გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები.

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ იმ მომენტიდან, როცა სასამართლო არაგანსჯადი ხდება, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს საქმე გადაუგზავნოს განსაჯად სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394 “ა” მუხლის თანახმად. ადმინისტრაციული სასამართლო, განსხვავებით სამოქალაქო სასამართლოსაგან, საქმის განსჯადობას ამოწმებს მოპასუხის მოთხოვნის გარეშეც, თავისი ინიციატივით, რამდენადაც, როგორც აღინიშნა, სასამართლო ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულია, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად, შეამოწმოს, განიხილა თუ არა საქმე უფლებამოსილმა სასამართლომ.

მოცემულ შემთხვევაში მცხეთის რაიონულმა სასამარლომ დავა მიიჩნია თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიულ განსჯად დავად, თუმცა შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, რომ დღევანდელი მდგომარეობით, მართალია, დავის საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 19 ივნისის ¹121220 გადაწყვეტილების _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუმცა დავის საგანი _ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მიღებულია მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ დააკმაყოფილა ადმინისტრაციული საჩივარი ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების თაობაზე. შესაბამისად, დავის საგნის შეფასება უნდა მოხდეს სწორედ ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს _ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებასთან ერთად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დღევანდელი მდგომარეობით მოპასუხედ დასახელებული ადმინისტრაციული ორგანოს იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, თუმცა დავის საგანი მოიცავს არა მხოლოდ მისი გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შეფასებას, არამედ განსჯადი სასამართლოს მიერ ერთობლივად უნდა შეფასდეს, როგორც მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების (საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე) ფორმალური და მატერიალური კანონიერება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 24 აგვისტოს განჩინებით შპს “...” სარჩელი მოპასუხეების _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეეტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (მათ შორის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 19 ივნისის ¹121220 გადაწყვეტილების) ბათილად ცნობის თაობაზე, განსახილველად გადაეგზავნა განსჯად სასამართლოს _ მცხეთის რაიონულ სასამართლოს, თუმცა მცხეთის რაიონულ სასამართლოს არ უსარგებლია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2. მუხლის თაობაზე და არ წამოიწყო დავა განსჯადობის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სწორად იქნა შეფასებული საქმის მასალები, სასამართლომ მართებული შეფასება მისცა იმ გარემოებას, თუ რა სამართალურთიერთობა იყო სახეზე. ამდენად, შპს “...” სარჩელი განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს მცხეთის რაიონულ სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს “...” სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს მცხეთის რაიონულ სასამართლოს; საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს; წინამდებარე განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.